ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი და საუკეთესო მილუოკელის ტიტული ოკლენდში

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა. თან ეს გამორჩეული შედეგი მიმდინარე შედეგებით ლიგის მეორე გუნდ "გოლდენ სტეიტთან", ოკლენდში დააფიქსირა.

"მილუოკი" ბოლომდე და ღირსეულად ებრძოლა ბობოქარ მეტოქეს და ბოლო მეოთხედში - 93:102 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესოდ დასახელდა. ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და ოკლენდელთა ცენტრი ენდრიუ ბოგუტი გაანეიტრალა. ზაზა სასტარტო ხუთეულში იყო და საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად 25 წუთი იმყოფინა. ამ დროში მან 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულასთან ერთად, ფაჩულიამ 11 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა,
ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.

ფაჩულიას კვალზე მილუოკელთაგან ბერძენი გიანის ანტეტოკოუმპო გამოირჩა, რომელმაც 16 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა და 7 პასი ჰქონდა "ბაქსის" ახალწვეულ მაიკლ კარტერ უილიამსს. "გოლდენ სტეიტში" 23 ქულითა და 12 მოხსნით დრეიმონდ გრინი გამოირჩა, 19 ქულა და 11 პასი სტივ კარიმ მიითვალა.

"მილუოკიმ" ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო და ახლა 32 მოგების წილ 29 მარცხი აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სერიისა, "ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მაინც მყარადაა მე-6 ადგილზე. მორიგი მატჩი მილუოკელებს შინ, 7 მარტს "ვაშინგტონთან" ელით.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული