კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ გაბრიჩიძის სამოქმედო გეგმა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

მანამდე ერთი თვეა დარჩენილი და უკვე დროა, პრეზიდენტობის ოთხმა კანდიდატმა საზოგადოებას სამოქმედო პროგრამა გააცნოს.

ამ საქმეში პირველი ნაბიჯი მიხეილ გაბრიჩიძემ გადადგა, რომელმაც პროგრამის შემოკლებული ვარიანტი 12 ნოემბერს გაგვაცნო. იგი გასულ კვირას "ლელოს" სტუმარი იყო და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ჩვენთანაც ისაუბრა.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზე მიხეილ გაბრიჩიძის შესავალი სიტყვა ასეთი იყო:

- ქართული კალათბურთი აღმასვლის ნელ, მაგრამ მკაფიოდ გამოხატულ ეტაპზეა. უდავოდ თვალშისაცემია საქართველოს სხვადასხვა ნაკრების, განსაკუთრებით, ეროვნული ნაკრების სტაბილური წარმატებები ევროპულ
სარბიელზე, რაც გამოიხატება ჯგუფურ ეტაპებზე ნაჩვენები კარგი და ფინალურ ეტაპზე ნაჩვენები დამაკმაყოფილებელი შედეგებით.

2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსის არსებობის პერიოდში მიაღწია მაქსიმალურ შედეგს და გავიდა ფინალური ტურნირის შემდგომ ეტაპზე.

ორი ქართველი კალათბურთელი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში (NBA), ხოლო რამდენიმე ევროპის წამყვან კლუბებში ასპარეზობს. კალათბურთი, რაგბთან ერთად, უდავოდ არის წარმატებული სათამაშო სპორტის სახეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმდინარე ეტაპზე.

სახეზეა საკალათბურთო ბუმი და შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან მისდამი ინტერესისა და მოთხოვნების ზრდა.

ნათლად ჩანს, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის არსებულმა ხელმძღვანელობამ შეძლო დაღმავალი პერიოდის შეჩერება და ვითარების სასიკეთოდ შემოტრიალება.

დგება დრო, როდესაც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას უნდა გადავუხადოთ მადლობა ჩატარებული დიდი სამუშაოსთვის და ავუხსნათ საკალათბურთო საზოგადოებას შემდეგი: იმისათვის, რომ ქართული კალათბურთი, ჩვენი უსაყვარლესი სპორტი, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, განვითარების ახალ, კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა მმართველობაში ახალი გუნდის მოსვლა თავისი ახალი ხედვით და განვითარების თანამედროვე კონცეფციით, კალათბურთის და თანამედროვე ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილებით, სამოქმედო გეგმით, რომელიც შეძლებს მოკლევადიან პერსპექტივაში მიღწეულის შენარჩუნებას და დახვეწას, ხოლო შორეული პერსპექტივისთვის მყარი სისტემის საფუძვლის ჩაყრას ქართული კლუბების ევროპულ ასპარეზზე, ნაკრებების ევროპულ, მსოფლიო და ოლიმპიურ ტურნირებში წარმატებით მონაწილეობისათვის.

ჩვენი გუნდის მიზანია, დაინერგოს სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, 10-15-წლიან პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კალათბურთი აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ დარგად თავისი საკუთარი ინფრასტრუქტურით, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო დოტაციაზე თუ მეცენატების აქტივობაზე.

ყველა ბიზნესმენი იყოს ამაყი, გაუწიოს სპონსორობა ამა თუ იმ საკალათბურთო სკოლას, კლუბს თუ ნაკრებს; დააბანდოს ფულადი სახსრები კალათბურთში, როგორც ეს ხდება ბიზნესის შემთხვევაში. ეს ასე ხდება ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებში.

ფიბა, სხვა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მსგავსად, ისწრაფვის სახეობის კომერციალიზაციისკენ. ყველასთვის ნათელია, რომ თანამედროვე საკალათბურთო მოთხოვნებს დიდძალი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება.

აუცილებელი პირობაა ფიბასთან და ფიბა-ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია, მისი ყველა რეკომენდაციისა თუ იდეის გულმოდგინე ანალიზი და დანერგვისთვის სწრაფვა-მზადყოფნა. აუცილებელია ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება ნებისმიერ დონეზე, ყველა კონგრესში, სემინარში, ვორკშოპში აქტიური მონაწილეობა.

* * *
პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე, ვეტერანებზე, ქალთა და ბავშვთა კალათბურთის განვითარებაზე, პოპულარიზაციასა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. მანვე უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს, რის შემდეგაც დარბაზში გაიმართა შეჯიბრება ვეტერანთა და ჟურნალისტთა შორის საჯარიმოების ტყორცნაში.

ვეტერანთა შორის პირველობა არავის დაუთმო ვაჟა ჟღენტმა, ხოლო ჟურნალისტებში - "მსოფლიო სპორტის" ფოტოკორესპონდენტმა ხატია ჯიჯეიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული