სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
12:10 28-02-2016
ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ "სან დიეგოში" ბოლო საშინაო მატჩი გამართა და გულშემატკივარს თავი საოცარი შედეგიანობით დაამახსოვრა. "სან დიეგოში" გამართული მისი სტუდენტური კარიერის ბოლო მატჩი კარიერის საუკეთესო გამოდგა. "სან დიეგო ტორეროსმა" "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში "პორტლენდს" უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერის 38 ქულით მეტოქე 85:76 დაამარცხა.

აქამდე სანაძის საუკეთესო შედეგი 29 ქულა იყო, რომელიც ქართველმა უკანახაზელმა სწორედ "პორტლენდთან" მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩში, 15 დეკემბერს მიითვალა. ამ შეხვედრაში კი დუდა შეუჩერებელი იყო და ამერიკული კარიერის აქამდელ რეკორდს მთელი 9 ქულით გადააჭარბა.

დუდა სანაძის 38 ქულა არა მხოლოდ ქართველი კალათბურთელისთვის, არამედ თავად სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდისთვისაც სარეკორდო გამოდგა. რაც "სან დიეგო ტორეროსი" სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში გამოდის, ამდენი ქულა არავის ჩაუგდია. აქამდელი რეკორდი 2 კალათბურთელს ეკუთვნოდა: 1988 წლის 27 თებერვალს მარტინ მუნმა "ლოიოლას" 37 ქულა ჩააგდო, ხოლო ამავე გუნდთან 37 ქულა 1983 წლის 26 თებერვალს მაიკ ვაიტმარშმა მიითვალა. "სან დიეგოს" ყველა დროის რეკორდი - 40 ქულა - 1972 წლის 9 დეკემბერს
You must have Flash Player installed in order to see this player.
"ჩაპმანთან" ჩაუგდია რობერტ "ფინქი" სმიტს, თუმცა მაშინ "სან დიეგო" სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში არ გამოდიოდა.

ქართველმა უკანახაზელმა სანდიეგოელ გულშემატკივრებს თავი ნამდვილად დაამახსოვრა. მიმდინარე სეზონში სანაძე "სან დიეგოს" ლიდერი იყო და საშუალოდ 12 ქულას აგროვებდა, "პორტლენდთან" დღეს ჩატარებული მატჩი კი მის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. დუდამ 33 წუთი ითამაშა და 38 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 10-დან 5 ორქულიანი, 10-დან 6 სამიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

"სან დიეგომ" "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 4 მოგებითა და 14 მარცხით, მე-10 ადგილზე დაასრულა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსი მაინც აქვს. საქმე ისაა, რომ პლეი ოფში თამაშს უფლება ერთ-ერთ გუნდს აკრძალული აქვს და მეოთხედფინალის ბოლო საგზურს 9 და 10 ადგილებზე გასული გუნდები გაითამაშებენ. ამ საკვალიფიკაციო მატჩს "სან დიეგო" სტუმრად, "ლოიოლა მერიმაუნთის" უნივერსიტეტთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენციის პირველადგილოსან "გონზაგას" მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. ანუ სანაძეს "სან დიეგოში" მინიმუმ კიდევ 1 შეხვედრის გამართვა მოუწევს, თუმცა საშინაო არენაზე ამ სეზონში აღარ ითამაშებს, რადგან "ტორეროსი" პლეი ოფში რაგინდ შორს წავიდეს, როგორც ბოლოადგილოსანს, მოედნის უპირატესობა არ ექნება.

სანაძე მომავალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას შეუყვება და სავარაუდოდ, ის ევროპაში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ Sportall.ge-ს ინტერვიუში სანაძემ განაცხადა, რომ NBA-ს დარფტზე აპირებს დადგომას.

- დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.