ილიას ზუროსი: ეს გუნდი დიდი დაკვირვების შედეგადაა შეკრებილი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დღეს, 14 ივლისს, პრესკონფერენცია ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს იწყებს. ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების უმრავლესობა თბილისში შეიკრიბა და 16 ივლისს, გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გენერალურ შეკრებაზე სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაემგზავრება.

- ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

"მიხარია, რომ ისევ საქართველოში ვარ. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა მუშაობა კარგა ხნის წინ დაიწყო, გუშინ კი კალათბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ახლა სლოვენიაში მივემგზავრებით, სადაც სრულფასოვან შეკრებას გავივლით.

ევრობასკეტზე
საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. თითოეული ნაკრების შემადგენლობაში, ისევე, როგორც ჩვენთან, შესაძლოა, არაერთი ცვლილება განხორციელდეს. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ბოლო ინფორმაციით, გუნდს ვიქტორ სანიკიძე გამოაკლდა და ის ვერც ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება. წლების მანძილზე სანიკიძე გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო და მას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ამიტომ მისი სახით დიდი დანაკლისი გვექნება. რამდენიმე მოსამზადებელი ტურნირი გვექნება და ვეცდებით, დანაკლისი შევავსოთ.

გუნდის შიგნით უკვე ნასაუბრები გვაქვს, თუ ვის შეუძლია ამ პოზიციის გამაგრება, მაგრამ ახლა გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერი უახლოეს ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდება.

ევრობასკეტის დასრულებიდან მალევე იწყება მსოფლიოს ჩემპიონატი. კალათბურთელები, რომლებიც ვერ ითამაშებენ ევრობასკეტზე, არ ნიშნავს იმას, რომ არ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატზეც. მინდა, გუნდში ბევრი კალათბურთელი მყავდეს და ბევრმა შეიგრძნოს ეს ატმოსფერო, შეეწყოს გუნდს.

არ ვიცი, რა ჭორები ვრცელდება ნიკოლოზ ცქიტიშვილზე და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. მე ის ვიცი, რომ წინა წელს გამოვიძახე, მაგრამ სამი დღის დაგვიანებით ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ნაკრებში თამაში არ უნდოდა, რადგან კლუბს ეძებდა. გავუგეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ლოგიკურია, რომ ახლა აღარ გამომიძახებია და ახლა ამაზე საუბრის დრო არც არის.

ზაზა ფაჩულია
ჩვენი გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის NBA-ს ჩემპიონი გახდა და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ბიჭებს ძალიან წაადგებათ. ეს ევროპის ჩემპიონატია, რთულ ჯგუფში ვართ და ყველა მოთამაშემ თავისი მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს.

ზაზას ვესაუბრე და ის აგვისტოს დასაწყისში შემოგვიერთდება. ისე კი, მოთამაშეებს ხშირად ვუკავშირდები და არასაკალათბურთო თემებზეც ხშირად ვსაუბრობთ: გიორგი შერმადინს შვილი შეეძინა, ზაზაც ელოდება...

ძალიან მახარებს, რომ ტანმაღალ მოთამაშეებს, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძესა და გიორგი შერმადინს შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. ბურჯანაძეს მუხლის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბოლოს აღარ თამაშობდა. 25 ივლისიდან ის ჩვენთან იქნება. ვიმედოვნებ, რომ ეს ბოლო ტრავმაა და მეტი არავინ დაშავდება. ჩვენთანაა მანუჩარ მარკოიშვილი, მისი დაბრუნებით ნაკრებს ხარისხი და ეფექტი დაემატა.

ჩემი ჯანმრთელობის გამო წელს საქართველოში იმდენჯერ ვერ ვიყავი, რამდენჯერაც წინა წელს, თუმცა დავესწარი ჩემპიონატის მატჩებს. ჩემს თანაშემწეებთან მქონდა საუბარი და ეს გუნდი დიდი დაკვირვების შედეგადაა შეკრებილი", - თქვა ზუროსმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ არ უნდა არც უნდა აიკვანო ოჯახში ერთიანობაა საჭირო
0
სოსოს ვეტყვი, რომ არ უნდა ამ ცქიტიშვილს ნაკრები და ძალით ხომ ვერ ათამაშებენ )))
დავით ფაციციაც დაახლოებით ასეთი ვარიანტია ეგეც გამოიძახეს და როგორც კულუარებიდან გამოვიდა ხმა მაგასაც არ უნდა...
პასუხი
21:30 14-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული