თორნიკე შენგელიას 19 ქულა 'ბასკონიას" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ესპანური "ბასკონია" ევროლიგას გამოეთიშა. ვიტორიულმა კლუბმა რუსულ გრანდს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში - 88:90 დამარცხდა. შედეგად, მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 3:0 გახდა, რითაც მოსკოვურმა გუნდმა ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის ბოლო წამებზე მსაჯებს რომ რეალობასთან უფრო ახლოს მდგომი გადაწყვეტილება მიეღოთ, შეხვედრა ალბათ სხვა შედეგით დასრულდებოდა. ბოლო წამზე ბასკონიელმა შეინ ლარკინმა სამქულიანი ესროლა, რომელზეც მოსკოველები აშკარად დაჯარიმდნენ, მაგრამ მსაჯებმა დარღვევა არ დააფიქსირეს.

მასპინძელთაგან საუკეთესო გახლდათ ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელმაც მატჩის მე-3 პერიოდში დიდებული წარმოდგენა გამართა.
აღნიშნულ ათწუთეულში შენგელიამ 17 ქულა მიითვალა, მიყოლებით 3 სამქულიანი ჩააგდო და ვიტორიელებს შანსი შეუნარჩუნა. მთლიანობაში კი თორნიკემ 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მიითვალა. შენგელიამ 25:15 წუთი ითამაშა და 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

მასპინძელთაგან თავი ამერიკელებმა ჩეიზ ბადინგერმა (15 ქულა, 8 მოხსნა) და შეინ ლარკინმა (13 ქულა), უნგრელმა ადამ ჰანგამ (13) და სლოვენიელმა იაკა ბლაჟიჩმაც (10) გამოიჩინეს.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესო ამერიკელი უკანახაზელი კორი ჰიგინსი იყო 21 ქულით, ფრანგმა ნანდო დე კოლომ 15 ქულა და 5 პასი მიითვალა, სერბი მილოშ ტეოდოსიჩის მონაგარი კი 13 ქულა იყო.
ამგვარად, ცსკა სტამბულის "ფენერბაჰჩეს" შემდეგ, მე-2 კლუბი გახდა, რომელმაც "ოთხთა ფინალში" ადრეულად გააღწია.

მოსკოველები ნახევარფინალში ბერძნული "ოლიმპიაკოსსა" და თურქული "ეფესის" ჯახში გამარჯვებულს დაელოდებიან, "ფენერბაჰჩეს" კი ესპანური "რეალსა" და თურქულ "დარუშაფაკას" შორის უმჯობესთან ჭიდილი მოუწევს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული