სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
მთავარია, რამდენად სწრაფად წამოდგები - ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან
16:13 29-03-2016
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტთან" მატჩში სეზონის 26-ე, ხოლო NBA-ური კარიერის 106-ე დუბლი მიითვალა. მას მატჩის შემდეგ დავუკავშირდით და ვისაუბრეთ როგორც დუბლებზე, ასევე სეზონის ეფექტურ სტარტზე, "დალასში" არსებულ სადღეისო სიტუაციაზე და ახლად გახსნილ აკადემიაზე.

საინტერესოა, რომ "გოლდენ სტეიტს" იშვიათ წაგებათაგან ერთ-ერთი სწორედ დალასელებისგან აქვს ნაწვნევი. ტეხასელებთან გამარჯვება NBA-ს ჩემპიონებისთვის არც ამჯერად იყო იოლი, ბოლო წამებზე 4 ქულის სხვაობით მოიგო.

- სხვათა შორის, "გოლდენ სტეიტს" წლეულს ოთხჯერ ვეთამაშე და ოთხივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. როცა მოქმედ ჩემპიონთან და NBA-ს ლიდერთან ასე თამაშობ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველა გუნდისთვის დიდი პოზიტივია, მათ შორის, ჩვენთვის.

- სათამაშო დროც გქონდა და 26-ე დუბლი შეასრულე. სათადარიგოები მშენივრად ჩაერთნენ თამაშში...
- ისიც გასათვალისწინებელია, რომ "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ რამდენიმე ლიდერი გვაკლდა. არ უთამაშიათ დირკ ნოვიცკის, დერონ უილიამსს... ვისაც თამაში წაუვიდა, მწვრთნელი ბოლომდე ენდო და მიზნამდე მართლაც ცოტა დაგვაკლდა.

- ბოლო დროს "დალასმა" პოზიციები დათმო. აშკარაა, რომ გუნდს ერთგვარი ჩავარდნა აქვს...
- სეზონი მართლაც კარგად დავიწყეთ. დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ზედა ოთხეულში დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით, მაგრამ შემდეგ ქვემოთ დავეშვით და ახლა საპლეიოფო ზღვარზე ვართ.

ბოლო ერთ თვეში ბევრი თამაში წავაგეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სხვადასხვა მოთამაშეს როლები შეეცვალათ, ოპტიმალური ვარიანტის ძიებაში ვართ. ფაქტი ერთია, კმაყოფილი არავინაა და ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე დალაგდება.

- სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, "დალას მავერიქსს" ნამდვილად ჰყავს საპლეიოფო გუნდი...
- პლეი ოფზე ფიქრი და ლაპარაკი ჯერ ადრეა. ამ ეტაპზე პლეი ოფში მოხვედრისთვის ვიბრძვით. ამჟამინდელი სიტუაციით დასავლეთ კონფერენციის საპლეიოფო მერვე ადგილს "დალასი" და "იუტა" ეცილებიან. ერთი წაგებაც კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გვმართებს ყოველ დარჩენილ მატჩზე.

- კალათბურთელთა როლების ცვლილება ახსენე. მათ შორის შენც ხარ...
- ნამდვილად არ მეგონა, რომ სეზონი ასეთი გამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დასრულებულა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის მართლაც საუკეთესოა. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი თამაშით გუნდსაც ეხმარები. ბევრი ითვლის ორმაგ დუბლებს, ეფექტური სტატისტიკის ხილვა ყველას უხარია, მაგრამ ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ორმაგი დუბლების მოგროვების პარალელურად, გუნდი იგებდა, მე კი საკმარისად ვეხმარებოდი.

შუა სეზონში "დალასში" განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კალათბურთელთა როლებიც შეიცვალა. ამა თუ იმ მოთამაშეს ბევრი რამის გაკონტროლება შეუძლია. მაგალითად: პროფესიონალიზმის, მონდომების, დისციპლინის, სათამაშო კონდიციების... თუმცა არის დეტალები, რასაც ვერ გააკონტროლებ, თუნდაც სათამაშო წუთებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ გუნდის ნაწილია და მისი მთავარი ამოცანა გუნდური წარმატებაა. შემადგენლობას კი მწვრთნელი არჩევს.

მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ფორმა შევინარჩუნო, მაქსიმალურად მზად ვიყო ყოველი მატჩისთვის, ყოველი წუთისთვის, როცა მოედანზე მომიწევს ყოფნა.

- ისევე, როგორც "გოლდენ სტეიტთან" მატჩში...
- რა თქმა უნდა. მოთამაშემ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ამასთან, კალათბურთი პოლიტიკა და დიდი ბიზნესია. ბევრი რამ გამართლებაზეცაა დამოკიდებული. არის წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რაოდენ ქვემოთ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაეშვები, არამედ ის, რამდენად სწრაფად წამოდგები.

- განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოგიყალიბდა ლეგენდარულ დირკ ნოვიცკისთან. მასთან მანამდეც ახლოს იყავი?
- ერთმანეთის წინააღმდეგ ვინ მოთვლის, რამდენჯერ გვითამაშია. მეტოქეებიც თბილად ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდან, NBA-ს ევროპულ კემპზე დავუახლოვდი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ერთად ვავარჯიშებდით ახალგაზრდებს. ჩვენი ურთიერთობა ამ სეზონში გაღრმავდა. ახლა უკვე ერთად მივისწრაფვით მაღალი მიზნებისკენ.

- პოზიტიური პიროვნება ჩანს...
- ამ სეზონის მნიშვნელობაზე უკვე ვილაპარაკე. იგი ჩემთვის კიდევ ერთი კუთხით იქნება დაუვიწყარი - დირკ ნოვიცკის გვერდზე მიწევს თამაში. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ასეთი შანსი მომეცა.

როგორ ფიქრობთ, რატომ თამაშობს უწინდებურად შედეგიანად 37 წლის ასაკში? - იმიტომ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალია, მონდომებით, საქმისადმი მიდგომით, შემართებით სამაგალითოა...

- ამერიკიდან საქართველოში გადმოვინაცვლოთ, სადაც უკვე ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია ფუნქციონირებს...
- დიდი ხნის წინ მქონდა აკადემიის ჩამოყალიბების იდეა, თუმცა ახლაღა მოხერხდა. მადლობელი ვარ, რომ სახელმწიფოსგან გადმომეცა ის ადგილი, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოსაა - სწორედ დიდუბის მანეჟში დავიწყე კალათბურთის თამაში. ის დრო არასოდეს დამავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში რთულ პირობებში გვიწევდა ვარჯიში. აკადემია, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა.

300-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს, რომლებიც სწორი მიმართულებით უნდა განვითარდნენ, უნდა მიეჩვიონ პროფესიონალიზმს. ყველა NBA-ში ვერ მოხვდება, მაგრამ ჩვენთან უნდა ისწავლონ ის, რაც შემდეგში გამოადგებათ როგორც კალათბურთში, ასევე ცხოვრებაში.

- აკადემიაში უცხოელი სპეციალისტებიც მუშაობენ...
- ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ, სწორი ნაბიჯი გადავდგი - ჩამოვიყვანე მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მწვრთნელები. ქართველებიც ძლიერი სპეციალისტები გვყავს და დარწმუნებული ვარ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ოღონდ ეს ერთ ან ორ დღეში ვერ მოხდება, საამისოდ მოთმინებაა საჭირო.

როცა ტელევიზიით უყურებთ, როგორ თამაშობს ესა თუ ის კალათბურთელი NBA-ში, გულშემატკივარს, მეგობარს, ნათესავს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მეტოქე იოლად უნდა დაჯაბნოს. თუმცა ჯერ NBA-ში მოხვედრაა წარმოუდგენლად რთული, შემდეგ იქ კაცის მოტყუება. თითო ქულის, თითო მოხსნის მოპოვება დიდ შრომას მოითხოვს. არა მხოლოდ იმ მომენტში, არამედ - წლების განმავლობაში.

წარმოიდგინეთ, თუნდაც ფსიქოლოგიურად რამდენად რთულია, როცა ათწლეულები ერთსა და იმავეს აკეთებ, ყოველდღიურად ოფლს ღვრი საიმისოდ, რომ ადრე თუ გვიან ერთ კონკრეტულ სეზონში, ერთ კონკრეტულ მატჩში გამოადგე გუნდს. ამის მოთმინება ბევრს არა აქვს.

თუმცა მე რა მაქვს დასაჩივლელი, როცა გვერდში მყავს კალათბურთელი, რომელსაც NBA-ში 18 სეზონი აქვს გატარებული. დირკ ნოვიცკი ვარჯიშზე, წვრთნის შემდეგ დგას და დაუზარელად მუშაობს ტყორცნებზე. მისი ასაკის ასეთი მშრომელი კალათბურთელი არ შემხვედრია.

- აკადემიელების თამაშების შედეგებს რამდენად ადევნებ თვალს?
- აქტიურად ვარ ჩართული საქმიანობაში. ძალიან მინდა, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩამოყალიბდეს მაღალი დონის მოთამაშედ, რადგან ქართულ კალათბურთს სწორედ კარგად გამოწვრთნილი, ბევრი სპორტსმენი სჭირდება.

გავა დრო, ჩემს ქართველ გუნდელებთან ერთად დავჯდები სპორტის სასახლის ტრიბუნაზე და ემოციურად დავუკრავ ტაშს ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოს ნაკრების ღირსება უნდა დაიცვან. მათ ჩვენი დაწყებული საქმე ღირსეულად უნდა განაგრძონ.

- საქართელოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - სერბი იგორ კოკოშკოვი ბერძენმა ილიას ზუროსმა შეცვალა. ეროვნული გუნდის ახალ ხელმძღვანელთან ხომ არ გისაუბრია?
- ილიას ზუროსის დანიშვნის ამბავი მასმედიიდან შევიტყვე. მასთან აქამდე შეხება არ მქონია. მახსოვს, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის ნაკრებს რომ ვეთამაშეთ, სწორედ ილიას ზუროსი წვრთნიდა. მის მიღწევებსაც მასმედიის საშუალებით გავეცანი.

ჯერ არ მისაუბრია, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იქნება და გუნდს ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.