გიორგი შერმადინის უდიდესი აღიარება: ქართველი თვის საუკეთესოდ მეორედ დაასახელეს!

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის თვის MPV-ად დასახელება ნებისმიერი კალათბურთელისთვის დიდი მიღწევაა და ეს "მორაბანკ ანდორას" ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მეორედ მოახერხა!

შერმადინი ესპანეთის ლიგის თვის საუკეთესო კალათბურთელად იანვარშიც დასახელდა, რაც ბოლო წლებში ესპანეთში იშვიათად მომხდარა. თანაც, წინ კიდევ მინიმუმ 2 თვეა და შერმადინი გაჩერებას არ აპირებს: ქართველი ცენტრი ყოველ მატჩში გამორჩეულ შედეგს აჩვენებს და იშვიათია შემთხვევა, როცა ის თავის გუნდში საუკეთესო არ არის.

შერმადინის გამორჩეულ შედეგს, ცხადია, ესპანური ლიგის ოფიციალური ვებგვერდი
გამოეხმაურა და ქართველი ცენტრის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

"ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო კალათბურთელის წოდება მოიპოვა და თანაც, კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა.

სწორედ მისი ლიდერობით, "მორაბანკ ანდორამ" გასულ თვეში 4-დან 2 მატჩი მოიგო და საპლეიოფო მე-8 ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

მარტში ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის საშუალო მაჩვენებელი 27.75 პუნქტი გახლდათ, რამაც მას წლეულს უკვე მე-2 ტიტული მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი საუკეთესოდ უკვე დასახელდა იანვარში, ახლა კი, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

გიორგის საუკეთესო მაჩვენებლები 25-ე ტურში ჰქონდა, როდესაც ანდორელებმა "სარაგოსას" სძლიეს, ქართველმა ცენტრმა კი 27 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა და მეტოქეებს წესების დარღვევა ერთბაშად 10-ჯერ აიძულა.

სათქმელია ისიც, რომ მან თამაშიდან 9-ვე ტყორცნა გამოიყენა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-მდე აიყვანა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მაშინ შერმადინი კვირის საუკეთესო კალათბურთელადაც (კარიერაში მესამედ) დასახელდა.

გიორგი გამორჩეული იყო "მანრესასთან" მოგებულ საშინაო მატჩშიც, რომელშიც 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და მეტოქეებს 5 პერსონალური ფოლი მიაღებინა. შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა.

"მორაბანკ ანდორას" კვლავაც ძალიან უჭირდა გასვლით მატჩებშიც და მარტშიც სტუმრად 2-ჯერ დამარცხდა. შერმადინს ყველაზე მწირქულიანი თამაში "მურსიასთან" ჰქონდა, რომელშიც მხოლოდ 12 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მისი სარგებლიანობის მაჩვენებელიც დაბალი იყო - 12.

სამაგიეროდ, შერმადინი ჩინებულად გაისარჯა კატალონიაში. მართალია, მისმა გუნდმა "ბარსელონასთან" უიმედოდ წააგო, ქართველმა ლეგიონერმა 18 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-მდე აიყვანა, რაც თვის საუკეთესო მოთამაშის წოდების მისაღებად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

როგორც აღვნიშნეთ, შერმადინის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 25.75 პუნქტს გაუტოლდა, მისი სხვა საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 19.2 ქულა, 6.5 მოხსნა, 0.5 პასი, 1.2 ჩაჭრა, 0.5 დაფარება და 7.0 გამომუშავებული ფოლი.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველი ცენტრი მთელ ლიგაში პირველია საშუალოდ მოხსნებში (7.58), მეორეა სარგებლიანობის კოეფიციენტით (22) და მე-3 - მექულეებში (15.5).

მას შემდეგ, რაც შერმადინმა მორიგი აღიარების შესახებ შეიტყო, გაკვირვება არ დაუმალავს.

"მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი, თუმცა, ჩინებული ამბავია. გასულ ტურში "ბარსელონასთან" ცუდად ვითამაშეთ, ამიტომ ეს მატჩი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და მოახლოებულ შეხვედრებზე გადავერთოთ, რათა პლეი ოფში გასვლა მოვახერხოთ".

ამასთან, გიორგის თანაგუნდელთათვის მადლობის გადახდა არ დავიწყებია.

"რომ არა ისინი, ამ ჯილდოებს ნამდვილად ვერ მივიღებდი. ბიჭები მოედანზე დიდ დახმარებას მიწევენ, ისევე, როგორც მთავარი მწვრთნელი ხოან პენაროია, რომლისგანაც სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ. ერთობლივად დიდ საქმეს ვაკეთებთ და კარგი იქნება, თუკი მიმდინარე სეზონში დასახულ მიზანსაც მივაღწევთ".

საპლეიოფო ბრძოლაში შერმადინმა განსაკუთრებით გამოარჩია მომდევნო ტურში, 2 აპრილს, შინ, "ესტუდიანტესთან" დაგეგმილი მატჩი. მადრიდელები სასურველ მე-8 ადგილზე მყოფ "მორაბანკ ანდორას" მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩებიან და ცხადია, რომ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გაიღებენ.

"ცხადია, რომ დიდი ბრძოლა იქნება, რადგანაც ორივე გუნდი მოგებისთვის ითამაშებს. იმედია, "ესტუდიანტესის" ლიდერ ედვინ ჯეკსონის შეჩერებას მოვახერხებთ, რომელიც ლიგის ბომბარდირთა შორის საუკეთესოა, თუმცა, მადრიდელებს სხვა ძლიერი კალათბურთელებიც ჰყავთ.

დაბოლოს, ქართველი კალათბურთელი ანდორელთა გულშემატკივრებზეც:

"მომავალ მატჩში ჩვენი ერთგული ქომაგის ძალიან მეიმედება. მათ მოახლებული შეხვედრის მნიშვნელობა კარგად აქვთ გათავისებული და მჯერა, დიდ დახმარებას გაგვიწევენ".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
1 კგ რომ მოიმატოს ასე ვეღარ იფრენს:))
tazo
12:45 29-03-2017
0
15 კგ რომ მოიმატოს ნბა-ს დახატავდა..
ქუთაისელი
17:55 28-03-2017
0

სიახლეები პოპულარული