გიორგი შერმადინი: მთავარია, ევრობასკეტზე ვინ ვის ჩამოიყვანს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინი სხვადასხვა დროს თამაშობდა სლოვენიისა და საბერძნეთის კლუბებში, კარგად იცნობს ჰოლანდიელ, ხორვატ და მაკედონიელ კალათბურთელებს. ასე რომ, საინტერესო უნდა იყოს ევრობასკეტის წილისყრის მისეული შეფასება.

- სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი... ერთმანეთზე უკეთესი ნაკრებებია. ევროპის ჩემპიონატი მომავალი წლის სექტემბერში დაიწყება და დიდი მნიშვნელობა ექნება, რომელი გუნდი ვის ჩამოიყვანს ხორვატიაში. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებზეც. იმედი მაქვს, ევროპაზე ოპტიმალური შემადგენლობით ვიასპარეზებთ.

როგორც ბერძენთა დამრიგებელი, ფოტის კაცაკარისი ამბობს, გუნდში დაბრუნების სურვილი ვასილის სპანულისმა გამოთქვა.

- სპანულისიანი საბერძნეთი სულ სხვაა. იგი ცალკე
გუნდია. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი იქნება. ფავორიტთა შორის უნდა ჩავწეროთ ხორვატია და სლოვენია.

ხორვატები მასპინძლები არიან, სლოვენიელები, ასე ვთქვათ, თანამასპინძლები. ქომაგის სიუხვით ვერ გავეჯიბრებით, თუმცა მათი ძლევა რომ შეგვიძლია, ევრო-2013-ზეც გამოჩნდა.

სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორივე გუნდს თანაბრად ვეთამაშეთ და ბოლო წამებზე დავმარცხდით. შარშან ხომ ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას გარეშე გვიწევდა ასპარეზობა.

საინტერესოა, რისი იმედი უნდა გვქონდეს ევრობასკეტზე?

- ევროპის ჩემპიონატამდე მწვრთნელები ყველა მეტოქეს კარგად შეისწავლიან, ჩვენც სათანადოდ მოვემზადებით და რა შანსი გვაქვს, მერე უკეთ გამოჩნდება. რაც შეეხება მაკედონიასა და ჰოლანდიას, ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია მათაც ექნებათ.

მთავარია, როგორ შემადგენლობებს შეკრებენ. მაგალითად, გასულ შესარჩევზე არ ითამაშა ჰენკ ნორელმა, რომელიც ჩემთან ერთად "სარაგოსაში" გამოდიოდა. თუმცა, არა მგონია, თუ სწორად მივუდგებით, ჰოლანდიელების ძლევა ნორელის დამატების შემდეგაც ვერ შევძლოთ. მაკედონია კი ჯგუფის ნებისმიერი გუნდისთვის მეტად სახიფათო მოწინააღმდეგე იქნება.

გიორგი შერმადინის დამატების შემდეგ "კანტუმ" ევროთასზე მდგომარეობა გამოისწორა და მომდევნო ეტაპის საგზურიც გაინაღდა.

- კარგ ფეხზე ჩამოვედი იტალიაში. ვიდრე გუნდში ჩავირიცხებოდი, "კანტუს" ერთი მოგება ჰქონდა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იყო. მას მერე თამაში არ წაგვიგია და ჯგუფიდან გამსვლელ ოთხ გუნდში მოხვედრაც დავიბევეთ. ბოლო ორ ტურში ჯერ "ვილერბანთან" ვითამაშეთ, შემდეგ "დიჟონთან".

პირველ მატჩში 10-ქულიანი სხვაობით უნდა მოგვეგო, რომ საჭიროების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრაში ბურთების უკეთესი შეფარდება დაგვებევებინა.

რთული თამაში იყო და ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანით მივაღწიეთ სასურველ სხვაობას.

დიჟონელებსაც კარგი გუნდი ჰყავთ და ევროთასიც დამაჯერებლად დაიწყეს. მათთან პირველ ტაიმში თანაბარი თამაში გამოვიდა, მესამე პერიოდში კი სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, დიდი სხვაობითაც გავიმარჯვეთ და მომდევნო ეტაპზეც გავედით.

გაინტერესებთ, რატომ სტყორცნის გიორგი შერმადინი საჯარიმოებს მაღალი პროცენტული სიზუსტით? პასუხს ვრცელ ინტერვიუში მიიღებთ, რომელიც ჟურნალ "ლელო week"-ის შაბათის ნომერში გამოქვეყნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული