პირველად კარიერაში - გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოა

AutoSharing Option
პირველად კარიერაში, გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველმა ცენტრმა 30-ე ტურის მატჩში "ანდორას" "ხუვენტუდთან" ულიდერა და გვარიანი პაუზის შემდეგ მოგება დააგემოვნებინა.

შერმადინმა არასრული 26 წუთი ითამაშა და შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა. 9-დან 8 ორქულიანი და 10-დან ათივე საჯარიმო ჩააგდო, 26 ქულა დააგროვა და ამას 5 მოხსნა მოაყოლა. ქართველ ცენტრს მთლიანობაში 36 მარგი ქმედების კოეფიციენტი დაუგროვდა და ამის წყალობით ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

- გიორგი შერმადინი შეუჩერებელია - 26 ქულა და მატჩის MVP! [VIDEO]

შერმადინმა აჯობა ბარსელონელ
ანტე ტომიჩს, რომელმაც "ბილბაოსთან" მოგებულ მატჩში 16 ქულა, 15 მოხსნა და მარგი ქმედების 32 კოეფიციენტი დააგროვა. 25 ერთეულით მესამე შედეგი აჩვენა ტენერიფელმა ალბერტო კორბახომ.

მარგი ქმედების კოეფიციენტის 36 ერთეული შერმადინისთვის კარიერაში სარეკორდოა. აქამდე მას ორჯერ (ორჯერვე მიმდინარე სეზონში) ჰქონდა მოგროვებული 34 - წინა ტურში "გრან კანარიასთან" და მე-14 ტურში "მონბუსთან".

ტურის საუკეთესო ქართველმა ცენტრმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე კარიერაში პირველად გავხდი და ამით ძალიან გახარებული ვარ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის - თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. აქამდე რამდენიმე ცუდი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ "ხუვენტუდთან" ყველამ კარგად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ყველა კმაყოფილია და ასე უნდა გავაგრძელოთ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი ყოველთვის სროლის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. მიხარია რომ ვითარდება. წარმატებებს ვუსურვებ მას როგორც კლუბშიმ, ასევე საქართველოს ნაკრებში. ცოტა აგრესია აკლდა და ვხედავ რომ ამასაც ასწორებს. ასე გააგრძელე!!! გილოცავ გიორგი
დათო
00:30 05-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული