ზაზა ფაჩულია: მომავალში რა იქნება, არ ვიცი, ვნახოთ...

AutoSharing Option
"დალას მავერიკსის" ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით, გუნდს დაემშვიდობება.

NBA-ს 2015-16 წლების სეზონი ფაჩულიასთვის გამორჩეულად წარმატებული იყო, გუნდმა კი პლეი ოფში ითამაშა. Mavs.com-ი ქართველი ცენტრისა და "დალასის" მთავარი მწვრთნელის კომენტარებს აქვეყნებს.

ზაზას თქმით, ის სანამ არჩევანს გააკეთებს, კარგად დაფიქრდება...

"ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ წარმატებული სეზონი გამოდგა გუნდისთვის. რა თქმა უნდა, რთულია ამის თქმა, როცა რამდენიმე შეხვედრას ზედიზედ წააგებ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, როგორ დავიწყეთ და რას ელოდა გულშემატკივარი ჩვენგან, შეიძლება წარმატებულად შევაფასოთ სეზონი.

აბსოლუტურად ყველა
შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლეთ. გასახდელში კარგი მეგობრობა, ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთპატივისცემა სუფევდა - უკანასკნელ მომენტამდე ერთმანეთისთვის ვიბრძოდით!

იყო ისეთი მატჩებიც, სადაც გული დაგვწყდა წაგებაზე, მაგრამ რას ვიზამთ...

მომავალში რა იქნება, არ ვიცი, ვნახოთ. რამდენჯერმე ვიყავი თავისუფალი აგენტი - ეს ჩვეულებრივი პროცესია. გადაწყვეტილების მიღებისას კარგად უნდა დაფიქრდე, ამიტომ ვნახოთ... ერთი კი ვიცი, რომ თავდაჯერებული ვარ და ვიმედოვნებ, გამოცდილების ხარჯზე ისეთ არჩევანს გავაკეთებ, რომელიც ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის სასიკეთო იქნება.

ვინც არ უნდა მოვიდეს "დალასში", მას აქაურობა ეყვარება. ამ გუნდის მთავარი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. და თუ გსურს, გამარჯვებული იყო, შენი ადგილი აქ არის!", - განაცხადა ფაჩულიამ.

ზაზაზე ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

"მიმდინარე სეზონში ზაზა გუნდის წამყვანი მოთამაშე იყო. ვიცი, რომ ბევრია მისი თამაშით გაოცებული, მაგრამ მე მისი გაცნობის შემდეგ აღარ მიკვირს ეს ყველაფერი. ის გამოცდილია და მზად იყო, გუნდს ნებისმიერ მომენტში დახმარებოდა. მან ბევრი გააკეთა ჩვენთვის", - აღნიშნა მან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ კარლაილი და გუნდის მეპატრონე არ დაიწყებდნენ გუნდის გადაწყობას ახალ სათამაშო ვარიანტზე ზაზა იყო ბრწყინვალე ფორმაში და დალასის საკვანძო ცენტრი იყო! აი ლეი-ოფის შემდეგ მწვრთნელმა და მეპატრონემ ნებსით თუ უნებლიედ დალასსაც და ზაზასაც დუდეს ფეახი!!!
არჩილ ხოფერია
16:01 06-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული