ბესიკ ლიპარტელიანი: განწყობა მშვენიერია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ანტვერპენში გუშინ, შუადღისას ჩავიდა. მგზავრობის და ბელგიური ამბების გასაგებად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდით.

- ანტვერპენის სასტუმროში ახლა შევედით. კარგი პირობებია... მგზავრობით დაღლილი კალათბურთელები ამჟამად ისვენებენ, რათა ძალები აღიდგინონ და საღამოს პირველი ვარჯიში ჩაატარონ.
- როგორ იმგზავრეთ?
- ნორმალურად. სტამბოლიდან ბრიუსელში გადმოვფრინდით, საიდანაც ანტვერპენამდე ავტობუსით გამოვეშურეთ. ბელგიის დედაქალაქიდან ჩვენს სასტუმრომდე მგზავრობისთვის დაახლოებით 45 წუთი დაგვჭირდა.
- ვარჯიში რომელ საათზეა?
- აქაური დროით 19 საათზე (თბილისის დროით 21 საათზე - ავტ).
- პოლონეთთან მატჩის შემდეგ კალათბურთელები როგორ ხასიათზე
არიან?

- გუნდში მშვენიერი განწყობაა. პოლონეთის ნაკრებთან დამაჯერებელი თამაშით მათ თვითრწმენა შეემატათ. თბილისში ხომ თავიდან ბოლომდე სტაბილურად ითამაშეს, რაც სათანადო მობილიზების შედეგი იყო. ვიმედოვნებ, ხვალინდელ შეხვედრასაც ასევე კონცენტრირებულნი შეხვდებიან.
- რთული მატჩი იქნება...
- ერთი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ, ამას მოჰყვა ხანგრძლივი მგზავრობა... ბელგიელები კი შინ ემზადებოდნენ, პირველი ტური გამოტოვეს და მატჩს დასვენებულები ხვდებიან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა ძალების მაქსიმალურად მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა მეტოქეს ფიზიკურად არ ჩამორჩეს. თუმცა იმედი მაქვს, რომ გამძლეობის მხრივ პრობლემები არ იქნება. პოლონეთთან შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ ნაკრებში ორი თანაბარი ძალის ხუთეულია.
- ბელგიაში საქართველოსთან დაპირისპირებას როგორ ხვდებიან?
- ამასთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა ფაქტია, რომ თბილისში პოლონეთის დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ ბელგიელები შეფიქრიანდებოდნენ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებას მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდებიან. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის დასაწყისს...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული