ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტზე გუნდს ყველაზე მეტად ჩემი ლიდერობა დასჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ფიბას ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა მოახლოებულ ევრობასკეტზე ილაპარაკა, რომელიც მისთვის და საქართველოსთვის მეოთხე იქნება.

"ძალიან გახარებული ვარ, რომ ქვეყანა ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ევრობასკეტზე. ჩვენ ისრაელში ვითამაშებთ, ქვეყანაში, რომელსაც საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს", - აცხადებს ფაჩულია.

"ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ეს კი ძალიან კარგია. ჯგუფიდან გასვლა იოლი არ იქნება. ჩვენ ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. ქვეყანა დიდ მოლოდინშია, ისევე, როგორც ჩვენ. ვნახოთ, რა მოხდება ევრობასკეტზე.

ფაჩულია დარწმუნებულია, რომ თელ-ავივში განსაკუთრებული თამაშები გველის, განსაკუთრებით,
ისრაელისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება.

"მე ადრეც მითამაშია ისრაელში და ვიცი, ეს რას ნიშნავს. ვიცი, როგორ უყვართ ამ ქვეყანაში და როგორი გულშემატკივრობა იციან. წინ დიდი მხიარულება გველის".

ზაზამ კარგად იცის, რომ საქართველოს ნაკრების სტაბილური შემადგენლობა წლების განმავლობაში მისი უპირატესობაა: "ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია, ვთამაშობ. კარგად ვიცი ჩემი როლი გუნდში, რაში ვჭირდები ნაკრებს ყველაზე მეტად. უნდა ვიყო ნამდვილი ლიდერი. არ არის აუცილებელი, ყველაზე მეტი ქულა ჩავაგდო გუნდში. მთავარია, ვიყო ლიდერი და ვიბრძოლო მოედანზე.

მე მხოლოდ ასე შემიძლია, 100%-ით უნდა დავიხარჯო, რომ გუნდს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარო".

ფაჩულიამ NBA-ს "ოლ სტარის" არჩევნებზეც გააკეთა კომენტარი, როცა იგი ფანების ერთ-ერთი რჩეული გახდა - მილიონ-ნახევარი ხმით დასავლეთის კონფერენციის ფორვარდებს შორის მეორე ადგილზე გავიდა: "ეს მართლაც საოცარი იყო, ფანების მხარდაჭერა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია".

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს. საქართველოს ნაკრები ისრაელში ითამაშებს ისრაელის, უკრაინის, ლიტვის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად ჯგუფში. 6-დან 4 გუნდი შემდეგ ეტაპზე გადის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული