თორნიკე შენგელია: ჯორდანის გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია ამიერიდან უკვე არა მხოლოდ მეგობრები და ნათესავები, "მეზობლებიც" არიან. გასულ შემოდგომაზე თორნიკე ზაზას დეიდაშვილზე დაქორწინდა, ახლახან კი, "ბრუკლინ ნეთსიდან" "ჩიკაგო ბულსში" გადაბარგდა.

ჩიკაგო კი მილუოკოდან, სადაც ფაჩულია თამაშობს, მხოლოდ ნახევარი საათის სავალზეა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელები მიჩიგანის სანაპიროზე, ფაქტობრივად, გვერდიგვერდ იცხოვრებენ.

ოღონდ, თორნიკე შენგელიას "ჩიკაგო" მხოლოდ ფაჩულიასთან სიახლოვისა და მიჩიგანის ტბის ხედის ხათრით არ აურჩევია:

- "ბრუკლინი" ისეთი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ახალგაზრდა კალათბურთელებს, ფაქტობრივად, არ უწევთ თამაში. ამიტომაც, მე და ჩემი აგენტი უკვე კარგა ხანია
ვფიქრობთ ისეთ კლუბში გადასვლაზე, სადაც მეტი სათამაშო დრო მექნება. უფლის წყალობით, გამოჩნდა კიდეც "ჩიკაგო"...

- შენი და მარკის ტიგის გაცვლა ვისი ინიციატივა იყო?
- ინტერესი ორმხრივი გახლდათ, თუმცა, როგორც ვიცი, ტრეიდი (მოთამაშეების გაცვლა. - ავტ.) მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჩიკაგოელებმა "ბრუკლინს" ჩემ სანაცვლოდ მარკის ტიგი შესთავაზეს.

"ხარებს" ოთხშაბათს კლივლენდში აქვთ გასვლითი მატჩი და სავარაუდოდ, ახალ კლუბს სწორედ იქ შევუერთდები. "ბრუკლინთან" ჩემი კონტრაქტი ზაფხულში იწურებოდა და ჩიკაგოშიც იმავე ხელშეკრულებით მივდივარ.

- როგორ ფიქრობ, ახალ გუნდში უფრო ხშირად გექნება თამაშის შესაძლებლობა?
- იმედია, რადგან "ჩიკაგოს" არა მხოლოდ სათამაშო, სავარჯიშო სისტემაც განსხვავებული აქვს. იმის გამო, რომ "ბრუკლინში" არაერთი ასაკოვანი მოთამაშეა, ვარჯიშები ინტენსიურად არ იმართებოდა. ასე რომ, სრულფასოვნად ვერც ვვარჯიშობდი, არც მათამაშებდნენ... "ბულსს" კი უფრო ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს და შესაძლებლობა მექნება, თავი ვარჯიშებზეც გამოვიჩინო.

ვინ იქნება "ჩიკაგოში" ჩემი კონკურენტი? ალბათ, ყველა ის, ვინც ჩემს პოზიციაზე თამაშობს... ყოველ შემთხვევაში, "ბრუკლინთან" შედარებით მეტი შანსი ნამდვილად მექნება, დანარჩენი კი ჩემზეა დამოკიდებული!

- "ჩიკაგო" მაიკლ ჯორდანის ყოფილი გუნდია, ჯორდანი კი გამორჩეულად გიყვარს...
- ბავშვობიდან რომ გეკითხათ - ასარჩევად რომ გქონდეს საქმე, სად ითამაშებდიო, "ჩიკაგოს" ავირჩევდი, რადგან ლეგენდარული გუნდი ჰყავდათ.

NBA-ს შესახებ არაფერი რომ არ სმენოდათ, "ბულსს" ისეთი ხალხიც კი იცნობდა! ჯორდანის გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და უფლის მადლიერი ვარ, ამის შესაძლებლობა რომ მეძლევა.

- "ჩიკაგო" სატურნირო ცხრილშიც "ბრუკლინზე" წინ არის და წესით, ფლეი-ოფში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

- "ხარებში" წელსაც თითქმის იგივე შემადგენლობაა, შარშან "მაიამიმ" ფლეი-ოფში გაჭირვებით რომ დაამარცხა. ასე რომ, ნამდვილად საფლეიოფო გუნდია. სხვათა შორის, შარშანდელი ფლეი-ოფის პირველ რაუნდში, ჩემი ყოფილი კლუბი სწორედ "ჩიკაგოსთან" დამარცხდა.

- ბოლო თვეები, ფაქტობრივად, "ბრუკლინსა" და "სპრინგფილდ არმორს" შორის "მოგზაურობაში" გაატარე. გაუთავებელი "წადი-მოდი" სპორტსმენზე დამთრგუნველად არ მოქმედებს?
- მართლაც ძნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ D ლიგაში (Development League, ანუ განვითარების ლიგა. - ავტ.) თამაშიც და ვარჯიშიც გაცილებით მეტი მიწევდა, რაც ძალიან მეხმარებოდა ფორმის შენარჩუნებაში.

"ბრუკლინის" ხელმძღვანელობას ძალიან გაუკვირდა, სეზონის დასაწყისში თავად რომ ვუთხარი: პირდაპირ გამიშვით D ლიგაში და სანამ არ დაგჭირდებით, "სპრინგფილდში" ვითამაშებ, ჩემი მთავარი მიზანი განვითარებაა, აქ სკამზე ჯდომით კი როგორ გავიზრდები-მეთქი?! ორიოდე კვირით მართლაც გამიშვეს, მაგრამ მერე ერთ-ერთი მოთამაშე დაშავდა, ისევ გამომიძახეს და მას მერე წინ და უკან დავდიოდი...

როცა "ბრუკლინიდან" ჩავდიოდით, "სპრინგფილდის" ყოფილი მწვრთნელი მეც და ტეილორსაც მეტ თავისუფლებას გვაძლევდა, ახალს კი განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და ეს ორივეს თამაშს დაეტყო. ასე რომ, "ბრუკლინშიც" რთულ სიტუაციაში ვიყავი და "სპრინგფილდშიც"!

- რამდენიმე დღის წინ "ბრუკლინთან" ერთად ლონდონი მოიარე...
- პროექტს, რომელიც უკვე რამდენიმე წელს ითვლის, NBA Global Games ჰქვია: ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორი კლუბი ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყანაში ეთამაშება! წელს "ბრუკლინ ნეთსი" და "ატლანტა ჰოუქსი" ლონდონს ესტუმრნენ.

ეს მატჩი იმ დროს რომ გამართულიყო, "ატლანტაში" ზაზა რომ თამაშობდა, ლონდონში ქართულ დერბის ვნახავდით, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. "ბრუკლინმა" 127:110 გაიმარჯვა, მე კი რვა წუთი ვითამაშე. ბრიტანეთის დედაქალაქში ხუთი დაუვიწყარი დღე გავატარეთ.

- თამაში იშვიათად გიწევდა, მაგრამ NBA-ში ვარჯიშითაც კი ბევრს ისწავლიდი...
- კევინ გარნეტი, პოლ პირსი, დერონ უილიამსი, ჯეისონ ტერი, ჯო ჯონსონი... ბევრი მათგანი თითქმის ორი ათეული წელია, NBA-ში თამაშობს. მათგან სპორტული თვალსაზრისითაც ბევრი რამ ვისწავლე და პიროვნულადაც.

ძალიან უშუალო და თავმდაბალი ხალხია... მაგალითად, კევინ გარნეტის წინააღმდეგ თამაში არავის უხარია, მაგრამ თანაგუნდელად მასზე უკეთესს ვერც ინატრებ!

- "ევრობასკეტის" გამოტოვება მოგიხდა და ამ მხრივ, 2013 წელი სასიამოვნოდ გასახსენებელი არ უნდა იყოს.

- ვერ აგიწერთ, როგორ მიჭირდა ევროპის ჩემპიონატის ყურება მაყურებლის რანგში. მით უმეტეს, ნაკრებს მეც და ზაზაც ძალიან ვჭირდებოდით. "ევრობასკეტის" დროს საქართველოში ვიყავი, მატჩებს მეგობრებთან ერთად ვუყურე და ძალიან გამიჭირდა! სლოვენიაში ნაკრების საქომაგოდ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ, როგორც გახსოვთ, რეაბილიტაციას გავდიოდი და ექიმებმა გამგზავრება ამიკრძალეს. ნაკრების თამაშს რაც შეეხება, ბიჭებმა, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს.

- ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში აღარ იმუშავებს. მისი მუშაობით კმაყოფილი ხარ?
- კოკოშკოვის მუშაობას დადებითად ვაფასებ და ვფიქრობ, კარგი იქნება თუ დარჩება. ნაკრები წელიწადში ერთხელ იკრიბება და თუ ახალი მწვრთნელი გვეყოლება, ყველაფრის თავიდან დაწყება და ექსპერიმენტების ჩატარება მოუწევს.

თანაც, თუ 2015 წლის "ევრობასკეტზე" ვერ მოვხვდით, ფაქტობრივად, სამ წელი უნდა დავკარგოთ... მჯობნის მჯობი არ დაილევა, მაგრამ უპირატესობები კოკოშკოვსაც აქვს - ჩვენთან 6 წელი იმუშავა, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, თავისი სისტემა ჩამოაყალიბა და ა.შ.

- 2013 წლიდან გამორჩეულად რა გახსენდება?
- თუ კალათბურთზე მეკითხებით, ჩემს კარიერაში პირველ სამმაგ დუბლს გამოვყოფდი, რომელიც D ლიგაში შევასრულე. კიდევ, NBA-ში, "ვაშინგტონთან" ჩემს თამაშს და ჯო ჯონსონის ბოლო წუთებზე ჩაგდებულ ბურთებს (იცინის).

- ქორწილიც შარშან გქონდა. თანაც, შენ და ზაზა დანათესავდით... როგორ ფიქრობ, დაოჯახება შენს კარიერაზეც დადებითად იმოქმედებს?

- რა თქმა უნდა! მეუღლე ჩემ გვერდით რომ არ იყოს, მთელი გონებითა და გულით სხვაგან ვიქნებოდი, მაგრამ რადგან სალომეც ამერიკაშია ჩემთან ერთად, ყველაფერი კარგადაა. ფაჩულიას რაც შეეხება, ჩიკაგო მილუოკისგან მხოლოდ ნახევარი საათის სავალზეა და ზაზას პირდაპირი მნიშვნელობითაც კიდევ უფრო დავუახლოვდები (იცინის).

- ქორწილში შენც და ზაზაც ჩოხებში იყავით გამოწყობილი. ამერიკელმა თანაგუნდელებმა რა გითხრეს, როცა ქორწილის ფოტოები ნახეს?
- მიმაჩნია, რომ სამშობლოში ყველა ქართველმა ჩოხით უნდა იაროს! ცხენებიც არ იქნებოდა ურიგო (იცინის). ჩემს თანაკლუბელებს გული დასწყდათ, რომ ვერ ჩამოვიდნენ. ფოტოები კი ისე მოეწონათ, რამდენიმემ მითხრა - ქორწილი ჩვენც საქართველოში უნდა გადავიხადოთო... ეგ კი არა, "ბრუკლინის" დაცვის თანამშრომელს ჩოხიანი თორნიკეს სურათი თავის ოთახშიც კი აქვს გაკრული (იცინის).

სხვათა შორის, ის კაცი საქართველოს დანარჩენებზე უკეთ იცნობს, შინ ქართული ღვინოც აქვს... გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელია და წლების წინ თბილისში სპეცოპერაციაც კი ჩაუტარებია, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ...

- "სან დიეგოში" დუდა სანაძის ჩინებულ თამაშზე და ზოგადად, NCAA-ზე (აშშ-ის სტუდენ-ტური ლიგა. - ავტ.) რას იტყვი?
- მიხარია, რომ დუდა ძალიან კარგად თამაშობს და გუნდის გამარჯვებებშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. NCAA ძლიერი ტურნირია. მეტიც, ყოველწლიურად, დრაფტზე მყოფი კალათბურთელების 70-80% სწორედ სტუდენტური ლიგიდან არის.

დუდას აღნაგობაც უწყობს ხელს, თამაშის ევროპული სტილიც და მისი წარმატებული თამაში ამის დამსახურებაც არის...

- რას ელის თორნიკე შენგელია 2014 წლისგან?
- სამ რამეს: შვილს, ახალ კონტრაქტს და სანაკრებო თამაშებს!

რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული