[ევრობასკეტი 2017] საფერავია, ქართული!

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" აგრძელებს რუბრიკას "ევრობასკეტი 2017". ამ ქუდის ქვეშ საშუალება გაქვთ, გაეცნოთ ინტერვიუებს საქართველოს ნაკრების კალათბურთელებთან, მწვრთნელებთან, უცხოელთა მოსაზრებებს საქართველოს ნაკრებზე...

* * *
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იტალიაა. დღეს, რუბრიკა "ევრობასკეტი 2017-ს" იტალიურ-ქართულ ამბებს დავუთმობთ. ისტორიაც საინტერესოა, აწმყოც და ახლო მომავალში... აპენინელებს ამ ზაფხულსაც დავუპირისპირდებით ამხანაგურად, ხოლო 6 სექტემბერს - თელ-ავივში, ევრობასკეტზე.

"სკუადრა აძურას" რვაჯერ ვეთამაშეთ. ჯერ ერთი მოგებაც არ გვაქვს. 2015 წელს NBA-ის სამი კალათბურთელით გაძლიერებულ იტალიის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. თბილისში "აძურამ" საოცარი სიზუსტით
სტყორცნა და 87:67 მოგვიგო: 30-დან 20 ორქულიანი (66.7%), 22-დან 12 სამიანი (54.5%), 14-დან 11 საჯარიმო (78.6%).

თუმცა რამდენიმე დღეში მათსავე ქალაქ ტრიესტეში სულ სხვა თამაში გამოვიდა, ბოლო წამებზე სამჯერ მოვხსენით ბურთი მასპინძელთა ფარქვეშ, მაგრამ ვერ ჩავაგდეთ. შეხვედრა სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, დიდი ალბათობით, ბოლო წამებზე ჯარიმასაც მოვიპოვებდით, მაგრამ... იტალიაში 90:91 დავმარცხდით.

ამ შეხვედრამაც დაგვანახა, რომ "სკუადრა აძურასთან" განწირულები სულაც არ ვართ. არც შემადგენლობა გვყავს მათზე ნაკლები, არც მოსამზადებელი გეგმა და არც შეთამაშებით ჩამოვრჩებით, თუ არ ვჯობნით.

* * *
მანუჩარ მარკოიშვილმაც აღნიშნა, რომ ევრობასკეტზე ჩვენს ჯგუფში ყველაზე ვარსკვლავური შემადგენლობა იტალიას ჰყავს. 2015 წელსაც დავინახეთ, რაოდენ მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ "სკუადრა აძურაში".

დამრტყმელი ძალა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშია გამოცდილი: მარკო ბელინელი "სან ანტონიოსთან" NBA-ის ჩემპიონია, დანილო გალინარი წლების განმავლობაში "დენვერ ნაგეტსის" ლიდერი იყო (ამ ზაფხულს "კლიპერსში" გადავიდა), ხოლო ლუიჯი დატომე 2015-ში დაბრუნდა ამერიკიდან და წლეულს "ფენერბაჰჩესთან" ერთად ევროლიგაც მოიგო.

მთავარი მწვრთნელი, ეტორე მესინა "სან ანტონიო სპურსში" მოღვაწეობს, გრეგ პოპოვიჩის ასისტენტია. 2002-04 წლებში მანუჩარ მარკოიშვილს "ბენეტონში" ავარჯიშებდა.

მანუჩარ მარკოიშვილი:
"იტალიის ნაკრები ჯგუფში მართლაც გამორჩეულია. ყველაზე მეტი ვარსკვლავი სწორედ მას ჰყავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიელებთან შანსი არ გვაქვს - გასულ წელს ორი ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ და განსაკუთრებით ტრიესტეს შეხვედრამ დაგვანახა, რომ "ჭიდაობაც" შეიძლება და გამარჯვებაც. იტალიაში მინიმალური სხვაობით დავმარცხდით.

ევრობასკეტზე კი, სადაც თამაშები ერთმანეთს მიჰყვება, ძალების თანაბრად გადანაწილებაა საჭირო. ამავე დროს, ისიც ცხადია, რომ მაქსიმალური მობილიზების გარეშე ამა თუ იმ მატჩის მოგება ძნელი იქნება. რაც მთავარია, ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. თითოეულ მოწინააღმდეგეს ჩვენზე მეტად ვაფასებ, მაგრამ ჩემი გუნდისა უფრო მჯერა".

ეტორე მესინა:
"ისრაელში, სადაც სპორტის პირველი სახეობა კალათბურთია, თამაში დიდი ზეიმი იქნება. იტალიის ნაკრები ჯანმრთელი, სათანადოდ მომზადებული უნდა ჩავიდეს, რადგან კარგი გუნდებით შედგენილი, დაბალანსებული ჯგუფია და ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. ნებისმიერ ნაკრებთან შეიძლება როგორც მოგება, ასევე წაგება".

იყო შეკითხვები დანილო გალინარისთან დაკავშირებით, ჩამოვიდოდა თუ არა იგი ნაკრებში სათამაშოდ. ბურუსი მისივე ნათქვამმა გაფანტა:

"ნაკრებს დავეხმარები. არ არსებობს მიზეზი, რომელიც 20 ივლისს მილანში მედია-დღეზე გუნდთან ერთად ყოფნის საშუალებას არ მომცემს. ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ ტრავმა თუ ჩამომაშორებს. იტალიის მაისურით თამაში უპირველესი საქმეა".

* * *
2015 წელს იტალიასთან ტრიესტული მატჩის მოგების მშვენიერი შანსი გვქონდა, თუმცა ბოლოს, ერთ შეტევაში ზედიზედ სამი ტყორცნა ვერ გამოვიყენეთ და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით - 90:91.

მატჩის წინ, ვარჯიშზე მშვენიერ განწყობაზე იყვნენ ორივე გუნდის კალათბურთელები. ვიქტორ სანიკიძე თავის ყოფილ თანაგუნდელს ("მონტეპასკიში") დანიელ ჰაკეტს შეხვდა და გაბურძგნილი ბუწუწები გაუსწორა. შემდეგ შორიდან შეხედა და, ასე უფრო გიხდებაო, უთხრა.

ჰაკეტი ქართველ კალათბურთელთა ხელში, პოლიეთილენის ბოთლებში ჩასხმულ წითელ სითხეს დააკვირდა და ვიქტორს ჰკითხა: ეს ბურგუნდიული ღვინოა თუ იტალიურიო? ქართულია, საფერავი! იტალიურსაც სჯობს და ფრანგულსაც, - გაეხუმრა სანიკიძე.

ურთიერთშეხვედრები
ამხანაგური
28.08.2015, ტრიესტე
იტალია-საქართველო 91:90

16.08.2015, თბილისი
საქართველო-იტალია 67:87

07.08.2013, ტრენტო
იტალია-საქართველო 85:69

12.08.2005, ბორმიო
იტალია-საქართველო 80:51

06.08.2005, ბორმიო
იტალია-საქართველო 48:112

23.07.2004, სან ჯორჯო
იტალია-საქართველო 100:76

ევრობასკეტი 1999, შესარჩევი
27.02.1999, თბილისი
საქართველო-იტალია 64:105

28.02.1998, სიენა
იტალია-საქართველო 90:43

იტალია 2017
მოთამაშე დაბ.თარ. სმ. პოზიცია გუნდი
ავუდუ აბასი 1993 200 ფორვარდი მილანი
პიეტრო არადორი 1988 194 უკანახაზელი რეჯო ემილია
ფილიპო როსი 1991 207 ფორვარდი ტრენტო
მარკო ბელინელი 1986 196 უკანახაზელი დენვერი, NBA
პოლ ბილია 1990 200 ფორვარდი კრემონა
რიკარდო ჩერვი 1991 214 ცენტრი რეჯო ემილია
ანდრეა ჩინჩარინი 1986 193 უკანახაზელი მილანი
მარკო კუსინი 1985 211 ცენტრი აველინო
ლუიჯი დატომე 1987 203 ფორვარდი ფენერბაჰჩე, თურქეთი
ამადეო დელა ვალე 1993 194 უკანახაზელი რეჯანა
არიელ ფილოი 1987 190 უკანახაზელი აველინო
დიეგო ფლაკადორი 1996 192 უკანახაზელი ტრენტო
დანიკო გალინარი 1988 208 ფორვარდი დენვერი, NBA
დანიელ ჰაკეტი 1987 197 უკანახაზელი ბროსე, გერმანია
ნიკოლო მელი 1991 205 ფორვარდი ბროსე, გერმანია
დავიდე პასკოლო 1990 203 ფორვარდი მილანი
სტეფანო ტონუტი 1993 194 უკანახაზელი ვენეცია
ლუკა ვიტალი 1986 201 ფორვარდი ბრეშა
ანდრეა ძერინი 1988 205 ფორვარდი აველინო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული