ილიას ზუროსი: ჩვენთვის მთავარი არა მეტოქე, არამედ საქართველოს ნაკრებია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი თბილისს სტუმრობდა. როგორც თავად აღნიშნა, საქმიანი ვიზიტი იყო. მას მერე, რაც საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის გეგმები დაისახა, მწვრთნელი პირველად გვეწვია, კალათბურთის ფედერაციის მესვეურებთანაც ილაპარაკა სამომავლო გეგმებზე და სპორტის მინისტრსაც შეხვდა.

იგი ამჟამად მონტენეგროს "ბუდუჩნოსტის" მთავარი მწვრთნელია და შარშანდელივით ხშირად ჩამოსვლას არ უნდა ველოდეთ, თუმცა თავადაც აღნიშნა, რომ სუპერლიგას ყოველკვირეულად ადევნებს თვალს და შემადგენლობის შერჩევისასაც გაითვალისწინებს ამა თუ იმ კალათბურთელის წლევანდელ მიღწევებს.

აი, რა თქვა შემადგენლობის შესახებ:

- როდის დავასახელებთ გაფართოებულ შემადგენლობას,
ჯერ ვერ გეტყვით. ჯერ ადრეა. ჯერ ჩვენც ბოლომდე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ერთის თქმა კი ნამდვილად შეიძლება - ნაკრებში არის გამოცდილი ბირთვი, რომელსაც ევრობასკეტი 2017-ზეც დავეყრდნობით. ამასთან, ვაკვირდებით კალათბურთელებს როგორც საქართველოში, ისე, მის ფარგლებს გარეთ.

როდესაც ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაზე ფიქრობ, ოპტიმალური შემადგენლობა უნდა ეძებო. ყველა კანდიდატთან კონტაქტი მაქვს და მათ მატჩებსაც ვადევნებ თვალს.

- ბოლო დროს მანუჩარ მარკოიშვილთან და ვიქტორ სანიკიძესთან თუ ისაუბრეთ. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ჩემი ასისტენტი, გეორგიოს ვავეცისი მათთან მუდმივ კავშირშია. სანიკიძეს სამი დღის წინ ელაპარაკა, მანუჩარს - ერთი კვირის წინ. ოპერაციის შემდეგ მათი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს. მთავარია, რომ ორივეს ძალიან სურს სანაკრებო შეკრების დაწყებისთანავე ჩვენს გვერდში იყოს. ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას.

- შარშან გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა აიყვანეთ. წლეულს ახალ გვარებს ხომ არ უნდა ველოდოთ? არ შეგვიძლია არ ვახსენოთ სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგაში წარმატებით თამაშობს.
- ახალგაზრდა კალათბურთელები ნებისმიერ გუნდს სჭირდება. მიყვარს ახალი თაობა, ახალი სისხლი და ყველანაირად ვეცდები, რომ ახალბედებს გუნდში დამკვიდრებაში ხელი შევუწყო. დღეს ვერ ვიტყვი, ვის მივიწვევთ საზაფხულოდ, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს: ვინც მზად იქნება გაფართოებულ შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდება.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, მისი მიწვევა შარშანაც მსურდა. ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა და თუ რამე სიახლე იქნება, აუცილებლად გაიგებთ.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ევრობასკეტის ჯგუფებსა და ჩვენს მეტოქეებზე.
- როდესაც ლაპარაკია ევროპის ჩემპიონატზე იქ არ შეიძლება ვახსენოთ იოლი ჯგუფი და იოლი ოპონენტი. დღეს ვერაფერს ვიტყვი ჩვენს მოწინააღმდეგეებზე, იტალიაზე, ლიტვაზე, გერმანიაზე, უკრაინასა და ისრაელზე, რადგან არ ვიცით, რა შემადგენლობებს შეკრებენ თელ-ავივში. დარწმუნებული ვარ, ყველა გუნდი ძლიერი იქნება და კარგად მომზადებული ჩამოვა ევრობასკეტზე.

ჩვენთვის მთავარი არა მოწინააღმდეგე, არამედ საქართველოს ნაკრებია - თუ ჩვენც სათანადოდ მოვემზადებით, მხოლოდ საკუთარ თავზე ვიქნებით დამოკიდებულნი. ჩემი გუნდისა მჯერა. ასე რომ არ ყოფილიყო, არც შარშან თებერვალში გავაფორმებდი ხელშეკრულებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან.

ევროშესარჩევის შემდეგ მკითხეს: რამდენად სწორ ნაბიჯად მიგაჩნიათ საქართველოში ჩამოსვლაო. ვუპასუხე - თავიდანვე სწორ ნაბიჯად მიმაჩნდა-მეთქი.

- აღნიშნეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მომზადებას. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმარებით?
- დაგეგმვაზე ბევრი ვიმუშავეთ. გვინდოდა ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა. ამ თემაზე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას სლოვენიაშიც ვესაუბრე. საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც გვსურდა.

ვითამაშებთ ათენის აკროპოლისის თასზე, სადაც ბერძნებს, იტალიელებსა და სერბებს დავუპირისპირდებით. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ლიტვის ტურნირი. იქ ლატვია, პოლონეთი და მასპინძელთა ნაკრებები შეიკრიბებიან. მომზადებას ივლისიდან დავიწყებთ და ჩვენი გათვლებით სასურველ ფორმას აგვისტოს ბოლოსთვის უნდა მივაღწიოთ.

- ბოლოს კლუბზეც გკითხავთ. "ბუდუჩნოსტი" ამ სეზონში რა გეგმებს ისახავს და რომელიმე ქართველის წაყვანაზე ხომ არ გიფიქრიათ?
- აქ ნაკრებისთვის ჩამოვედი. ამიტომ, არ მინდა კლუბზე ლაპარაკი. რაც შეეხება ქართველის მიწვევას, გაგახსენებთ, გუნდში რომ მივედი, უკვე დაკომპლექტებული იყო. შუა სეზონში კი, დიდი სურვილიც რომ მქონდეს, სერიოზულ ცვლილებებს ვერ განვახორციელებ. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაქვს. მას მერე რა იქნება, ახლა ვერაფერს ვიტყვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული