ბექა ბურჯანაძე: ხორვატიასთან რევანშის აღება ძალიან მინდა

AutoSharing Option
2009 წელს ზაზა ფაჩულიამ მითხრა:

- A დივიზიონის საგზური დიდი წვალების შედეგად მოვიპოვეთ. ახლა ნაკრებს კიდევ უფრო სჭირდება დახმარება, უნდა მივხედოთ შიდა პირველობას, ბავშვთა კალათბურთს, რათა ნაკრებში ღირსეული შემცვლელები მოვიდნენ და ჩვენი ნაშრომი ერთი ხელის მოსმით წყალში არ ჩაიყაროს. მოზარდთა კალათბურთსაც თვალს ვადევნებ და როგორც ვატყობ, ერთი გამორჩეული ბავშვია - 16-წლამდელთა ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე... ერთი ძალიან ცოტაა.

ბექა და ზაზა ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, თუმცა ფაჩულიას ეს ნაცნობობით არ უთქვამს - ბურჯანაძე 18-წლამდელთა ნაკრებში რომ გამოიძახეს, მაშინ გუნდში მასზე ორი წლით
უფროსები თამაშობდნენ, თუმცა ძალიან ბევრს აღემატებოდა ღონით, გაბარიტებით, რაც მისი შრომისმოყვარეობის შედეგი იყო. ბექასაც ზაზასავით ხასიათი აღმოაჩნდა: მიზანი დაისახა და არაფერს იშურებს მის მისაღწევად.

შეიძლება ითქვას, მიაღწია კიდეც - 2013 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

- თუ სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის ნაკრების გაცნობისა იყო, 2014 წელს, შესარჩევ ეტაპზე უკვე სათამაშო დროც მეტი მქონდა, ფუნქციაც და მწვრთნელიც უფრო მენდობოდა. ვცდილობდი, დავალებები ზედმიწევნით შემესრულებინა და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა დასახული ამოცანა კარგად შეასრულა, მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.

- ბევრი თამაში წარიმართა დაძაბულად, ნერვიულად. ეს განსაკუთრებით იმოქმედებდა 19 წლის ახალგაზრდაზე...
- თამაშისას ნამდვილად არ ვღელავდი, გვერდში ხომ ნაკრების გამოცდილი წევრები მყავდა, რომლებმაც შესანიშნავად იციან, როგორ უნდა დიდი თამაშების მოგება. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, სტუმრად ორი მატჩი რომ დავთმეთ, ხოლო პორტუგალიაში გასამარჯვებლად ოვერტაიმი დაგვჭირდა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ჩვენი გუნდის გამოცდილებამ თავისი გაიტანა, უნგრეთთან თბილისში 20-ქულიანი მოგებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

- შემდეგი ეტაპი ევრობასკეტი 2015-ია. რას უნდა ველოდეთ?
- ამ თემაზე ბევრი სტატია წავიკითხე. ყველა კალათბურთელი სხვადასხვაგვარად მსჯელობს, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება - თუ ჩემპიონატს ჯანმრთელები შევხვდებით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

საქართველოს დარი გუნდისთვის ერთი-ორი მოთამაშის გამოკლებაც ბევრს ნიშნავს. მეტოქეები სერიოზული გვყავს: საბერძნეთი, ხორვატია და სლოვენია 2014-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდიოდნენ.

მწარედ მახსენდება ევრო-2013-ზე ხორვატიასთან ბოლო წამებზე წაგება. ძალიან მინდა, რევანში ზაგრებში ავიღოთ. ჰოლანდიელი მეფარის, ჰენკ ნორელის წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატში მითამაშია, ხოლო ბერძენ იანის ანტეტეკუნმპოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან ვიცნობ.

ზოგადად, ყველა მეტოქის შესახებ ვიცით ბევრი რამ და დარწმუნებული ვარ, ევრობასკეტის წინ თითოეულ მათგანს მაქსიმალურად კარგად შევისწავლით.

- მანამდე საკლუბო სეზონია. წინა წლებში სათამაშო დრო შეზღუდული გქონდა, ახლა ამ მხრივ დასაჩივლი არაფერია...
- სეზონის დასაწყისში კონტრაქტით "სევილიას" ვეკუთვნოდი, თუმცა საქართველოს ნაკრები შესარჩევს რომ თამაშობდა, გუნდი სწორედ მაშინ დაკომპლექტდა, შეიცვალა მწვრთნელი, ხელმძღვანელობა და წინასწარ ცხადი იყო - ბევრი სათამაშო დრო არ მექნებოდა. არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს სათამაშო პრაქტიკა ახალგაზრდა კალათბურთელისთვის.

ჩემი მენეჯერი ახალი კლუბის ძიებას შეუდგა. ვიდრე მოძებნიდა, ნაკრების მატჩების შემდეგ სევილიაში ჩავედი და გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. მსურდა, ახალ გუნდში სათანადო კონდიციებით მივსულიყავი.

- "კორუნიას" ვარიანტი მალევე გამოჩნდა...
- ასეა. თუმცა გუნდში რომ მივედი, სეზონი უკვე დაწყებული იყო.

- ამის მიუხედავად, მალევე ჩაჯექი სასტარტო შემადგენლობაში...
- ორი მიზეზით: გუნდში რომ მივედი, კარგ ფორმაში ვიყავი; და მეორე - "ბასკეტ კორუნიას" სწორედ ჩემი ამპლუის კალათბურთელი სჭირდებოდა. მძიმე ფორვარდად ვთამაშობ, თუმცა ჩვენს გუნდში ეს კლასიკური მეოთხე ნომერი არ არის. შეტევისას ოთხი კალათბურთელი პერიმეტრზე ავდივართ, ხოლო ერთი ფარქვეშ მუშაობს. ასე რომ, "კორუნიაში" მძიმე თუ მსუბუქი ფორვარდის ფუნქციები დიდად არ განსხვავდება. ამიტომაც ხშირად ვტყორცნი სამქულიანებს. ამას საქართველოს ნაკრებშიც ვაკეთებ, თუმცა გასულ შესარჩევზე უფრო ფართან ახლოს ვთამაშობდი.

- ლა კორუნია როგორი ქალაქია?
- წყნარია. სევილიასთან შედარებით, ბევრად პატარაა, ლამაზი პლაჟით, მშვენიერი შენობებით. ხშირად წვიმს და ქარიცაა, თუმცა, როგორც ამბობენ, ტურისტების მიზიდულობის თვალსაზრისით, ესპანეთში მესამე ქალაქია - ბარსელონისა და სან-სებასტიანის შემდეგ.

- ესპანეთის "ოქროს ლიგაში" სატურნირო ცხრილის შუაში ხართ. რა მიზნებს ისახავთ წლევანდელ სეზონში?
- რეგულარული ეტაპი 17 აპრილს მთავრდება. იმ დროისთვის "ოქროს ლიგაში" პირველ ადგილზე ვინც იქნება, ავტომატურად მიიღებს უმაღლესი ლიგის საგზურს. დანარჩენი რვა კლუბი პლეი ოფში დაწყვილდება, გამარჯვებული რეგულარულის პირველადგილოსანს შეუერთდება და ACB-ში ითამაშებს.

ასე რომ, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა საუკეთესო 9 გუნდს შორის მოხვედრაა. გვაქვს ერთგვარი პლუსიც: მეორე წრეში უშუალო კონკურენტებს შინ ვიღებთ. ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე გასვლას ვიმსახურებთ, რადგან აქამდეც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს, ზოგიერთი ფავორიტი მისსავე მოედანზე დავამარცხეთ. დანარჩენი რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს გამოჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული