თბილისში კალათბურთში ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ჩამოვა

AutoSharing Option
კალათბურთში ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი თბილისში ჩამოვა. ეს 18 ივლისს მოხდება, ფიბა-ევროპის მიერ წამოწყებულ სააგიტაციო აქციის ფარგლებში.

ნიკოლაი სემაშკოს სახელობის ევროპის საჩემპიონო თასმა მოგზაურობა 19 მაისს, ლატვიის დედაქალაქ რიგიდან დაიწყო და სანამ 30 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კიოლნში მოგზაურობას დაასრულებდეს, სხვადასხვა ქვეყნის 24 ქალაქს მოივლის.

მთლიანობაში - რიგისა და კიოლნის ჩათვლით, ევროსაჩემპიონო თასი 26 ქალაქში "შეივლის". თბილისი მისი მე-10 გაჩერება იქნება.

სემაშკოს თასი რიგის შემდეგ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში იმყოფებოდა და მისი მორიგი გაჩერება ისლანდიური რეიკიავიკი იქნება, სადაც 3-4 ივნისს დარჩება და
გეზს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებისკენ აიღებს.

ევროპის საჩემპიონო თასი გარდამავალია და ეს ამ ტიტულის მეორე ორიგინალური ვერსიაა. წინა თასი, რომელიც ევროპის ჩემპიონატების დასაბამიდან თამაშდებოდა, ბოლოს 1993 წელს გერმანიის ნაკრებმა აღმართა. იქვე გადაწყდა, რომ დამზადდებოდა ახალი, უფრო ძვირფასი თასი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონებს გადაეცემოდათ.

თასი გერმანელმა ოქრომჭედელმა გიუნტერ შიობელმა დაამზადა, 23 სმ სიმაღლისაა და 18 კილოგრამს იწონის. ის შეიცავს მრავალ ძვირფას ლითონსა თუ ქვას. თასი მოოქროვილია, გარშემო 24 ძვირფასი თვალი აკრავს: აქატის, ამეთვისტოს, ყვითელი კვარციტის, გრანიტის, მალაქიტის...

რაც შეეხება ნიკოლაი სემაშკოს, ის ფიბა-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ევროპელი დიდმოხელე იყო, რომელიც ამ ორგანიზაციის დიდების დარბაზშია შესული. სემაშკო გახლდათ საბჭოთა კავშირის სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი და იმავდროულად, ფიბა-ს ვიცე-პრეზიდენტი 1960-76 წლებში. იგი გახლდათ საერთაშორისო კლასის არბიტრი 1947-2007 წლებში და არის ავტორი რამდენიმე წიგნისა, რომელიც ეხება ფიზმომზადებასა და ვარჯიშების დაგეგმვას კალათბურთში.

თასი, რომელიც ევროპას შემოივლის და საქართველოში 18 ივლისს ჩამოვა, სხვადასხვა დროს აღმართული აქვთ ევროპული კალათბურთის ტიტანებს - ვლადე დივაცს, გრეგორ ფუჩკას, ალექსანდრ ჯორჯევიჩს, დეიან ბოდიროგას, შარუნას იასიკევიჩუსს, ანდრეი კირილენკოს, თეოდორას პაპალუკასს, ხუან კარლოს ნავაროს და ბორის დიოს - ესენი გახლდნენ 1995 წლიდან მოყოლებული ევროპის ჩემპიონების კაპიტნები.

თასის გზა
19 მაისი - რიგა (ლატვია)
20 მაისი - ტალინი (ესტონეთი)
3-4 ივნისი - რეიკიავიკი (ისლანდია)
7-9 ივნისი - ზაგრები (ხორვატია)
13-14 ივნისი - პარიზი (საფრანგეთი)
20 ივნისი - ბურგოსი (ესპანეთი)
23 ივნისი - კრეტა (საბერძნეთი)
26 ივნისი - ბრიუსელი (ბელგია)
4-5 ივლისი - სტამბოლი (თურქეთი)
18 ივლისი - თბილისი (საქართველო)
25 ივლისი - ბერლინი (გერმანია)
1-ლი აგვისტო - ტამპერე (ფინეთი)
4 აგვისტო - ლუბლიანა (სლოვენია)
5 აგვისტო - ვარშავა (პოლონეთი)
8 აგვისტო - ოჰრიდი (მაკედონია)
9 აგვისტო - ანტვერპენი (ბელგია)
11 აგვისტო - ბრნო (ჩეხეთი)
15 აგვისტო - კაუნასი (ლიტვა)
16 აგვისტო - ლეიდენი (ჰოლანდია)
18 აგვისტო - სარაევო (ბოსნია)
22-23 აგვისტო - ისრაელი
25-26 აგვისტო - მილანი (იტალია)
28 აგვისტო - სტრასბური (საფრანგეთი)
27 და 29 აგვისტო - ტრიესტე (იტალია)
30 აგვისტო - კიოლნი (გერმანია)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული