საქართველოს თასი. 1/4-ფინალი: მეორე ნახევარფინალისტი "დინამოა"

AutoSharing Option
"დინამო" საქართველოს თასის მეორე ნახევარფინალისტია. გასულ კვირას "რუსთავმა" "კაკტუსის" ძლევით გადალახა მეოთხედფინალი, ამჯერად იგივე დინამოელებმა გაიმეორეს.

ირაკლი ხოშტარიას შეგირდებს ცუდ დროს მოუწიათ "მგზავრებთან" შეხვედრა - ბუბა ბერიშვილის გუნდი თებერვალს კარგად მომზადებული შეხვდა, სუპერლიგაში ჯერ "ბათუმთან" იმარჯვა დიდი სხვაობით, შემდეგ "კაკტუსს" სძლია.

"მგზავრებმა" "დინამოსთან" მატჩიც კარგად დაიწყეს, პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, თუმცა მესამე პერიოდიდან დინამოელებმა გვიჩვენეს, რატომაც არიან სუპერლიგაში დაუმარცხებლები: სხვებზე სტაბილურად თამაშობენ, დაცვაში მტკიცედ დგანან, შეტევაში ბურთს მშვენივრად ატრიალებენ და... მეოთხე პერიოდის წინ 6 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო რაუნდში კი მოპოვებული
უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

"დინამოს" სასტარტოებს კარგად დაეხმარნენ სათადარიგოები, რომლებმაც 35 ქულა ჩააგდეს ("მგზავრების" სათადარიგოებმა - 14). ასეთი დიდი განსხვავება არც ერთ სხვა კომპონენტში არ დაფიქსირებულა, გარდა ფარქვეშიდან ჩაგდებული ქულებისა - "დინამო" 38, "მგზავრები" 20. არადა, მოხსნების საერთო რაოდენობა ასეთ სხვაობას სულაც არ მოასწავებდა - 38:32.

გამარჯვებულთა რიგებში თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მატჩი ჩაატარა ნიკოლა მარავიჩმა - 16 ქულა და 9 მოხსნა. ამდენივე ქულა ჰქონდა ამერიკიდან დაბრუნებულ "მგზავრ" ოთარ ფხაკაძეს. თუმცა მატჩის ბომბარდირობა არავის დაუთმო დინამოელმა სნაიპერმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც 2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 14-დან 11 საჯარიმო ჩააგდო.

"დინამო" ნახევარფინალში "ბათუმსა" და "სოხუმს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, "რუსთავი" კი "ქუთაისი"-"ოლიმპის" წყვილში მოგებულს ელის.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი
15 თებერვალი, თბილისი
დინამო-მგზავრები 78:69
18:18, 20:22, 23:15, 17:14
დინამო: ვონი (13ქ, 4პ), გრძელიძე (3ქ), ღურწკაია, მაჩალაძე, ფაცაცია (9ქ, 6მ), ჭოჭუა (5ქ), მარავიჩი (16ქ, 9მ, 3ჩ, 3დ), რევაზაშვილი (4), ბერიშვილი (19ქ, 6მ, 6პ), გოგოძე (9ქ).
მგზავრები: ფხაკაძე (16ქ, 5მ, 3ჩ), ცირეკიძე (2ქ), ლომინაშვილი (5ქ), ალენი (17ქ, 3ჩ), ტურძელაძე (8ქ), ტეილორი (7ქ, 3ჩ), რენსომი (9ქ, 8მ, 3პ), მერფი (5ქ, 6მ).

მომდევნო ორი მეოთხედფინალი
23 თებერვალი
18:30 ქუთაისი-ოლიმპი

24 თებერვალი
17:00 ბათუმი-სოხუმი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული