"ბასკონიას" კემპი: 55-ით გაიხსნა

AutoSharing Option
25 მაისს, ვერის ბაღში მიმდინარე "ბასკონიას" კემპზე ღია კარის დღე იყო. ესპანელი სპეციალისტებისა და ქართველი მწვრთნელებისა და კალათბურთელების ერთობლივი მუშაობა ჟურნალისტებმაც ვიხილეთ და საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც.

კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ:

"საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კორპორაცია "სასკი ბასკონიას" შარშან დაწყებული თანამშრომლობა გრძელდება. ეს კორპორაცია რამდენიმე კლუბის მფლობელია, რომელთა შორისაც წლევანდელი ევროლიგის ოთხთა ფინალის წევრი "ლაბორალ კუჩაა".

სწორედ ამ კლუბის საწვრთნელი კემპი იმართება თბილისში. შარშანდელის მსგავსად, კემპის ჩასატარებლად თბილისში ესპანელი მწვრთნელები ჩამოვიდნენ და ვერის ბაღში
55 პერსპექტიულ მოზარდს ვარჯიშებს უტარებენ.

კემპისთვის 2001-05 წლებში დაბადებული კალათბურთელები შეირჩნენ. სელექცია ასაკობრივი ნაკრებების უცხოელმა კოორდინატორებმა - მილოშ გლიგორიევიჩმა და ტიჰომირ ბუჯანმა აწარმოეს. ეს სპეციალისტები გასულ ციკლში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდნენ და ფედერაციამ მათ საქართველოში ჩამოსვლა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ტალანტების მოძიება, მათი კოორდინაცია და სამწვრთნელო პროცესების მონიტორინგი შესთავაზა.

შერჩეული ქართველი მოზარდები ხუთდღიან კემპში მიიღებენ მონაწილეობას და ესპანელი მწვრთნელები მათგან 16 საუკეთესოს შეარჩევენ, რომლებსაც ესპანეთში, ქალაქ ვიტორიაში ივლისის თვეში დაგეგმილ "ლაბორალ კუჩას" კემპზე წაიყვანენ. სწორედ ამის შემდეგ შეირჩევა ის კონტინგენტი, რომელიც ესპანეთში გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ "ლაბორალ კუჩაში" ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია. ვიტორიელთა ახალგაზრდულ გუნდშია ლუკა ბულაშვილი, ხოლო სხვა კლუბებში ლაბორალელებმა ნიკა დარბაიძე და გიორგი ტურძილაძე გაანათხოვრეს".

კემპის დასრულების შემდეგ ორგანიზატორთა და მონაწილეთა კომენტარები მოვისმინეთ.

გიორგი ქართველიშვილი (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი):

- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე წელია მიმდინარეობს სასწავლო კემპი, რომელშიც 55 ბავშვი მონაწილეობს. შეიძლება კიდევ დაემატოს, რადგან როტაცია მიმდინარეობს. ჩვენმა პარტნიორმა ბასკებმა უკვე შეისწავლეს ქართული კალათბურთის მომავალი, ნერგავენ იმ მეთოდებს, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ ბავშვთა კალათბურთი. ეს ყველაფერი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში ამ ბავშვებმა ღირსეულად შეავსონ ნაკრები. ეს გახლავთ მასშტაბური და პროგრესული, და რაც მთავარია, საამაყო პროექტი.

ხესუს ვასკესი, ("სასკი ბასკონიას" გენერალური დირექტორი):

- საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას წარმატებულად ვაგრძელებთ. ეს სოლიდური და სასარგებლო პროექტია ორივე მხარისთვის, განსაკუთრებით კი, ქართული კალათბურთის მომავლისთვის. ამ ბავშვებში ვხედავ ანთებულ თვალებს, ყველა ძალიან მოწადინებული და მოტივირებულია. ჩვენი მწვრთნელები ეხმარებიან საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში. გარდა ამ კემპისა, ჩვენი და კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლობა სხვა სფეროებსაც მოიცავს, რაც ვარჯიშების დაგეგმარებასა და თანამედროვე საკალათბურთო მეთოდების დანერგვაში გამოიხატება.

ალექსანდრე ჯაფარიძე (კემპის მონაწილე მწვრთნელი):

- ბრწყინვალე იდეაა, რომლის განხორციელებაც შარშან დაიწყო. კემპის მონაწილე 55 ბავშვი ასაკობრივი ნაკრებების კურატორებმა შეარჩიეს. ეს არ იყო სანაკრებო სელექცია. წლეულსაც 16 ბავშვი გაემგზავრება ესპანეთში, "ბასკონიას" კემპზე. იქ თავის გამოჩენის შემთხვევაში ექნებათ საშუალება, განაგრძონ სწავლა და ვარჯიში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. ყველას წარმატებას ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული