ზაზა ფაჩულია: ნაკრების მთავარი მიზანი 31 აგვისტოსთვის მაქსიმალურ ფორმაში ყოფნაა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გუშინ, 10 აგვისტოს, ჟურნალისტებთან მოახლოებულ "მერიის თასზე" ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თბილისშია და "მერიის თასისთვის" სპორტის სასახლეში ემზადება. "მერიის თასზე" ქართველთა მეტოქეები 12 აგვისტოს ჰოლანდია, 13-ში - უკრაინა და 14 აგვისტოს რუსეთის ნაკრებები იქნებიან. სამივე შეხვედრა სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარს შეადგენს.

"კარგია, რომ ამ ტურნირის ჩატარება ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა, რადგან შინ თამაშს ყოველთვის სხვა დატვირთვა აქვს - საკუთარი გულშემატკივრის წინ გამოსვლა და თამაში
ყოველთვის განსაკუთრებულია. მანამდე რამდენიმე ვარჯიში გვაქვს, რომელიც ამ ამხანაგური მატჩების მსგავსად ძალიან მნიშვნელოვანია: გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალი სისტემით და თითოეული ვარჯიში უმნიშვნელოვანესია. ვარჯიშებზე უნდა ვეცადოთ, გავიცნოთ ახალი სისტემა და უკეთესად შევეწყოთ მას.

ჩვენი მთავარი მიზანია, 31 აგვისტოსთვის ვიყოთ მაქსიმალურ ფორმაში. ვნახე ნაკრების 3 ამხანაგური მატჩი. ძალიან კარგად ითამაშა გუნდმა...

რაც შეეხება რუსეთს: მათ გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ, გუნდის 12-ივე კალათბურთელს ერთ დონეზე შეუძლია თამაში, თანაც, შინ თამაშობდნენ. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი, პირველისგან განსხვავებით, სულ სხვა კალათბურთი ვითამაშეთ. მაგრამ ეს არის ამხანაგური მატჩი, მოსამზადებელი პერიოდი როგორც ჩვენთვის, ისე მოწინააღმდეგე გუნდისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკურად რუსები უკეთ იყვნენ მომზადებულნი, მაგრამ ამით არაფერი წყდება...

პირადად მე ამ დროის განმავლობაში, სანამ ნაკრებში არ ვიყავი, ინდივიდუალურად ვემზადებოდი. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ გრძელი სეზონი მქონდა და იმედი მაქვს, უფრო გრძელი მელის წინ, მწვრთნელს რამდენიმე დღით დასვენება ვთხოვე. დასვენებაში გუნდურ ვარჯიშებს ვგულისხმობ, თორემ ინდივიდუალური ვარჯიში არ შემიწყვეტია. გუნდთან ერთად უკვე მეორე ვარჯიში ჩავატარე და თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. თამაშისა და ფიზიკური ფორმის მხრივ პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვარჯიშებზე შეთამაშება მჭირდება", - განაცხადა ნაკრების კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული