[ექსკლუზივი] "ჯუჯა პლანეტაა, თუმცა მე და ბექა ბურჯანაძე მშვენივრად ვეტევით"

AutoSharing Option
მოკლედ გაგახსენებთ: გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" "სარაგოსა" 100:92 დაამარცხა. გიორგიმ 27 ქულა (9-დან 9 ორქულიანი) და 9 მოხსნა მოაგროვა, ბექამ - 16 ქულა. შერმადინს მარგი ქმედების კოეფიციენტი 41 ჰქონდა და ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. ლიგის ოფიციალურ საიტზე 216 სმ სიმაღლის ქართველზე ისიც დაიწერა, სხვა პლანეტიდანაა ჩამოსულიო.

- "უცხოპლანეტელი შერმადინი" - გიორგის 27 ქულა და გამარჯვება "სარაგოსასთნ" [VIDEO]

მას ანდორაში დავუკავშირდით და "სარაგოსასთან" მატჩის გარდა არაერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ...

- ACB-მ დაწერა, შერმადინი უცხო პლანეტიდანააო. კერძოდ?
- ჯუჯა პლანეტაა,
ანდორა ჰქვია, ესპანეთის გვერდითა ორბიტაზეა. თუმცა მე და ბექა ბურჯანაძე მშვენივრად ვეტევით, თავს კომფორტულად ვგრძნობთ.

- დიდი პოპულარობაც მოიპოვეთ. ბოლო მატჩში ბევრი ანდორელი გაახარეთ.
- "ანდორას" დარბაზი სავსე იყო, 4 ათასი მაყურებელი შეკრებილიყო. თამაში თავიდან ბოლომდე დაძაბული გამოდგა და უნდა გენახათ, ქომაგმა რა ატმოსფერო შექმნა, განსაკუთრებით მეოთხე პერიოდში. ასეთი შეხვედრის წაგება ნამდვილად არ შეიძლებოდა.

არადა, რთული თამაში იყო, რამდენჯერაც წინ გავიჭერით, არაგონელები იმდენჯერ დაგვეწივნენ. მეოთხე პერიოდი რომ დავიწყეთ, 67:67 იყო, შემდეგ 2 ქულითაც გაგვასწრეს - 84:82. თუმცა სწორედ მას მერე ჩავტენე, ბექა ბურჯანაძემაც მნიშვნელოვანი ტყორცნა გამოიყენა და მალევე დავწინაურდით 6 ქულით. სწორედ მაშინ ამოვისუნთქეთ...

მთელმა დარბაზმა გაიხარა, მათ შორის იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც.

- როგორც წესი, პარტნიორები ყოველთვის ცდილობენ, ფარქვეშ მოგძებნონ. "სარაგოსასთან" კიდევ უფრო მეტი პასი წამოვიდა ფარქვეშ?
- მწვრთნელის მითითებაა ასეთი. პოზიციური შეტევისას ითხოვს, ბურთი მე გადმომცენ. თუ შეტევის საშუალება არ მექნება, თავისუფალ პოზიციაში მყოფ პარტნიორს პასს არ ვუგვიანებ.

სხვადასხვა კლუბებში მითამაშია ისეთ კალათბურთელებთან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ მონაგარზე ფიქრობენ. ასეთი რამ ჩემს ცნობიერებაში არ ჯდება, ყოველთვის ვცდილობ, პარტნიორებს დავეხმარო, პასით, ბლოკით, თუ პოზიციის გამოთავისუფლებით.

"სარაგოსასთან" მეც კარგად გამომივიდა თამაში და ჩემს თანაგუნდელებსაც. განსაკუთრებით ბექა ბურჯანაძეს გამოვყოფ.

Sportall.Ge

- ერთი ტურის წინ, მურსიასთან კი დიდი სხვაობით დამარცხდით, რა დაემართა "ანდორას"?
- მე ჩემს სიტუაციას მოგახსენებთ. ბურთს რომ მივიღებდი, მეტოქე ცენტრისა და მძიმე ფორვარდის გარდა მესამე კაციც ჩემსკენ გამორბოდა. მეც გამიჭირდა და გუნდსაც. 12 ქულა ძლივს ჩავაგდე, ფარქვეშ სივრცე ძალიან შეზღუდული იყო. ცხადია, ასეთ სიტუაციაში აქცენტი პერიმეტრზე გაკეთდა, მაგრამ ვერც სამქულიანი და საშუალო ტყორცნები გამოვიყენეთ. ასეთი დაცვა დიდი ხანია, არ შემხვედრია.

"სარაგოსასთან" კი სულ სხვა ტიპის დაცვა იყო, ერთი კაცი მიჭერდა და მძიმე ფორვარდი ხანდახან ეხმარებოდა. ამიტომაც ვთამაშობდი ლაღად. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ბექა ბურჯანაძეს. იგი მძიმე ფორვარდია და პერიმეტრიდან თამაშობს. ბექას მეურვე ფრთხილობდა, სამქულიანზე რომ დაეტოვებინა, ბექა ჩააგდებდა. შესაბამისად, ცენტრის დასახმარებლად და ჩემ წინააღმდეგ სათამაშოდ სარაგოსელი ფორვარდები სამწამიან ზონაში ხშირად ვერ ჩამოდიოდნენ. ბექას ხუთეულში დაყენება გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იყო.

- საპლეიოფო ზონაში, მერვე ადგილზე ხართ. მეოთხედფინალისტთა შორის ადგილის შენარჩუნება იოლი რა იქნება.
- გასეირნებებს არც ველით. სიტუაცია მეორე წრეში კიდევ უფრო დაიძაბა. მწვრთნელიც ამბობს, პირველ წრეში იმდენად კარგი სკაუტინგი არ იყო, რამდენადაც მეორე ნახევარშიო. ყველა გუნდის მწვრთნელს კარგად ჰყავს შესწავლილი მეტოქე და დიდი ბრძოლის გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, "ანდორა" პლეი ოფში თამაშს იმსახურებს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

- შედარებით უკეთესადაა საქმე თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" შემთხვევაში...
- ბასკებს ძლიერი გუნდი ჰყავთ. განსაკუთრებით ბოლო დროს მოუმატეს, მას მერე, რაც თორნიკე გუნდს დაუბრუნდა. შენგელია "ბასკონიას" ლიდერია და ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი იშვიათი კალათბურთელთაგანია, ერთი-ერთზე შეჩერება ძალიან რთული რომ არის. ამას ევროლიგაზეც ამტკიცებს.

- ევროლიგაზე თამაში ხომ არ მოგენატრა?
- ნამდვილად ასეა. "ანდორაში" მთელი კვირა ვვარჯიშობთ და ერთ მატჩს ვატარებთ. შუა კვირაში ევროლიგაზე თამაში გაცილებით საინტერესოა.

- 26 მარტს ბარსელონას სტუმრობთ...
- დეკემბერშიც დავამტკიცეთ, რომ "ბარსას" ძლევა შეგვიძლია, თუმცა ამჯერად კატალონიაში ვთამაშობთ და მოგება ერთი-ორად რთული იქნება. ჩემპიონატის ფავორიტებს ჩავარდნები დასჩემდათ. ამ ტურში ხომ "რეალმაც" წააგო "ობრადარიოსთან".

ვნახოთ, ჩვენ რას ვიზამთ. ერთი კი ცხადია - "ბარსასთან" დაძაბული და საინტერესო თამაში გვექნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული