ფიბამ წილი ჰყარა - ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფები და კალენდარი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრება და ბალკანურ გარემოცვაში მერვედფინალში გასვლისთვის იბრძოლებს. ასეთი სურათი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 8 დეკემბერს გამართულმა წილისყრამ დაგვიხატა.

ევრობასკეტის ოთხ ჯგუფში სათამაშოდ გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდნენ: საფრანგეთში, გერმანიაში, ხორვატიასა და ლატვიაში. მასპინძლებს პარტნიორი ქვეყნების არჩევის საშუალება მიეცათ. საფრანგეთმა ფინეთი აირჩია, გერმანიამ - თურქეთი, ხორვატიამ - სლოვენია, ხოლო ლატვიამ - ესტონეთი.

ასე რომ, წილისყრის დაწყებამდე ცნობილი იყო ჯგუფებში ორ-ორი გუნდის ვინაობა.

ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები გერმანულ ჯგუფში ვერ მოხვდებოდა, რადგან ალემანები
ჩვენსავით მეხუთე კალათაში იყვნენ მოქცეულნი. აქედან გამომდინარე, სასიამოვნო სანახავი იყო, ერთმანეთის მიყოლებით როგორ მიემართებოდნენ ბერლინური ჯგუფისკენ ესპანეთი, იტალია, თურქეთი, სერბეთი...

საქმე მეხუთე კალათამდე რომ მივიდა, ავცდით ფრანგებს, გერმანელებს და რჩებოდა ორი ვარიანტი: ბალკანური ან ბალტიისპირული ჯგუფი. ბალკანური შეგვხვდა და მომავალ სექტემბერს სლოვენიასთან, ხორვატიასთან, მაკედონიასთან, საბერძნეთთან და ჰოლანდიასთან მოგვიწევს საქმის გარკვევა.

ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გადის და მერვედფინალში ეთამაშება D ჯგუფის კვარტეტს: პირველი - მეოთხეს, მეორე - მესამეს და ა.შ. პლეი ოფი საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ევრობასკეტი 2015 რიოს ოლიმპიადის (2016) შესარჩევი ტურნირიცაა. ოლიმპიადის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები, ხოლო დანარჩენი ოთხი მომავალ ზაფხულს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

A ჯგუფი
მონპელიე, საფრანგეთი
საფრანგეთი, ფინეთი, ბოსნია, პოლონეთი, ისრაელი, რუსეთი

საფრანგეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ეს ქვეყანა ჯგუფურ ეტაპსაც უმასპინძლებს და პლეი ოფსაც.

A ჯგუფის მატჩები სამხრეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართება, ხოლო მერვედფინალის სათამაშოდ გუნდები საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილში შეიკრიბებიან.

ფრანგებმა ჯგუფის პარტნიორებად ფინელები აირჩიეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლები გამოკვეთილი ფავორიტები არიან. დანარჩენებს ლილში ასვლის მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ.

კალენდარი
5 სექტემბერი
პოლონეთი-ბოსნია
საფრანგეთი-ფინეთი
ისრაელი-რუსეთი

6 სექტემბერი
რუსეთი-პოლონეთი
ფინეთი-ისრაელი
საფრანგეთი-ბოსნია

7 სექტემბერი
ფინეთი-რუსეთი
საფრანგეთი-პოლონეთი
ისრაელი-ბოსნია

9 სექტემბერი
საფრანგეთი-რუსეთი
ბოსნია-ფინეთი
პოლონეთი-ისრაელი

10 სექტემბერი
ბოსნია-რუსეთი
საფრანგეთი-ისრაელი
ფინეთი-პოლონეთი

B ჯგუფი
ბერლინი, გერმანია
ესპანეთი, სერბეთი, თურქეთი, იტალია, გერმანია, ისლანდია

გერმანიაში ევროპული კალათბურთის ტიტანები შეიკრიბნენ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ექვსიდან ხუთ გუნდს უკანასკნელ 21 წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მინიმუმ ერთხელ მაინც აქვს მოგებული.

იცით, რატომ განაწილდა გუნდები ასე არათანაბრად? იმიტომ, რომ ბოლო დროს იტალიელები და გერმანელები დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა შემადგენლობის მიხედვით ნამდვილად არაფერი დაეწუნებათ.

კალენდარი
5 სექტემბერი
იტალია-თურქეთი
ესპანეთი-სერბეთი
გერმანია-ისლანდია

6 სექტემბერი
ისლანდია-იტალია
სერბეთი-გერმანია
თურქეთი-ესპანეთი

8 სექტემბერი
სერბეთი-ისლანდია
ესპანეთი-იტალია
გერმანია-თურქეთი

9 სექტემბერი
ისლანდია-ესპანეთი
თურქეთი-სერბეთი
იტალია-გერმანია

10 სექტემბერი
თურქეთი-ისლანდია
გერმანია-ესპანეთი
სერბეთი-იტალია

C ჯგუფი
ზაგრები, ხორვატია
ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია, საქართველო, ჰოლანდია

ჩვენს ჯგუფს ვერც ფავორიტთა თავშეყრის ადგილს დავარქმევთ და ვერც აუტსაიდერების ნავსაყუდელს. საშუალოზე მაღალი დონის ნაკრებებია თავმოყრილი და ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ჯგუფია.

ევრო-2013-ზე საქართველოს ნაკრებს სლოვენიისა და ხორვატიის გაცნობის საშუალება ჰქონდა. ორივესთან ბოლო წამებზე წავაგეთ, თან სლოვენიას მსაჯებიც მიეხმარნენ. რაც მთავარია, 2013-ში საქართველოს ნაკრებში ვერ თამაშობდნენ ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია.

თუნდაც ამ მატჩების გათვალისწინებით, ჩვენი ნაკრები ევროპის საშუალოზე მაღალი დონის გუნდად უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც, ვფიქრობთ, ჯგუფის ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. მთავარია რესურსის ბოლომდე გამოყენება და ძალების ერთგვარად გამოზოგვა.

მაკედონიასთან ჩვენი ანგარიში გვაქვს: სწორედ ამ გუნდმა ჩაგვტოვა მეორე ეშელონში 2005 წელს. არადა, მაშინ ერთით მეტი რომ მოგვეგო, ევროელიტაში 2009 წელს კი არა, ოთხი წლით ადრე გავერეოდით.

მაკედონიას წლეულსაც ვეთამაშეთ (ამხანაგურად), 16 სამქულიანი მივიღეთ და დავმარცხდით.

საბერძნეთის ნაკრები სტაბილურობით ვერ გამოირჩევა, არადა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. იმედი დავიტოვოთ, რომ მაინცდამაინც 2015 წლის ევრობასკეტს არ დაემთხვევა მათი აღმავლობა.

ჰოლანდია თითქოს აუტსაიდერია, იგი 2012 წელს შესარჩევ მატჩებში უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ალმერეში 91:88 დაგვამარცხა და არც ის, ევრობასკეტი 2015-ის შესარჩევ ეტაპზე მაკედონია რომ მოიტოვა უკან.

კალენდარი
5 სექტემბერი
მაკედონია-საბერძნეთი
ხორვატია-სლოვენია
საქართველო-ჰოლანდია

6 სექტემბერი
ჰოლანდია-მაკედონია
სლოვენია-საქართველო
ხორვატია-საბერძნეთი

8 სექტემბერი
სლოვენია-ჰოლანდია
ხორვატია-მაკედონია
საქართველო-საბერძნეთი

9 სექტემბერი
ხორვატია-ჰოლანდია
საქართველო-მაკედონია
საბერძნეთი-სლოვენია

10 სექტემბერი
ხორვატია-საქართველო
საბერძნეთი-ჰოლანდია
სლოვენია-მაკედონია

D ჯგუფი
რიგა, ლატვია
ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი

წილისყრისას ჯგუფები რომ ნაწილდებოდა, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო იმის სათქმელად, სად ვისურვებდით საქართველოს ნაკრებს - D ჯგუფში, სადაც ჩვენმა მეგობრებმა მოიყარეს თავი, ბალტიისპირელებმა და უკრაინელებმა.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრებს ახლო წარსულში ყველა მოწინააღმდეგესთან აქვს წარმატებით ნათამაშები და ყველაზე დიდი შანსი სწორედ ამ ჯგუფიდან გასვლისა გვქონდა.

ჭკვიანურად გათვალეს ლატვიელებმა: პარტნიორად ესტონეთი აირჩიეს, რადგან ბოლო კალათიდან სულაც არ სურდათ უფრო ძლიერი რუსეთის რიგაში ჩასვლა. ამასობაში დაიტოვეს კარგი შანსი ლიტველებთან შეხვედრისა, რადგან პირველი კალათიდან არამასპინძელი მხოლოდ ლიტვა და ესპანეთი დარჩნენ.

კალენდარი
5 სექტემბერი
ლატვია-ბელგია
ლიტვა-უკრაინა
ჩეხეთი-ესტონეთი

6 სექტემბერი
ესტონეთი-ბელგია
უკრაინა-ჩეხეთი
ლატვია-ლიტვა

7 სექტემბერი
უკრაინა-ესტონეთი
ლიტვა-ბელგია
ლატვია-ჩეხეთი

9 სექტემბერი
ესტონეთი-ლიტვა
ლატვია-უკრაინა
ჩეხეთი-ბელგია

10 სექტემბერი
ლატვია-ესტონეთი
ჩეხეთი-ლიტვა
უკრაინა-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტყუილებს ნუ წერთ 6-დან 5ს კი არა 6-დან 4ს აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი. თურქეთსა და ისლანდიას არ მოუგიათ არასოდეს
ირაკლი
19:11 09-12-2014
0
მეოთხეზე უნდა გავიდეთ წესით. მაკედონია დასუსტებულია და ჰოლანდიასაც უნდა მოვუგოთ და გავალთ პლეიოფში
შაკო
11:49 09-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული