შსს აკადემია-დინამო 76:62 - ოქროს აკადემია

AutoSharing Option
"შსს აკადემია" საქართველოს ორგზის ჩემპიონია. ძალოვნებმა ფინალური სერიის მეოთხე მატჩშიც იძალეს და მოქმედი ჩემპიონი "დინამო" 3:1 დაამარცხეს.

პირველად შსს-ელებმა სუპერლიგა 2013 წელს მწვრთნელ გიორგიოს კეცელიდისის ხელმძღვანელობით მოიგეს. მაშინ გუნდში ძლიერი ლეგიონერებისა და ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების კარგი ნაზავი იყო. ამჯერად კი "შსს აკადემია" უმაღლესი ლიგის ერთადერთი წარმომადგენელია, რომლის რიგებშიც უცხოელი არ თამაშობს. ამიტომაცაა მისი წარმატება დასაფასებელი.

26 მაისს გამართულ ფინალს საწყის წუთებში დიდი დაძაბულობა ახლდა, რომელიც მეორე მეოთხედიდან სწრაფ, ემოციურ თამაშში გადაიზარდა, ხოლო საფინალო სირენასთან ერთად, დიდ სიხარულად იქცა, რა თქმა
უნდა, ჩემპიონთა მხარეს.

ვიხილეთ ემოციურად აღმართული თასი (ექიმ თემურ ხვედელიძისა და კაპიტან ბექა წივწივაძის მიერ), საჩემპიონოდ ჩამოჭრილი კალათის ბადე, ჰაერში ასროლილი გამარჯვებული მწვრთნელი...

* * *
საფინალო ანგარიშს დახედავდით. შესაძლოა, ასეთი სხვაობით დასრულებულ მატჩში ქრონოლოგიაზე არც ღირდეს ყურადღების გამახვილება, მაგრამ იყო რამდენიმე ნიუანსი, რასაც ხაზგასმა სჭირდება. რიცხვები არაფერს ამბობს, მაგრამ ვინც შეხვედრა საკუთარი თვალით იხილა, დაგვეთანხმება, რომ "დინამოს" უბრძოლველად არაფერი დაუთმია, უბრალოდ, ძალა და რესურსი არ ეყო "შსს აკადემიისთვის" ზედიზედ მეორე მატჩის მოსაგებად.

საოცარი კონტრასტი რომ არ დაფიქსირებულიყო, შესაძლოა, საწყის ორ პერიოდზე არაფერი გვეთქვა: პირველი ათწუთეული გუნდებმა დაზვერვაში გაატარესო, ვერ დავწერთ, რადგან ერთიც და მეორე მხარეც ერთურთს შესანიშნავად იცნობს და დასაზვერი არაფერია, მეოთხედის დაბალი შედეგიანობა (14:7 შსს-ს სასარგებლოდ) უფრო დაბალი ტემპისა და მჭიდრო დაცვის შედეგი იყო.

მეორე პერიოდიდან "შსს აკადემიამ" "დინამოს" მაღალი ტემპი შესთავაზა. ეს აკადემიელთათვის ორმხრივად მომგებიანი იყო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ისედაც ტრავმამორეულ "დინამოს" კიდევ უფრო მოქანცავდა, მეორეც - სწრაფი თამაშისას ძალიან რთულია დაცვაში დალაგებულად გარჯა. ამღვრეულ წყალში კი თევზის დაჭერა "შსს აკადემიას" უკეთ რომ გამოუვიდა, მეოთხედის ანგარიშიც ადასტურებს - 36:18.

დიდ შესვენებაზე ძალოვნები ორმაგი სხვაობით გავიდნენ - 50:25. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა არც მეორე ტაიმი გამოდგა უფერული - გუნდებმა ტემპი არ დააგდეს და მაყურებელსაც არ მოუწყენია.

* * *
ნამატჩევს კაპიტანმა ბექა წივწივაძემაც სწორად შენიშნა, რომ ჩემპიონობა, უმთავრესად, გუნდურმა თამაშმა განაპირობა. ამას სტატისტიკაც ადასტურებს - ოთხმა აკადემიელმა 10-ქულიანი ზღვარი გადალახა.

თუმცა მატჩის ბომბარდირსა და თითქმის სამმაგდუბლოსანზე ცალკე უნდა ვთქვათ: წივწივაძემ ყველაზე მეტი, 19 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი ცინცაძეს ერთადერთი პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 15 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი.

"დინამოს" კაპიტანი ლაშა გამყრელიძეც ახლოს იყო სამმაგ დუბლთან. მან 10 ქულას 8-8 მოხსნა-პასი მიამატა. ორმაგი დუბლი კი დინამოელმა გარიკ შერმანმა შეასრულა - 15 ქულა, 15 მოხსნა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო ფოტოს გადაღებისას, გიორგი ცინცაძე საჩვენებელი თითით ერთს ანიშნებდა: საქართველოს ჩემპიონი პირველად გავხდიო. გიორგი 2003 წელს საქართველოს პირველობის ფინალში სწორედ "დინამოსთან" დამარცხდა (მაშინ "ბასკოს" ღირსებას იცავდა). მას მერე რუსეთის ჩემპიონიც გახდა, ესტონეთისაც, უკრაინისაც, საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედალი კი პირველად გუშინ ჩამოიკიდა.

სხვათა შორის, წლეულს საგანგებოდ დამზადდა ჩემპიონისთვის ახალი ტიპის მოოქროვილი მედალი, მეორეადგილოსნისთვის - მოვერცხლილი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელისთვის - ბრინჯაოსი.

გიორგი ცინცაძემ ნამატჩევს მეტოქეზე ისაუბრა:
"მოხარული ვარ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემპიონობა მოვიპოვე. მინდა კომპლიმენტი ვუძღვნა ჩვენს მეტოქეს, რომელმაც თავიდან ბოლომდე სერიოზული ბრძოლა გაგვიჩაღა და ფინალურ სერიას დამატებითი ხიბლი შესძინა. მას ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი აკლდა და საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა".

ბექა წივწივაძემ დასძინა:
"10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. პირველად ამას სტუ-სთან ერთად, 2005 წელს მივაღწიე. სათქმელად იოლია - საქართველოს ჩემპიონი, თუმცა ზურგს უკან დიდი შრომა და ბევრი ენერგიაა.

სუპერლიგის მოგება იოლი ნამდვილად არ ყოფილა, ჩვენმა გუნდმა ბევრი რამ გადაიტანა, გვქონდა წარუმატებლობები, ტრავმები... მაგალითად, ნახევარფინალში ისეთი ტრავმა მივიღე, იყო ალბათობა, რომ ფინალებში არ მეთამაშა, თუმცა საბოლოოდ "შსს აკადემიის" წარმატებაში ყველა კალათბურთელმა თანაბარი წვლილი შევიტანეთ და შრომა დაგვიფასდა".

* * *
კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):
"დიდი მადლობა ჩემს თითოეულ მოთამაშეს, მწვრთნელებს, ჩვენი კოლექტივის წევრებს, რომლებმაც ძალიან რთული გზა განვლეს, სანამ დღემდე მოვიდოდით.

რა თქმა უნდა, დიდი მადლობა "დინამოს" და ირაკლი ხოშტარიას ღირსეული წინააღმდეგობისთვის. მიუხედავად ანგარიშისა, არც ერთი თამაში არ ყოფილა იოლი და დაძაბულობის გარეშე არც ერთს არ ჩაუვლია.

სამწუხაროა, რომ ფინალურ სერიას დინამოელები დანაკლისით შეხვდნენ".

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"შსს აკადემიას" გამარჯვებას მივულოცავ. არ დავიწყებ იმ პრობლემებსა და სირთულეებზე საუბარს, რომლებიც გვქონდა. არ მიყვარს მარცხის შემდეგ მიზეზებზე საუბარი.

მადლობა ჩემს მოთამაშეებს ბრძოლისთვის, ფინალში ღირსეულად თამაშისთვის, საქართველოს თასის მოგებისთვის. წინ სუპერთასია. შევეცდებით, დავისვენოთ და ღირსეულად ვითამაშოთ".

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა 2014/15. ფინალი
26 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-დინამო 76:62
14:7, 36:18, 10:19, 16:18
შსს აკადემია: ბერიშვილი (5ქ, 9მ), მეტრეველი (12ქ, 3პ), როგავა (2პ), ჩიკვილაძე (15ქ, 4მ), ცინცაძე (15ქ, 13მ, 9პ), შარაბიძე (5ქ, 6მ), წივწივაძე (19ქ, 4პ, 3ჩ), ლომოური (5ქ), ლოლიშვილი, ბიბილური.
დინამო: გამყრელიძე (10ქ, 8მ, 8პ), ბ. ლეჟავა (8ქ, ), ვახანია, დიდია (5ქ, 7მ), მათიაშვილი (13ქ, 8მ), ორმოცაძე (11ქ), შერმანი (15ქ, 15მ), ბაბუნაშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული