საქართველოს მთავრობამ ზაზა ფაჩულიას დიდუბის მანეჟი გადასცა!

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას ათი წლის წინათაც ჰქონდა განზრახული საკუთარი სახელობის საკალათბურთო აკადემიის შექმნა, მაგრამ უამრავი ობიექტური, უფრო სუბიექტური მიზეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.

18 აგვისტოს კი მეტად საინტერესო ამბავი გავიგეთ: სპორტის სამინისტროს პრესცენტრიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, დიდუბის მანეჟი ზაზა ფაჩულიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ვითარებაში უნდა გადასცესო.

ადგილზე მისულებმა კი შევიტყვეთ, რომ საკალათბურთო კომპლექსი ზაზას 50 წლით, უსასყიდლოდ გადაეცა...

დიდუბეში საკალათბურთო საზოგადოებამ მოიყარა თავი, შეიკრიბნენ ეროვნული
და 15-წლამდელთა ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პოლიტიკური თუ სპორტული მიმომხილველები...

პრემიერ-მინისტრმა ჯერ ზაზას ჩამოართვა ხელი და ახალ საქმეში წარმატებები უსურვა, შემდეგ კი საქართველოს ნაკრების კაპიტნისგან კალათბურთელთა ხელმოწერებით დამშვენებული ევრობასკეტი 2015-ის ოფიციალური ბურთი მიიღო.

სამახსოვრო ფოტოს გადაღების შემდეგ პრემიერმა მედიისთვისაც მოიცალა:

"ჩვენი სურვილია, დიდუბის მანეჟში მოეწყოს NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემია. ჩვენს სახელოვან კალათბურთელს, ჩვენთვის საამაყო ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში ჰქონდა სურვილი, გაეკეთებინა კალათბურთის აკადემია, რაც აქამდე ვერ მოხერხდა.

მიხარია, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ეს შევძელით. ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა, რადგან ნაკრების სახელოვანი კალათბურთელების უმეტესობა და პირადად ზაზა ფაჩულია წლების განმავლობაში აქ თამაშობდნენ.

ამ დარბაზს ჩვენს კალათბურთელებს სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზაზა ფაჩულიას შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ცოდნით, უნარით, გამოცდილებით, გაზარდოს არაერთი სახელოვანი კალათბურთელი, რომლებითაც მომავალში ვიამაყებთ".

ბოლო წინადადების დასრულება და რამდენიმე ჟურნალისტის ერთობლივი შეკითხვა ერთი იყო - სამთავრობო ცვლილებებზე რას იტყვითო...

სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, რა ცვლილებებზე ეკითხებოდნენ, ერთი კი ვიცი - ქვეყნისთვის 18 აგვისტოს დიდუბის მანეჟის ფაჩულიასთვის გადაცემა იყო მთავარი საქმე.

50 წლის განმავლობაში, ვინ მოთვლის, რამდენჯერ შეიცვლება ქვეყანაში მთავრობა, ზოგი კარგს გააკეთებს, ზოგი - არა, ზაზა ფაჩულიას აკადემია კი ქართველი ბავშვების ჯანმრთელად აღზრდას მოემსახურება. ამაზე კარგი რა უნდა გაკეთდეს?

"ზაზა ფაჩულიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ქვეყნის სასიკეთოდ დიდი პასუხისმგებლობა აიღო და დარწმუნებულები ვართ, უმაღლესი დონის აკადემიას ჩამოაყალიბებს. იმედია, მისი ეს ნაბიჯი მაგალითად იქცევა სხვა სახელოვანი სპორტსმენებისთვის. ჩვენ კი ვეცდებით, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ კონკრეტულად როდის ამოქმედდება აკადემია, რა გეგმებს ისახავს ფაჩულია? ამ შეკითხვებით, ცხადია, ზაზას მივმართეთ.

"დიდი ხანია, მაქვს სურვილი საკუთარი აკადემიის ჩამოყალიბებისა, მაგრამ აქამდე ეს ვერ მოხერხდა.

ახლა კი ყველაფერი ძალიან სწრაფად გადაწყდა და რადგან სანაკრებო მატჩებით ვარ დაკავებული, აქამდე არ მქონდა დრო კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბებისა. სექტემბრის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატი გველის და მთლიანად ამ ღონისძიებაზე ვარ კონცენტრირებული, მინდა, გუნდთან ერთად საქართველოს სახელი ღირსეულად დავიცვა.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ კი გეგმას სრულად ჩამოვაყალიბებ და დეტალურადაც გაგაცნობთ. დღეს შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ აკადემიას ზაზა ფაჩულიას სახელი დაერქმევა და იგი უმაღლესი დონისა იქნება", - გვითხრა ზაზა ფაჩულიამ.

ჩვენი გაზეთის მკითხველს უთუოდ ემახსოვრება, რომ 2013 წლის ბოლოს ზაზა ფაჩულიამ "მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, ძველი პარკეტი მისთვის მიეყიდათ. მაშინ ზაზამ გვითხრა - ძალიან მინდა, ქართველი ბავშვები იმ მოედანზე თამაშობდნენ, რომელზეც სხვადასხვა დროს ლებრონ ჯეიმსსა და კობი ბრაიანტს ოფლი დაუღვრიათო.

18 აგვისტოს ფაჩულიამ სასიხარულო ამბავი გვამცნო:

"მილუოკის" პარკეტი უკვე გზაშია. იგი გემით გამოიგზავნა და საქართველოში მალე ჩამოვა. ოღონდ ჯერ არც ის მაქვს გადაწყვეტილი, სად დაეგება NBA-ს იატაკი".

დავუბრუნდეთ დიდუბის მანეჟს. სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზი გვამცნობს, რომ მანეჟი აქამდე თბილისის მერიის ბალანსზე იყო. სპორტული ბაზა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო.

ბაზაზე ფუნქციონირებს კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრენაჟორები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოში კალათბურთის განვითარებისა და ზოგადად, სპორტში ახალგაზრდობის მეტი ჩართულობისთვის.

დიდუბის საკალათბურთო სპორტული ბაზა - მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური რეზერვის 58-ე საშუალო სკოლა ლევან ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით 1982 წელს დაარსდა და ისტორიულად "კალათბურთის სამჭედლოდ" იქცა.

სკოლაში აღიზარდნენ ცნობილი კალათბურთელები - ვახტანგ ნაცვლიშვილი, მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე.

2007 წელს კალათბურთის ოლიმპიური რეზერვის 58-ე სკოლას საშუალო სკოლა გამოეყო და მხოლოდ სპორტული პროფილი შეინარჩუნა.

2014 წლიდან დიდუბის კომპლექსი მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრად გადაკეთდა და იქ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები ვარჯიშობდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მთავრობებს რას დაეძებ საქმე გაკეთდეს, ზვიადი მოასწარი მიდი ფაჩულიასთან, ნამდვილად გაჭმევს უფასოდ სანამ თამაშს მორჩება და მერეც.
ბმბ- ს ზვიადის და მისნაირებს
09:22 20-08-2015
0
შური და ბოღმა აქ არაფერ შუაშია,თავისი ფულით რომ აეშენებია,სხვა საქმეა,თორემ მოვა სხვა მთავრობა და აწყობილ საქმეს აახევს იმ მოტივით,რომ ეს მთავრობა არასწორად მოიქცა,როცა დარბაზი გადმოგცესო,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს საქართველოში არ ცხოვრობდეთ და არაფერი არ გსმენიათ,უბრალოდ მოხდება ისე,როგორც,10,20,50 წლის უკან ხდებოდა
zviadi
09:08 20-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული