მაიკლ დიქსონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ნაკრების სრულფასოვანი წევრია

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონი საქართველოს მოქალაქეა. 25 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა, რომელმაც გასული სეზონი ჩეხურ "ნიმბურკში" გაატარა და ცოტა ხნის წინ ბერძნულ აეკ-თან გააფორმა კონტრაქტი, 22 ივლისს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, საქართველოს საელჩოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეიბა მიიღო.

ამით საბოლოოდ გადაწყდა, რომ სწორედ დიქსონი დაიცავს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევ ტურნირში.

დიქსონი საქართველოს ნაკრებს 14 ივლისს, თბილისში შეუერთდა და ილიას ზუროსის გუნდს შეკრებაზე სლოვენიაში გაჰყვა. მანამდე, ივნისის შუა რიცხვებში, დიქსონი თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის სახელზე განაცხადი შეიტანა. დიქსონმა
პროფესიონალიზმი გამოავლინა და იმ ორ დღეში,რაც თბილისში იმყოფებოდა, ვარჯიში ითხოვა. ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მან ორ საღამოს ივარჯიშა და იქ მყოფ ახალგაზრდა ბიჭებს კალათბურთიც ეთამაშა, ხოლო ახალ სპორტის სასახლეში სტუმრობისას, მან საქართველოს ეროვნული ნაკრების დიდ ბანერთად გადაიღო სურათი.

დიქსონი ეროვნული ნაკრების მენეჯერ პაატა ლობჟანიძესთან ერთად პოდჩეტრტეკიდან ლიუბლიანაში ჩავიდა, საქართველოს საელჩოში მივიდა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

სლოვენიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბექაიამ, ელჩის მრჩეველმა თამარ ონაშვილმა და მათმა თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ჩვენი ნაკრების ამერიკელ წევრს დროულად მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. თბილისში მდებარე იუსტიციის სახლთან კოორდინირებული და ონლაინ-კავშირით საქართველოს საელჩოში შესაბამისი საბუთები შეივსო, რის საფუძველზეც მაიკლ დიქსონს პირადი ნომერი და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მადლობას უხდის სლოვენიაში საქართველოს ელჩს და მის თანამშრომლებს იმ ყურადღებისა და დახმარებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩვენი ეროვნული გუნდის მიმართ.

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში პირველ მატჩს 2 აგვისტოს, პორტუგალიასთან ჩაატარებს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დადეტ ვიდეო რას წარმოადგენს ეს კაწი
შოთა გუგეშაშვილი
10:35 24-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული