მიხეილ გაბრიჩიძე: იგორ კოკოშკოვთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში მეტი აქტუალობა შეიძინა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემამ. დარჩება იგორ კოკოშკოვი? თუ არა, მაშ ვინ შეცვლის? - ასეთი შეკითხვები ხშირად გაისმის.

ნაკრების მწვრთნელის გარდა არის კიდევ უარავი საინტერესო საკითხი, რომლებზეც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან ინტერვიუში შევეხეთ.

საუბარი მწვრთნელის ამბით დავიწყეთ.

- იგორ კოკოშკოვს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებთან ხელშეკრულების ორწლიანი ვადა ამოეწურა. მისი მოქმედება ნორმალური იყო: ქართველ საზოგადოებას ღია წერილით მადლობა გადაუხადა. ცხოვრება ისეთია, წინასწარ ნამდვილად არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში
აღარ იმუშავებს.

- მის მიერ გაწეული სამუშაოთი რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?
- ძალიან კარგი მწვრთნელია, დადებითი პიროვნებაა. კმაყოფილი ვართ მისი საქმისადმი მიდგომით, საქართველოს ხომ მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, გაფორმდება თუ არა მასთან ახალი კონტრაქტი, სამომავლოდ აუცილებლად ვითანამშრომლებთ, იგი ყოველთვის დარჩება ჩვენს ძალიან ახლო მეგობრად.

- ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენი კანდიდატურა განიხილება?
- იგორ კოკოშკოვს თუ არ ჩავთვლით, სამი. ოღონდ, ჯერ კონკრეტულ მოლაპარაკებებამდე საქმე არც ერთთან არ მისულა. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ იანვრისთვის კიდევ სხვა კანდიდატი გამოიკვეთოს.

- რა კრიტერიუმებით არჩევთ კანდიდატებს?
- გვსურს კონტარქტი მაღალი დონის სპეციალისტთან გავაფორმოთ, თუმცა ეს არცთუ ისე იოლი საქმეა, რადგან ტოპმწვრთნელს ტოპხელფასი სჭირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, ახალ მწვრთნელს სანაკრებო გამოცდილებაც ჰქონდეს, რადგან კლუბსა და ნაკრებში მუშაობა, სპეციფიკურად ძალიან განსხვავდება.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
- მერვედფინალურ ეტაპზე ლიტვასთან მატჩის დასრულების შემდეგ ფიბა-ს ხელმძღვანელები მოვიდნენ და მადლობა გვითხრეს მაღალი დონის თამაშისთვის, მერვედფინალებიდან ყველაზე საინტერესო სწორედ საქართველო-ლიტვა იყოო. შემდეგშიც, ახალგაზრდული კომისიის სხდომისთვის რომ ჩავედი, ყველამ ერთხმად აღნიშნა საქართველოს პროგრესი.

- ამასწინათ ფიბა-მ სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლებთან ერთად ევრობასკეტი 2017-ის მასპინძლები დაასახელა...
- ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე განაცხადი ჩვენც გვქონდა შეტანილი, თუმცა კულუარულ საუბრებში, ფიბა-ს წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ რეალური შანსი მაშინ გვექნებოდა, თბილისში მინუმუმ 12 ათასიანი დარბაზი რომ ყოფილიყო. საბოლოოდ, მოგეხსენებათ, ოთხი ჯგუფის მასპინძლებად ფინეთი, რუმინეთი, ისრაელი და თურქეთი დაასახელეს.

დიდი ფორუმების ჩასატარებლად დიდი დარბაზებია საჭირო. ამასთან, ვაწყდებით მგზავრობის პრობლემებს, საქართველოში ჩამოსვლა იოლი სულაც არ არის, მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდებს ტრანზიტული რეისებით უწევთ მგზავრობა... სასურველია, სასტუმროებსაც უფრო ხელმისაწვდომი ფასები ჰქონდეს...

- ახალგაზრდული ჩემპიონატების მასპინძლობაზეც გქონდათ განაცხადი შეტანილი.
- 18-წლამდელ ვაჟთა შორის B დივიზიონის, ხოლო ამავე ასაკის გოგონებში C დივიზიონის მასპინძლობაზე. რადგან ფიბა-ს ეგიდით გამართული შეჯიბრებები საქართველოში აქამდე ერთხელაც არ ჩატარებულა, პირველ ჯერზე ქალთა შორის C დივიზიონის მასპინძლობის უფლება მოგვცეს. სათანადოდ უნდა მოვემზადოთ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ...

- საკლუბო თემით განვაგრძოთ. ვითიბი ლიგაზე "ვითას" გამოსვლა არაერთგვაროვნად ფასდება. როგორია თქვენი პოზიცია?
- იდეა გადასარევია, რადგან ქართული კალათბურთის წინსვლისთვის აუცილებელია ჩვენი გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე რეგულარულად გამოდიოდნენ. იმის გამო, რომ შეზღუდულ ვადებში შეიკრიბა გუნდი, ბევრი კარგი კალათბურთელი დაკავებული იყო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. იმედი მაქვს, "ვითა" გაისად უფრო ძლიერი გუნდი იქნება.

- კალათბურთის განვითარების პროექტმა სუპერლიგის გუნდებს მეტი სტაბილურობა შესძინა...
- პირველობა საინტერესოდ მიმდინარეობს, რასაც თუნდაც ერთი ფაქტი ადასტურებს - ბოლო წლებში ამდენი ოვერტაიმი, რამდენიც ახლანდელ სუპერლიგაშია, არ ყოფილა. გუნდები მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან დაკომპლექტებულნი და მოტივაციაც სერიოზული აქვთ.

- ფულად მოტივაციას გულისხმობთ, თუ სატურნირო სისტემის შეცვლის შედეგებს?
- ორივეს. აქამდე პლეი ოფში რვავე გუნდი გადიოდა, რის გამოც რეგულარული ჩემპიონატი ნაკლებად საინტერესო იყო. ამჯერად პლეი ოფში 4 გუნდი გადის და ბრძოლას ნახევარფინალში განაგრძობს. ცხრილის ქვედა ზონაში ბოლო ადგილზე გასული ოთხი გუნდი ლიგაში დარჩენისთვის წრიული სისტემით ითამაშებს. ბოლოადგილოსანი ავტომატურად ვარდება, რაც შეჯიბრებას დამატებით დაძაბულობას შემატებს.

გარკვეულწილად სისტემის შეცვლის ბრალიცაა, გუნდები ამჟამინდელ სუპერლიგაში დროულად რომ დაკომპლექტდნენ. ყველას თავიდანვე სჭირდება ქულები კვარტეტში გასასვლელად.

- ფინანსურ მოტივაციაზეც გკითხავთ.
- შარშან, იანვრიდან მაისამდე გუნდებმა 300-300 ათასი ლარი მიიღეს, ხოლო წლევანდელი სეზონის წინ 100 ათასი დაემატა. წინა სეზონთან შედარებით სუპერლიგის გუნდებს დაფინანსება 50-50 ათასი ლარით გაიზარდა. 2015-16 წლების სეზონის განმავლობაში 330 ათასს მიიღებენ, ხოლო ვინც უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და ისინი, ვინც ქვედა ლიგიდან გადმოვა 2016-17 წლების დასაწყისში - კიდევ 120 ათას ლარს.

საკმარისად მაღალი საპრიზო ფონდიც გვაქვს: ჩემპიონს 100 ათასი ლარი ერგება, მეორეადგილოსანს - 70 ათასი, მესამეს - 50 ათასი, მეოთხეს - 30 ათასი.

საქართველოს თასის გათამაშებისთვის ინტერესი რომ შეგვემატებინა, გამარჯვებულისთვის საპრიზო ფონდი დავაწესეთ - 50 ათასი ლარი. აქვე იმასაც დავამატებ, რომ პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდებს ნაცვლად 50 ათასისა, 60 ათასი ლარი დაერიცხებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ვაჟა(სტატის ავტორს მივმართავ) და გაზეთ ლელოს ჟურნალისტებო გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ვითასთან დაკავშირებით,რა ხდება,რა გუნდი გააკეთეს ესეთი რომ თამაშს ვერ იგებენ,მოთამაშეები გარბიან,უკვე გოოგეც გაიქცა...ძალლიან გთხოვთ გაგვაგებინეთ რა ტიპის პროექტი იყო ეს ვითა საერთოდ და რატომ დააბოლეს ქართული საზოგადოება და რატომ არცხვენენ ჩვენი ქვეყნის სახელს?! თუ არ ქონდათ თავი ნუ აკეთებდნენ საერთოდ გუნდს...
კოღო
14:49 26-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული