თორნიკე შენგელია მოედანს, სავარაუდოდ, 27 მაისს დაუბრუნდება

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია მოედანს უბრუნდება. თბილისში მიმდინარე "ლაბორალ კუჩას" კემპზე მყოფმა ამ კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ბორხა კომენგემ განაცხადა, რომ ქართველი ფორვარდი, სავარაუდოდ, მომდევნო მატჩში ითამაშებს.

გასულ შეხვედრაში, რომელიც ვიტორიელებმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩაატარეს, შენგელია განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.

ვიტორიული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, სადაც შენგელიას გამოჯანმრთელებაზე და პლეი ოფის თამაშებში დაბრუნებაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემ მუხლის მენისკის ოპერაცია თებერვლის შუა რიცხვებში გაიკეთა, რის შემდეგაც რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და სადღეისოდ ის სათამაშოდ მზადაა.

"სათამაშოდ მზად ვიყავი, მაგრამ
მწვრთნელმა ჩემი კიდევ მცირე ხნით დასვენება გადაწყვიტა და ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილა. მის ვერდიქტს პატივს ვცემ" - განუცხადა ვიტორიული კლუბის ვებგვერდს თორნიკე შენგელიამ.

ვიტორიელები ევროსარბიელზე წარმატებულად გამოვიდნენ და ევროლიგის ოთხთა ფინალს უწიეს.

სამწუხაროდ, მათ მცირედი დააკლდათ ფინალში გასვლამდე. ესპანეთის ჩემპიონატში კი "ლაბორალი" რეგულარულში მე-4 ადგილზე გავიდა და პლეი ოფს "გრან კანარიასთან" მეოთხედფინალური სერიით იწყებს. ვიტორიელებს სოლიდური ამბიციები გააჩნიათ, რაც შენგელიას კომენტარიდანაც ჩანს:

"ცხადია, საბოლოო მიზანი ჩემპიონობაა, თუმცა ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. მთავარია, მეოთხედფინალური ეტაპი დავძლიოთ და დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ".

პლეი ოფის პირველ მატჩს ვიტორიელები 27 მაისს შინ გამართავენ, ხოლო 29-ში "გრან კანარიას" ლას პალმასში ესტუმრებიან. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში "ლაბორალი" ნახევარფინალში გავა, სადაც "ბარსელონა"-"ფუენლაბრადას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული