ფიბა-ევროპის გამოკითხვა. ხმა მივცეთ შენგელიას!

AutoSharing Option
ფიბა-ევროპა ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, რომლის შედეგად გამარჯვებული ორ ნომინაციაში ვლინდება: ევროპის №1 კალათბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა.

პირველად ისტორიაში ნომინანტთა შორის ქართველიცაა - თორნიკე შენგელია. იგი 2011 წლის გამორჩეულ 10 ახალგაზრდა კალათბურთელს შორისაა დასახელებული, რაც თავისთავად დიდი აღიარებაა. თუმცა, თორნიკემ იმდენად კარგად ჩაატარა 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი და იმდენად დამაჯერებლად გამოდის ევროლიგაზე "შარლერუას" შემადგენლობაში, რომ მისთვის გამოკითხვაში მეათე ადგილი ნამდვილად არ გვემეტება.

სტატისტიკასაც მოვიშველიებთ. 20 წლამდელთა B დივიზიონის მატჩებში ქართველ ახალგაზრდას (19
91 წელსაა დაბადებული, 207 სმ სიმაღლისაა) 9 მატჩში საშუალოდ 33.9 წუთში 29.9 ქულა, 12 მოხსნა, 2.6 პასი, 2.3 დაფარება და 1.9 ჩაჭრა ჰქონდა. მოკლედ, იგი ერთი თავით მაღლა იდგა შეჯიბრების მონაწილე ყველა კალათბურთელზე.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თორნიკეს ნიკა ცქიტიშვილთან და ვლადიმერ ბოისასთან უწევდა მძიმე ფორვარდის პოზიციაზე კონკურენცია. თუმცა საშუალოდ 20.5 წუთს მაინც თამაშობდა, 8.8 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ესპანურმა გამოცემა "სოლობასკეტმა" შენგელია ევრობასკეტის აღმოჩენათა შორის დაასახელა.

სანაკრებო ბატალიების მოსტუმრების შემდეგ იგი ბელგიურ "შარლერუას" შეუერთდა და ჯგუფური ეტაპის პირველივე მატჩში, მადრიდის "რეალთან" 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია: 19.5 წუთი, 7.7 ქულა, 5 მოხსნა, 1.3 პასი. 20 წლის ახალგაზრდასთვის ევროლიგაზე სადებიუტო სეზონისთვის კარგი მაჩვენებლებია.

ფიბა-ევროპა ათეულში შემთხვევით არავის შეიყვანდა. დანარჩენ 9 ახალგაზრდასაც ზურგსუკან ნობათიანი სეზონი აქვს. ამიტომ, აუცილებელია ვიაქტიუროთ და ვისაც ინტერნეტზე ხელი მიგვიწვდება ყოველდღიურად მივცეთ ხმა შენგელიას. გამოკითხვაში ათიდან სამი უნდა შევარჩიოთ, ერთს (თორნიკეს) პირველი ადგილი მივაკუთვნოთ, მეორეს (ნებისმიერის არჩევა შეგიძლიათ) - მეორე ადგილი, მესამეს - მესამე. ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ .

აქვე გაგაცნობთ შენგელიას კონკურენტთა ვინაობას: ალეხანდრო აბრინესი ("უნიკახა", ესპანეთი), ალექსანდრ ცვეტკოვიჩი ("ცრვენა ზვეზდა", სერბეთი), ალესანდრო ჯენტილე ("ბენეტონი", იტალია), დარიო სარიჩი ("ზაგრები", ხორვატია), დმიტრი კულაგინი ("ტრიუმფი", რუსეთი), ენეს კანტერი ("იუტა", აშშ), იონას ვალანჩიუნასი ("რიტასი", ლიტვა), ნიკოლა მიროტიჩი ("რეალი", ესპანეთი), პრჟემისლავ კარნოვსკი ("ტარნობრჟეგი", პოლონეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასე არ ჯობია თქვენც გაიხარეთ და გულსემატკივარიც გაგვახარეთ
vasiko basiladze
15:26 09-12-2011
0
მაგარი ხარ აბა სჰენ იცი
0

სიახლეები პოპულარული