ზაზა ფაჩულიას 4 ქულა, 8 მოხსნა და მოგება "საკრამენტოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი თბილისის დროით 25 მარტს, საკუთარ დარბაზში "საკრამენტო კინგზის" წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 114:100 გაიმარჯვა.

აუტსაიდერი "საკრამენტო" ოკლენდში უშანსოდ იყო. მართალია, ანგარიშში დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა, თუმცა "გოლდენ სტეიტი" მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდა და სტუმრებს წარმატების შანსს არ აძლევდა.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 19 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად ზაზამ 8 მოხსნა, 3
პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ოკლენდელებს 27 ქულით, 12 პასით და 6 ჩაჭრით სტეფ კარიმ ულიდერა. 23 ქულა და 8 მოხსნა დრეიმონდ გრინის ანგარიშზე დაგროვდა.

ეს "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვებაა. ოკლენდელებმა მცირე ჩავარდნის დროს წამოწეული "სან ანტონიო" კვლავ ჩამოიტოვეს და ლიგას ლიდერობენ. ფაჩულიას გუნდს 58 გამარჯვების წილ 14 მარცხი აქვს და შემდეგ შეხვედრას 27 მარტს, კვლავ შინ, "მემფისთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული