სუპერლიგის მე-3 ტური "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-3 ტური "დინამოსა" და "ოლიმპის" საინტერესო დაპირისპირებით დასრულდა.

ანგარიშში სხვაობა კი საკმაოდ დიდი, თუმცა თამაშის მსვლელობაზე, ტემპსა და სისწრაფეზე აუგს ვერავინ იტყვის. მაყურებელმა სწრაფი, ლაღი და ჟინიანი ორთაბრძოლა იხილა.

საბოლოოდ გამარჯვებულმა "დინამომ" ხელჩასაჭიდი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა, მანამდე კი სამაგალითოდ მებრძოლი ოლიმპელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. ის კი არა, გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" პირველი ტაიმი 2 ქულით - 49:47 მოიგო. ახალგაზრდები გუნდურად და შემართებით თამაშობდნენ და მოქმედ ჩემპიონს საქმე სანერვიულოდ გაუხადეს.

მესამე მეოთხედში დინამოელებმა მაინც თავისი გაიტანეს. ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილმა გუნდმა ძირითადად კლასის ხარჯზე მოახერხა მეტოქის ჩამოტოვება. შეუჩერებელი იყო ეროვნული ნაკრების წევრი ბესო ლეჟავა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა. "დინამოს" უკანახაზელმა 11-დან 7 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 37 ქულა შეადგინა.

ამ შედეგიანობას ის მოჰყვა,რომ ლეჟავას გუნდმა მესამე მეოთხედი 27:12 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდა. მიუხედავად ჩამორჩენისა, "ოლიმპი" არ ტყდებოდა და ბოლომდე იბრძოდა. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და ბევრად გამოცდილმა და ძლიერმა გუნდმა მრგვალი ანგარიშით იმარჯვა - 100:80.

"დინამოში" ზემოთხსენებულ ლეჟავასთან ერთად ლაშა გამყრელიძე გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი - 20 ქულა და 10 პასი მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ. "ოლიმპში" 15 ქულით საუკეთესო კოკა ტომარაძე გახდლათ, 10-10 ქულა კი სამმა მოთამაშემ - გეგი ბაქრაძემ, ნოდარ გოგოძემ და ზუკა მაჩალაძემ დააგროვეს.

სუპერლიგის მომდევნო, მე-4 ტური 15 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "მოვიგეთ, რაც სასიხარულოა, თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კატასტროფული შედეგი გვაქვს. ფარი წავაგეთ, 14 დაკარგვა გვაქვს, 49 ქულა მივიღეთ პირველ ნახევარში... ამის შემდეგ რთულია თამაშის შემობრუნება, თუმცა მობილიზების და გამოცდილების ხარჯზე მოვახერხეთ დაცვაში თამაში დაგველაგებინა. მე-3 შეხვედრა იყო და ბიჭები ნელ-ნელა უმატებენ, უკეთესად გამოიყურებიან ბოლო პერიოდში, ვიდრე ეს წინა თამაშებში იყო. "ოლიმპს" წარმატებებს ვუსურვებ, საინტერესოა მათ წინააღმდეგ ასპარეზობა, დალაგებულად თამაში რთულია, რადგან ხშირად ცვლიან ტაქტიკას. იმედია, ჩვენ უკეთეს კონდიციებში შევალთ".

გია კაზანჯიანია ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ ირაკლის და მთელ "დინამოს" დამსახურებულ გამარჯვებას. გამოცდილების ხარჯზე გვაჯობეს, მინდა აღვნიშნო ლაშა გამყრელიძის გამორჩეული თამაში, ყოველთვის იცის, როდის გასცეს პასი, როდის შეუტიოს... მეორე ტაიმში ვეღარ მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება. ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ და მომავალში უფრო სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ".

ნუგო აბულაძე ("ოლიმპი"): "პირველ რიგში, ვულოცავ "დინამოს" გამარჯვებას. მე, როგორც კაპიტანი, ჩემს თავზე ვიღებ ამ დამარცხებას, ვერ დავაწყვე გუნდი ისე, რომ მოგვეგო. არადა, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, პირველ შეტევაში ვჯობდით მეტოქეს. ვიმედოვნებ, მომავალში ასეთ რამ აღარ მოხდება".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული