ზაზა ფაჩულია: ამ ნაკლს ერთ დღეში გამოვასწორებთ...

AutoSharing Option
მართალია, "დალას მავერიკსმა" ზედიზედ მეორე თამაში დათმო, მაგრამ გუნდის ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ მე-4 ორმაგი დუბლი შეასრულა.

"დალასი" "მემფისთან" 96:110 დამარცხდა, ხოლო ფაჩულიას ანგარიშზე 13 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასია.

"დალასის" მარცხის მიზეზი ბურთის დაკარგვების დიდი რიცხვია, ორ თამაშში გუნდმა 36-ჯერ დაკარგა ბურთი. ზაზა სწორედ ამ კომპონენტის გამოსწორებაზე საუბრობს ESPN-თან მატჩისშემდგომ კომენტარში:

"აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ეს. დაკარგვები უნდა შევამციროთ და ამის გაკეთება ერთ დღეში შეგვიძლია, ეს არ
არის კვირებისა და თვეების სამუშაო. ჩვენ ეს ადრეც გაგვიკეთებია.

საჭიროა მხოლოდ ჩვენი ჭკუა და გამოცდილება გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ გავუფრთხილდეთ ბურთს, არ დავუშვათ უაზრო შეცდომები.

არ ვიცი, რისი მიზეზით მოხდა, რომ ამ ორ თამაშში ბურთი ბევრჯერ დაიკარგა, ენერგია დავაკელით თუ კონცენტრაცია, მაგრამ, რაც უნდა იყოს მიზეზი, უნდა გამოვსწორდეთ", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც სეზონში საშუალოდ 10,7 ქულას და 10 მოხსნას აკეთებს თამაშში, რაც 2006/07 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია მისთვის.

ზაზას შესახებ კვლავ ილაპარაკა მისმა გუნდელმა დირკ ნოვიცკიმ: "ის ძალიან კარგი მომხსნელია ასეთი მოკლე ხელების პატრონი კალათბურთელისთვის, - სიცილით უთხრა გერმანელმა dallasnews.com-ის ჟურნალისტს. - ზაზა ჩვენი გუნდისთვის ბრწყინვალეა. ის ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც "დალასის" სათამაშო სტილს ძალიან კარგად მოერგო".

CBS წერს, რომ ზედიზედ მე-4 ორმაგი დუბლი კარგია, მაგრამ ქართველს ძალიან გაუჭირდება ზედიზედ მეხუთე დუბლის შესრულება, რადგან მისი გუნდი "სან ანტონიოს" სტუმრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული