რა სისტემით ჩატარდება ევრობასკეტი 2011?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატი მოახლოვდა, ყველაზე მეტი კითხვა მაინც საქართველოს ნაკრების ირგვლივ ტრიალებს: როდის გაიმართება ევროპის ჩემპიონატის წილისყრა? რა სისტემით ჩატარდება ევრობასკეტი? რა შანსი აქვს ჩვენს ნაკრებს?
ბოლო კითხვაზე პასუხს მომავალი წლის სექტემბერში მივიღებთ - ევროპის პირველობა 3-18 სექტემბერს გაიმართება.

არც დანარჩენ კითხვებზე გვაქვს ზუსტი პასუხი, რადგან ფიბა-ევროპის მესვეურებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისთვის ჯერ არც წილისყრის გამართვის თარიღი და არც შეჯიბრების გამართვის სისტემა უცნობებიათ. ასე რომ, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეიძლება ასი პროცენტით არ განხორციელდეს, თუმცა უცხოურ გამოცემებზე დაყრდნობით უკვე შეგვიძლია
ევროპის ჩემპიონატის ფორმატზე მსჯელობა. ხოლო, რადგან სისტემა ვიცით, წინასწარ გუნდების კალათებში განაწილებაც იოლია.

სად?
დავიწყოთ იქიდან, რომ ევრობასკეტი-2011 მომავალი წლის სექტემბერში ლიტვაში გაიმართება. მას ექვსი ქალაქი უმასპინძლებს: ალიტუსი, შიაულიაი, კლაიპედა, პანევეჟისი, კაუნასი, ვილნიუსი.
სხვათა შორის, სწორედ ლიტველებზე იყო დამოკიდებული დაგვიშვებდნენ თუ არა ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ტურნირის გარეშე. ბალტიისპირელები ამა წლის 5 სექტემბრამდე 16 ნაკრების მასპინძლობისთვის ემზადებოდნენ და თუ 5-ში იტყოდნენ - 24 გუნდსაც სიამოვნებით მივიღებთო, ფიბა-ევროპა მონაწილეთა რაოდენობას რვით გაზრდიდა. საბოლოოდ, ლიტველებმა რა თქვეს, ამის შეხსენება არ დაგჭირდებათ.

ვინ?
ახლა ტურნირის მონაწილეებზე. ათმა ევროპულმა გუნდმა (ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, ლიტვა, რუსეთი, თურქეთი) გუშინწინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ისინი ევრობასკეტი 2011-ის შესარჩევი ტურნირიდან თავისუფალნი იყვნენ.

ტოპ-ათეულს დაემატა ხუთი გუნდი, რომელმაც აგვისტოში შესარჩევი ტურნირის ბარიერი გადალახეს: ბრიტანეთი, მაკედონია, ჩერნოგორია, ისრაელი, ბელგია.
შესარჩევის მონაწილე დანარჩენ ათ ნაკრებს ევრობასკეტის დარჩენილი ერთი საგზურისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა 5 სექტემბრის გადაწყვეტილების წყალობით 7 გუნდი პირდაპირ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე: ბოსნია, ბულგარეთი, საქართველო, იტალია, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა.

შესარჩევ ჯგუფებში სამი ბოლოადგილთაც აგვისტოში ერთ ქვეჯგუფად შეიკვრება და ლიტვის ორი ბოლო ლიცენზიისთვის იბრძოლებს. ამ ტრიოსაც ჩამოგითვლით: პორტუგალია, ფინეთი, უნგრეთი.

როგორ?
რადგან ზუსტად ვიცით ევრობასკეტი 2011-ის მონაწილეთა რაოდენობა, შეგვიძლია ფორმატზე მსჯელობაც. ბრიტანული გამოცემები გვიმტკიცებენ, რომ ლიტვაში ჩასული 24 გუნდი 4 ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. მეორე ეტაპზე ისინი გადავლენ, რომლებიც ჯგუფებში ზედა სამეულში რომ მოხვდებიან. დანარჩენი 12 გუნდი ლიტვიდან გუდა-ნაბადს აიკრავს.

ოთხი ქვეჯგუფის საუკეთესო 12 ნაკრები ორ ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. მათგან მეოთხედფინალში საუკეთესო ოთხეულები გავლენ... მეოთხედფინალს ნახევარფინალი მოჰყვება, ხოლო ნახევარფინალს რა მოსდევს, ყველამ კარგად ვიცით.
ამ ფორმატის მიხედვით, პლეი ოფში გასული გუნდების მატჩების რაოდენობა 11-მდე გაიზრდება (მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადასულ სამ-სამ გუნდს წინა ეტაპის ურთიერთშეხვედრების შედები გადაჰყვებათ), რაც ორით 2009 წლის ევრობასკეტის მაჩვენებელთან შედარებით. სწორედ ამიტომ არ სურდათ ესპანეთსა და საბერძნეთს მონაწილეთა რაოდენობის 24-მდე გაზრდა, თუმცა საბოლოოდ "გლეხებმა" თავისი გაიტანეს და 16-გუნდა ჩემპიონატები ისტორიას მიაბარეს.

"თურქეთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 10-დან 9 ევროპულმა გუნდმა მერვედფინალამდე მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კონტინენტზე კალათბურთი საგრძნობლად განვითარდა. ასე რომ, ევრობასკეტის მონაწილეთა 24-მდე გაზრდა სამართლიანია. 7 გუნდს აგვისტოში გაწეული დიდი შრომა დავუფასეთ. მათ ლიტვაში თამაში დაიმსახურეს", - განაცხადა ფიბა-ევროპის გენერალურმა მდივანმა ნარ ძანოლინმა.

ფიბა-ევროპა მეორე ფორმატსაც განიხილავს - სწორედ ისეთს, როგორითაც თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა: 24 გუნდი 4 ექვსგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, თითოეული ჯგუფის საუკეთესო ოთხეული მერვედფინალში გავა, ამას მოჰყვება, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.
"24-გუნდიანი ტურნირისთვის ფორმატის მხოლოდ ორი ვარიანტია. ერთი - მსოფლიო ჩემპიონატის სისტემის ანალოგიური, მეორე -
ორი ჯგუფური ეტაპით. ფიბა-ევროპა მათგან ერთ-ერთს შეარჩევს და წილისყრამდე გამოაქვეყნებს. ევროპის ჩემპიონატის სატურნირო სისტემა სავარაუდოდ ნოემბერში გამოცხადდება", - გვითხრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.

რამდენი?
რადგან ზემოთ განხილულ ორივე ვარიანტში საწყის ეტაპზე ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, განთესვის სისტემაც ორივე შემთხვევაში ერთნაირი იქნება. დროა, 24 გუნდი ექვს კალათში დავახარისხოთ. როგორც ყოველთვის, ფიბა-ევროპა ნაკრებების კლასიფიკაციისას ბოლო წლის შედეგებს ითვალისწინებს. ასე რომ, პირველ კალათში პირველ რიგში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი თურქეთი უნდა ჩავსვათ. მას მოჰყვება მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ლიტვა, სერბეთი (მეოთხე), ესპანეთი (მეექვსე)...
ასე სათითაოდ ჩამოთვლას, სჯობს, კალათები ჩამოვწეროთ და გუნდები ერთად "ჩავყაროთ".

I კალათი: თურქეთი, ლიტვა, სერბეთი, ესპანეთი.
II კალათი: რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, საფრანგეთი.
III კალათი: ხორვატია, გერმანია, ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათი: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.
V კალათი: იტალია, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი.
VI კალათი: ბოსნია, ლატვია...
მეექვსე კალათში დარჩენილ ორ ადგილს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე გუნდები (ფინეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შეავსებენ. ეს შეჯიბრება აგვისტოში გაიმართება.

ასეთსავე გამოთვლებზე დაყრდნობით შარშან შესარჩევი ტურნირის კალათები "დავახარისხეთ". მაშინ არ შევმცდარვართ. თუ ფიბა-ევროპას მოულოდნელად ახალი აზრი არ გაუჩნდა, გუნდები კალათებში სწორედ ისე განაწილდება, როგორც ზემოთ ჩამოვწერეთ. წილისყრა 25 იანვარს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული