ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 31 აგვისტოდან სერიოზული თავგადასავალი ელის. ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს გუნდს ალბანეთის, სლოვაკეთისა და ჩერნოგორიის ბარიერის გადალახვა მოუწევს. ამ საქმეში კი ამერიკულ-ბერძნული დახმარება აუცილებლად დაგვჭირდება: გუნდს ბერძენი ილიას ზუროსი გაუძღვება, ხოლო უკანა ხაზში ნატურალიზებული მაიკ დიქსონი ითამაშებს.

როდესაც საქართველოში ამერიკელი კალათბურთელი ჩამოდის, მისგან ბევრს ვითხოვთ, თუმცა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ნატურალიზებული ერთიორად ფასობს, როდესაც სამქულიანებითაც სათანადოდ გვეხმარება.

მოდით, ერთად განვიხილოთ, რა გაუკეთებიათ ამერიკელებს პერიმეტრიდან
საქართველოსთვის და გავარკვიოთ, რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან.

საშუალოდ მატჩში მოგროვილი ქულების მიხედვით, შემონდ უილიამსი საქართველოს ნაკრებში ლიდერია - 20 ქულა. 2004 წელს თბილისში ფინეთს მესამე პერიოდში 12 ქულით ჩამოვრჩით. სწორედ ამ დროს შემონდმა სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა, ფარქვეშ შესასვლელად მაღალი ტექნიკური არსენალიც გამოიყენა და დაგვანახვა, რომ ჩვენი გუნდისთვის გამოცდილი უცხოელი საჭირო იყო.

უილიამსს "ბარსელონაშიც" უთამაშია და "ლეიკერსშიც". ასეთი დონის ამერიკელი საქართველოს ნაკრებში არ გამოჩენილა. მას ლიდერობის საკუთარ თავზე აღებაც შეეძლო და მოგებაც.

უილიამსს ტაირონ ელისი მოჰყვა...

- არ ვიცი, რას ვიზამდით ელისის გარეშე, რომელიც ჩვენი მთავარი იარაღი იყო პერიმეტრიდან ტყორცნებისას და დაცვაში, - თქვა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა 2008-09 წლების საკვალიფიკაციო ეტაპის შეფასებისას.

მაშინ ტრავმის გამო ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებოდა მანუჩარ მარკოიშვილი და თავადაც იოლად წარმოიდგენთ, მის არყოფნაში რაოდენ დაბალი იქნებოდა სამქულიანების ტყორცნის პროცენტი, რომ არა ელისი. სხვათა შორის, ტაირონი ამ მაჩვენებლით ნაკრების რეკორდსმენი იყო - 63 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, თუმცა მანუმ გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 84 რეალიზებული სამიანია.

Sportall.Ge

ელისის წასვლის შემდეგ დაგვეწყო "სამქულიანების" კრიზისი. თუ 2008-09 წლებში მატჩში საშუალოდ 9.9 სამქულიანს ვიყენებდით, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 4.5-მდე ჩამოვიდა, 2011-შიც ზუსტად 4.5 იყო.

როცა პერიმეტრიდან ასეთი დაბალი შედეგიანობით ისვრი, თამაშის მოსაგებად ფარქვეშიდან ორმაგი დატვირთვით გიწევს ბრძოლა.

2010 წელს საქართველოს ნაკრებში ტორინ გრინი თამაშობდა. მან სამქულიანით უკრაინასთან ამხანაგური მატჩი კი მოგვაგებინა, მაგრამ უფრო თამაშის ამწყობი კალათბურთელი იყო, ვიდრე მსროლელი. არადა, უმეტესად მსროლელის პოზიციაზე ირჯებოდა.

ტორინ გრინის დარად, მარკიზ ჰეინსიც ევროპაში ახალი ჩამოსული იყო, როცა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. როგორც გითხარით, მის დროსაც, ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გუნდი თამაშში 4.5 სამიანს აგდებდა.

შესაძლოა, ვინმემ თქვას - როცა საქმე უმაღლესი დონის შეჯიბრებასთან გაქვს, მეტოქეებიც ძლიერები არიან და სროლის პროცენტულობაც მოიკლებსო, მაგრამ სწორედ ამის საპასუხოდ დავწერთ: ასეთ დროს ნაკრებს არა გამოუცდელი, არამედ ევროლიგაში ჭიპმოჭრილი ამერიკელი უნდა ეხმარებოდეს და პროცენტულობა კი არ მოიკლებს, შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

2012 წელსაც იგივე გავიმეორეთ - დავიმატეთ ევროპაში ერთი წლის ჩამოსული ჯეიკობ პულენი. გრინისა და ჰეინსისგან განსხვავებით, იგი სამქულიანებს დაუფიქრებლად ესროდა და აგდებდა კიდეც.

Sportall.Ge

მაგალითად, ლატვიასთან უკანასკნელ წამზე მის მიერ რეალიზებული ტყორცნით ვიმარჯვეთ (79:76). თუმცა მანამდე იმავე პულენის დაშვებული შეცდომების გამო ლატვიელებმა კინაღამ გაგვასწრეს, ხოლო ბოსნიასთან ბოლო წამზე ჯეიკობს სამქულიანის სროლის ნაცვლად თავისუფალი მარკოიშვილი რომ დაენახა (რაც გამთამაშებელს არ უნდა ეშლებოდეს), მატჩსაც ალბათ, მოვიგებდით და პულენზეც უფრო დადებითად ვიმსჯელებდით.

ყოველივე ეს გაითვალისწინეს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, ევროლიგაზე გამოცდილი რიკი ჰიკმანი ჩამოიყვანეს. იგი, უილიამსისგან განსხვავებით, ლიდერობისკენ არ მიისწრაფოდა, პულენისგან განსხვავებით, დაუფიქრებლად არ ტყორცნიდა, ელისისგან განსხვავებით, ნაკლებ სამქულიანს ესროდა, თუმცა მისი კლასი გუნდს ძალიან ეხმარებოდა.

თავად მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი აღიარებს, რომ 2013 წელს ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავდა. ამიტომაც იყო, ამხანაგურად სერბეთი რომ დავამარცხეთ, ლიტვასთან ოვერტაიმი ვითამაშეთ, ევრობასკეტის გახსნის მატჩში პოლონეთი გავაბითურეთ, ხოლო სლოვენიასთან და ხორვატიასთან ბოლო წამებზე დავმარცხდით.

Sportall.Ge

წინა ევრობასკეტთან შედარებით, რეალიზებული სამქულიანების რაოდენობამ თითქმის ორი პუნქტით იმატა - 6.2.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე დაგვიბრუნდა ჯეიკობ პულენი, რომელსაც 2012 წელს, შესარჩევზე 49-დან 9 სამქულიანი ჰქონდა ჩაგდებული. ევრო-2015-ზე, წინა ევრობასკეტთან შედარებით, სამქულიანების რეალიზების მაჩვენებელმა კიდევ მოიმატა - 7.0. თუმცა უმთავრესად მანუჩარ მარკოიშვილის შემწეობით, რომელიც თამაშში საშუალოდ 2.2 სამიანს აგდებდა, ერთი პუნქტით მეტს, ვიდრე პულენი.

წლეულს მარკოიშვილს ტრავმა აქვს, დიდი ალბათობით, ვერ დაგვეხმარება. ამიტომ ერთიორად ფასეულია სამქულიანების ძლიერი მსროლელი ამერიკელი. მართალია, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძეც კარგად ტყორცნიან პერიმეტრიდან, მაგრამ მაიკლ დიქსონის სამიანებიც აუცილებლად დაგვჭირდება.

საქართველოს ნაკრების ამერიკელ ახალწვეულს შორი დისტანციიდან ტყორცნა რომ შეუძლია, გასულ სეზონშიც გამოჩნდა. ვითიბი ლიგაზე თამაშში საშუალოდ 5.2-ჯერ სტყორცნიდა და 2.1-ს აგდებდა. 39.8-პროცენტიანი სიზუსტე მშვენიერია.

თუმცა დიქსონმა საწყის საკონტროლო მატჩებში თამასა მეტად მაღლა ასწია: პორტუგალიასთან 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, ბელ-რუსთან - 6-დან 6, ხოლო რუსეთთან - 6-დან 2. სამი მატჩის ჯამში 15-დან 9 სამიანი (60%) ურიგო შედეგი სულაც არ არის, მაგრამ მეტი სტაბილურობა სჭირდება.

ოფიციალურ მატჩებამდე დროც საკმარისია, საკონტროლო შეხვედრებიც და იმედი დავიტოვოთ, რომ შესარჩევის დასრულების შემდეგ თავისუფლად შეგვეძლება დიქსონის ელისთან შედარება, ელისთან, რომელიც უცხოელთაგან ყველაზე მეტად გამოადგა საქართველოს ნაკრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეც მომეწონა სტატია
Z.LO
22:01 10-08-2016
0
ბევრი პრობლემებია. ნაკრებს ისედაც "მოკლე სკამი" აქვს და კიდევ რამდენიმე კალათბურთელის ტრავმირებული. ცქიტიშვილს ქრონიკული ტრავმები აქვს და ნაკრებზე თავად თქვა უარი. მარკოიშვილი ტრავმირებულია და ამჟამად საერთოდაც უგუნდოდ არის, ცინცაძეს და შენგელიასაც მცირე პრობლემები აქვთ. მოკლედ, მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, შესარჩევში მონტენეგროს უძლიერესი ნაკრების დასამარცხებლად, რომელშიც NBA-ს სამი კალათბურთელი თამაშობს.
levani
16:01 10-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული