"რუსთავმა" "სოხუმის" შემდეგ "ოლიმპსაც" მოუგო

AutoSharing Option
წინა სეზონი "რუსთავმა" არადამაჯერებლად დაიწყო, რის გამოც რეგულარული ეტაპის შემდეგ ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ამჯერად ქვემოქართლელებმა თადარიგი დროულად დაიჭირეს და, მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სეზონს კარგად მომზადებულები შეხვდნენ. მათ ჯერ თბილისში დაამარცხეს "სოხუმი", შაბათს - შინ "ოლიმპი".

თუმცაღა, მატჩის სტარტი მასპინძლებისთვის კარგის ვერაფრის მომტანი გამოდგა. ოლიმპელებმა საწყისი ათწუთეული 20:12 მოიგეს. ამის შემდეგ კიდევ ორი პერიოდის განმავლობაში თანაბარი თამაში გაჩაღდა და გამარჯვებულის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც "რუსთავმა" სპანოლოსა და კასპერბაუერის ზუსტი ტყორცნების წყალობით 27:18 მოიგო.

მატჩის ბომბარდირი სწორედ კასპერბაუერი გახდა,
რომელმაც 9-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 22 ქულამდე ავიდა. სპანოლომ და ცენტრმა ათუაშვილმა ორმაგი დუბლები გაიფორმეს, ხოლო ოლიმპელ ბურნეთს დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

რამაზ გოგობერიშვილი
("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "ოლიმპთან" გასულ სეზონში 4-დან 3 თამაში წავაგეთ და აქედან გამომდინარე, ეს გუნდი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა. თამაშმა გამოაჩინა, რომ ის წლეულსაც სერიოზული გუნდია. სამი პერიოდი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ბოლო მეოთხედში მოვახერხეთ ძალების მობილიზება, რაც გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ".

დავით როგავა
("ოლიმპის" მწვრთნელი): "ბოლო სამი თამაში ერთი და იმავე სცენარით ვითარდება. დასაწყისი კარგი გვაქვს და ბოლოს ვდუნდებით. შემდეგი მატჩებისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, რათა შედეგი გავაუმჯობესოთ".

რუსთავი-ოლიმპი 82:68
12:20, 19:16, 24:14, 27:18
რუსთავი: ხმელიძე (6ქ, 5მ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე, ლი (14ქ, 7პ, 4ჩ), ჩაჩანიძე (3ქ, 3პ), ათუაშვილი (10ქ, 10მ), კასპერბაუერი (22ქ), გოგობერიშვილი (6ქ), გუგავა, სპანოლო (21ქ, 12მ), ურიდია, ბარამიძე.
ოლიმპი: გივი ბაქრაძე, ბურნეთი (15ქ, 9მ, 4ჩ), ბოლქვაძე (11ქ, 7მ), გეგი ბაქრაძე (2ქ), მიქელაძე (15ქ, 3პ), კახა ტომარაძე (2ქ, 6მ), მასხულია, პიჩფორდი (9ქ, 8მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული