რეალურად რა შანსი აქვს ზაზა ფაჩულიას, ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

AutoSharing Option
NBA-ს "ოლ სტარის" პირველი შუალედური შედეგები აშშ-ში შოკისმომგვრელი იყო, დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ზაზა ფაჩულია ნახევარ მილიონამდე ხმით მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ თანაგუნდელს ვარსკვლავური "გოლდენ სტეიტიდან", კევინ დურანტს ჩამორჩებოდა.

საბოლოო შედეგები 16 იანვარს გამოცხადდება, მანამდე კი, 12-ში კიდევ ერთი შუალედური შედეგები გველის, თუმცა სოციალურ ქსელში ზაზას ფანების განწყობა თავისუფლად გვათქმევინებს, რომ ჩვენებური ისევ ლიდერებში იქნება.

ანუ, პირველად ისტორიაში, NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ქართველ კალათბურთელს ვიხილავთ?

ზაზა ჯერ კიდევ ათი წლის წინათ იყო კანდიდატთა შორის (როცა "ატლანტაში" თამაშობდა), მაგრამ მიზანთან
ახლოს ის შარშან იყო, როცა 14 ათასზე ოდნავ მეტი ხმა დააკლდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სტარტერად მოსახვედრად. შემდეგ კი მწვრთნელმა ის აღარ შეარჩია სათადარიგო მოთამაშედ.

პასუხი კი კითხვაზე ასეთია - სამწუხაროდ, წლეულს NBA-მ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოხვედრის წესები შეცვალა, რის გამოც ჩვენებურს, ფანების გამოკითხვაში სულ რომ პირველ ადგილზე გავიდეს, 19 თებერვალს ნიუ ორლეანში სტარტერად მოხვედრის შანსი პრაქტიკულად არ აქვს.

არადა, NBA-ში ფანები 1974/75 წლების სეზონიდან ირჩევდნენ ხუთეულებს.

რატომ? იმიტომ, რომ წლეულს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოხვედრა აღარ არის არჩევითი - კალათბურთელი, ფანების გარდა, მედიისა და კოლეგების რჩეულიც უნდა გახდეს. NBA.TV-ის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამ ორ კატეგორიაში ჩვენებურს შანსი არა აქვს და ჩვენც ვეთანხმებით.

მაგრამ ხომ შეიძლება ფაჩულიამ ფანების საშუალებით ძალიან ბევრი ხმა დააგროვოს და ამით მაინც შეძლოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობა?

სამწუხაროდ, ასე ვერ იქნება - ფანების მილიონობით ხმას უბრალოდ ვერ მიუმატებენ 500 კალათბურთელისა და 75 ჟურნალისტის ხმას.

ფანების ხმებს ორმაგად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე ცალ-ცალკე მედიისა და კალათბურთელთა ხმებს. ანუ ფანების ხმებს ნახევარი ძალა აქვს და მეორე ნახევარი კი მედიასა და კალათბურთელებს. ბუნებრივია, მხოლოდ ერთ ფლანგზე გამარჯვება არაფერს ნიშნავს, თუ მეორეს ჩააგდებ. როგორც ძალოსნობაშია, მარტო აკვრაში ყოჩაღობა არაფერია, თუ მეორე დისციპლინას (ატაცი) ჩააგდებ.

Sportall.Ge

თუ სიტყვაზე, ზაზა ფაჩულია ფანებს შორის გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავა, ხოლო მედიასა და კალათბურთელებში - მე-10 ადგილზე, ზაზას შედეგი ასე დაითვლება 1+1+10+10 და ეს შედეგი გაიყოფა ოთხზე. თუ ჩვენებურის მაჩვენებელი (ამ შემთხვევაში 5,5) დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის ყველაზე დაბალ მაჩვენებელთა (ყველაზე ნაკლები საშუალო მაჩვენებელი უკეთესია) სამეულში მოხვდება, ზაზა "ოლ სტარში" ითამაშებს!

მაგრამ თუნდაც ჩვენ მიერ მოყვანილი ყველაზე იდეალური ვარიანტით (მე-10 ადგილი მედიის გამოკითხვაში საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა) ზაზა სამეულში, სავარაუდოდ, ვერ ხვდება.

მოკლედ, ჩვენებურის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ გაირკვა, როცა NBA-მ წესები შეცვალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფაჩულიას ფანებმა ხმის მიცემა შეწყვიტონ. როგორც თავად ზაზა ამბობს, ეს ერთგვარი რეკლამაა ჩვენი ქვეყნისთვის, რეკლამაა თავად კალათბურთელისთვის, რომელსაც ასე უჭერენ მხარს საკუთარ ქვეყანაში.

- ზაზა ფაჩულია: "ოლ სტარის" გამოკითხვით ერთგვარ რეკლამას ვუწევ საქართველოს

თანაც, ყოველთვის რჩება სათადარიგო ვარიანტი - დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელი "ოლ სტარის" მონაწილე სათადარიგო კალათბურთელებს თავად არჩევს და ჩვენ ხმების მრავლად მიცემით, მწვრთნელს ზაზას შევთავაზებთ. მით უფრო, რომ დიდი ალბათობით, დასავლეთის გუნდის თავკაცი ზაზას უშუალო მწვრთნელი "გოლდენ სტეიტში" სტივ კერი იქნება (როგორც დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდის მწვრთნელი).

NBA-ს ექსპერტების დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ დასავლეთ კონფერენციის "ყველა ვარსკვლავის" გუნდის სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება - სტეფ კარი, რასელ უესტბრუკი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი. აქედან, პირველ ოთხეულს პრაქტიკულად განაღდებული აქვს ადგილი. დევისის უპირველეს კონკურენტად კი ზაზას თანაგუნდელი დრეიმონდ გრინი ესახებათ. აუტსაიდერები არიან კარლ-ენტონი ტაუნსი, დემარკუს კაზინსი და ბლეიკ გრიფინი...

და მაინც, #NBAVOTE Zaza Pachulia!

- ამერიკელი კომენტატორი: ზაზა ფაჩულია დემარკუს კაზინსზე უკეთესია [VIDEO]
- მომენტი, სადაც ზაზა ფაჩულიამ დემარკუს კაზინსი არ გაახარა [VIDEO]
- ზაზა ფაჩულიას 10 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დაბოღმილ" "საკრამენტოსთან" [VIDEO]
- მატჩის საუკეთესო მომენტი - დურანტის ჩაჭრა, ფაჩულიას პასი და კარის ჩაგდება [VIDEO]
- ზაზა ფაჩულია "საკრამენტოს" შემდეგ: ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვერ გავიგე, ფანების ხმას თუ მნიშვნელობა არ აქვს და გადამწყვეტ როლს მაინც მედია და მწვრთენელები აკეთებენ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ზაზამ თუ 2 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ისე რომ გაორმაგებული ხმებბითაც ვერ დაეწიოს ვერცერთი, რა მაშინაც არ ექნება აზრი? გამარკვიეთ რააა
nana
11:26 11-01-2017
0
გრინი რანაირად ჩაჯდება დევისის ადგილზე - იქაც ცენტრის გარეშე აპირებს თამაშს?!
კირკიტა
09:17 11-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული