შერმადინისა და ბურჯანაძის 36 ქულა "ანდორას" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის შედეგიანი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა "ანდორას" გამარჯვებისთვის. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ანდორელებმა ტრავმირებულ თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" უმასპინძლეს და 82:91 დამარცხდნენ.

არადა, ქართველებმა მართლაც გამორჩეულად ითამაშეს. იანვრის თვის ესპანეთის უმაღლესი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა და 25 ქულა მოაგროვა. აქამდე შერმადინის მაქსიმუმი 22 ქულა გახლდათ, რომელიც მან 17 იანვარს, "რეალ ბეტისთან" მატჩში მოაგროვა.

"ბასკონიასთან" დღევანდელ მატჩში შერმადინმა, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე
25:22 წუთი გაატარა. გიორგიმ 12-დან 8 ორქულიანი და 9-დან ცხრავე საჯარიმო ჩააგდო. 25 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 ჯარიმა მიიღო და მასზე მეტოქემ წესები 7-ჯერ დაარღვია. საბოლოოდ შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 31 ერთეული შეადგინა, რაც ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ, ხოლო ბასკონიელთაგან შეინ ლარკინის შედეგს გაუტოლდა.

კარგად ითამაშა ანდორელთა მეორე ქართველმა ლეგიონერმა - 23 წლის ბექა ბურჯანაძემ, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 22:20 წუთი გაატარა. ბექამ 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 1 ორიანი ჩააგდო, 11 ქულა დააგროვა და ამას 6 მოხსნაც მოაყოლა. 12-12 ქულა მიითვალეს დევიდ ნავარომ და ოლივერ სტევიჩმა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. ბასკონიელებს 21 ქულითა და 9 პასით ლარკინმა ულიდერა, ანდრეა ბარნანის ანგარიშზეც 21 ქულა დაგროვდა.

თორნიკე შენგელიას ფეხის ტრავმა აწუხებს და მოედანზე, სავარაუდოდ, 10 დღეში დაბრუნდება. 13 მოგებითა და 6 მარცხით "ბასკონია" ცხრილში მე-5 ადგილზეა, "ანდორას" კი 19 მატჩიდან 10 მოგება აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება. მორიგ ტურში, 12 თებერვალს, "ბასკონია" "მონბუსს" უმასპინძლებს, "ანდორას" კი დასვენება უწევს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული