სუპერლიგა 2016/17. XVI ტური: გაქცევაც ამას ჰქვია!

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში XVI ტურის შეხვედრები გაიმართა.

10 თებერვალი, ქუთაისი
ქუთაისი-სოხუმი 75:60
17:18, 22:23, 20:9, 16:10
ქუთაისი: ბოისა (14ქ,6მ), ცეკვავა (13ქ), ფაშაევი (13ქ), ლომოური (8ქ,7მ), ბექაური (14ქ,15მ), ბაბუნაშვილი (8ქ), ქადარია (2ქ,7მ), გ.ბარბაქაძე
სოხუმი: დ.ბარბაქაძე (12ქ,7მ), ლათანი (18ქ,11მ), ბულიავა (4ქ), ტიშენკო (13ქ, 10მ), ზაბირჩენკო (9ქ), კვეტენაძე (2ქ), ტომარაძე, ბოქოლიშვილი, ვუდსოუნი (2ქ,9მ)
მსაჯები: დ.ბერიშვილი, ზ.მაჩალაძე, მ.ვართანოვი

გადამწყვეტი. გუნდები შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ: მასპინძლებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი გიორგი ცინცაძე არ ჰყავდათ. მათ "სოხუმთან" მატჩში გოლიათი სერბი დრაგან ტუბაკიც ვერ დაეხმარა. სტუმრებმა კი გიორგი ჯგერენაია
მოისაკლისეს.

ქვეყნის ჩემპიონებმა მათთვის უხერხულ მეტოქესთან შეხვედრის პირველი ტაიმი არცთუ დამაჯერებლად ჩაატარეს. მეორე მეოთხედში ზაბირჩენკოს ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანისა და ლათანის ორქულიანი შეტევის შემდეგ სოხუმელები წინ 10 ქულით გაიჭრნენ (18:28), თუმცა, შემდეგ "ქუთაისმა" თამაში გამოასწორა, ბოისას, ცეკვავასა და ბექაურის შედეგიანი თამაშის წყალობით ჩამორჩენა მალე აღმოიფხვრა და დიდი შესვენების შემდეგ სტუმრებს მხოლოდ ორქულიანი უპირატესობა ჰქონდათ - 39:41.

გარკვეული პერიოდი "სოხუმი" კვლავ ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ შემდეგ, როცა ანგარიში 45:50 იყო, აკაკი ლომოურმა ქუთაისელთა დიდ გაქცევას დაუდო საფუძველი. ამის შემდეგ მასპინძლებმა თითქმის 9 წუთის განმავლობაში მეტოქეს კალათში ბურთი არ ჩააგდებინეს, თავად კი ანგარიშს არითმეტიკული პროგრესიით ზრდიდნენ. შედეგად, "ქუთაისმა" 21:0 გაქცევა მოაწყო, 16 ქულით დაწინაურდა (66:50) და მატჩის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთზე მეტი იყო დარჩენილი, მაგრამ "სოხუმმა" ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა და "ქუთაისმა" მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

სტატისტიკა არ ტყუის. ქუთაისელებმა მეტოქეს, ძირითადად, გუნდური თამაშით აჯობეს. ბუნებრივია, სტატისტიკაც გამარჯვებულის მხარესაა. ორქულიან სროლებში პროცენტული მაჩვენებელი "სოხუმს" უკეთესი ჰქონდა - 46.2% 44.4%-ის საპირისპიროდ, თუმცა ქუთაისელებმა ფარქვეშიდან 20 ბურთი ჩააგდეს (45 მცდელობიდან), სტუმრებმა კი ორით ნაკლები (39 მცდელობიდან). შორი მანძილიდან სროლები არც ერთ გუნდს არ წაუვიდა, თუმცა ქუთაისელები სამქულიანებს შედარებით უკეთ სტყორცნიდნენ. მათ პერიმეტრიდან 8 ბურთი ჩააგდეს, მეტოქემ კი მხოლოდ ამის ნახევარი. მასპინძლებმა მოხსნებში და შედეგიან გადაცემაშიც აჯობა მეტოქეს და ყოველივე ეს მატჩის ანგარიშზეც აისახა.

საუკეთესო. ზემოთაც ვთქვით, რომ კოტე ტუღუშის შეგირდებმა, ძირითადად, გუნდური თამაშის წყალობით მოიგეს და ასეთ ვითარებაში ვინმეს გამოყოფა რთულია. მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ბექა ბექაური იყო, რომელმაც 14 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 14 ქულა მიითვალა ანატოლი ბოისამაც. 13-13 ქულა დაუგროვდათ გიორგი ცეკვავას და ზაურ ფაშაევს. სოხუმელთა რიგებში 18 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო დუეინ ლათანი იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა ალექსანდრ ტიშენკომაც (13 ქულა და 10 მოხსნა).

10 თებერვალი, ბათუმი
ბათუმი-დინამო 74:81
17:19, 21:26, 20:20, 16:16
ბათუმი: ჯინჭარაძე (15ქ), ლეჟავა (19ქ, 7პ, 5მ), თენიეშვილი (3ჩ), კრივცოვი (15ქ, 10მ, 3ჩ), რამიშვილი, მაისურაძე (9ქ), ფელჩერი (16ქ, 12მ).
დინამო: ვონი (10ქ, 6პ), გრძელიძე, ლონდარიძე (11ქ), მაჩალაძე, ფაცაცია (9ქ, 3პ, 2დ), ჭოჭუა (11ქ), მარავიჩი (8ქ, 7მ, 4პ), გ. რევაზაშვილი, ბერიშვილი (25ქ), გოგოძე (7ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი

გადამწყვეტი. "ბათუმი" შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. მასპინძლებს უკრაინელი გამთამაშებელი - ილია შემოსიუკი აკლდათ, თუმცა ძლიერ მეტოქეს მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი პერიოდი თბილისელებმა 2 ქულით მოიგეს, ხოლო მეორეში 26:21 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 7 ქულით დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა. ანგარიშში სხვაობა რამდენჯერმე მინიმუმამდე შემცირდა, პერიოდის შუაწელში კი თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა - 53:53. დინამოელებმა ვითარება მალევე გამოასწორეს და გუნდური თამაშის წყალობით ბოლო პერიოდის წინ კვლავ 7 ქულით დაწინაურდნენ...

სტატისტიკა არ ტყუის. ბათუმელებმა სტუმრებს მოხსნებში აშკარად აჯობეს - 45:27, მათზე მეტი ორქულიანიც ჩააგდეს, მაგრამ ზოგჯერ ბევრს წყვეტს სამქულიანი ტყორცნები. "დინამომ" 28-დან 12 სამიანი ჩააგდო, ხოლო ზღვისპირელებმა - 15-დან 5. 12 სამიანი 33 ქულაა...

გამორჩეული. 25 ქულით გამარჯვებულებს მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა, რომელმაც 11-დან 7 სამქულიანი გამოიყენა. 11-11 ქულა დააგროვეს მიხეილ ჭოჭუამ და ილია ლონდარიძემ. ბათუმელთაგან 19 ქულით ბესო ლეჟავა იყო საუკეთესო. კრის ფელჩერმა კი 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

ნამატჩევს
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):
- რთული თამაში იყო. ბათუმში იოლი მატჩები არავის ელის და ჩვენც გაგვიჭირდა. დავინახეთ საკუთარი ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად მუშაობასაც გავაგრძელებთ.

დავით უსტიაშვილი ("ბათუმის" მწვრთნელი):
- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს იყო ჩვენი გუნდის მეორე თამაში და ბიჭები გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ტრავმირებული გამთამაშებელი გვაკლდა და გამარჯვებამდე ვერ მივედით.

11 თებერვალი, თბილისი
კაკტუსი-მგზავრები 67:78
11:21, 15:14, 16:15, 25:28
კაკტუსი: უაითი (10ქ, 5მ, 5პ), ჩიკვილაძე (3ქ), ჩლაიძე (17ქ, 3ჩ), ბრიჯმენი (10ქ, 13მ, 3ჩ), ბააკაშვილი (7ქ, 4პ), ლომიძე (11ქ), ფლოვიესი (9ქ, 13მ, 2დ).
მგზავრები: ფხაკაძე (6ქ, 11პ, 5ჩ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (5ქ), ტურძელაძე (19ქ), ტეილორი (7ქ), მერფი (6ქ), ალენი (19ქ, 6ჩ), რენსომი (16ქ, 6პ, 8მ, 4ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

გადამწყვეტი. საწყის ორ წრეში "მგზავრებმა" თავი ბევრით ვერაფრით დაგვამახსოვრეს, მესამე წრე კი "ბათუმის" ეფექტური ძლევით გახსნეს, ხოლო 11 თებერვალს "კაკტუსს" აჯობეს. შესაძლოა, სხვაობა ისეთი არ არის, დამაჯერებელი რომ ეთქმის, მაგრამ "მგზავრებმა" პირველიდან ბოლო წუთებამდე სტაბილურად "იმგზავრეს" და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

"მგზავრებმა" მატჩის დასაწყისშივე გააკეთეს თამამი განაცხადი - 9:0 გაიქცნენ. თანაბარი მესამე პერიოდის შემდეგ ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა. გუნდური თამაშის წყალობით ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა 4-ქულიანი უპირატესობა 11-მდე გაზარდეს და მოპოვებული ლიდერობა ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნეს.

სტატისტიკა არ ტყუის. თუ ბათუმელთა და დინამოელთა დაპირისპირებაში ბევრი რამ სამქულიანებმა გადაწყვიტა, "მგზავრებისა" და "კაკტუსის" დაპირისპირებაში პერიმეტრიდან ტყორცნებს დიდი არაფერი შეუცვლია. გამარჯვებული გუნდის წევრებმა სულ 1 სამიანი ჩააგდეს, საკუთარ კალათში კი 9 მიიღეს. სამაგიეროდ, "კაკტუსს" 30 შეცდომა დააშვებინეს (თავად 19-ჯერ შეცდნენ), რამაც საბოლოოდ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

გამორჩეული. გიორგი ტურძელაძე მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა თამამად შემოიყვანა სუპერლიგაში და შეგვიძლია იგი საქართველოს ჩემპიონატის ამომავალ ვარსკვლავად ჩავთვალოთ, ისევე, როგორც ამერიკიდან დაბრუნებული, თერთმეტპასიანი ოთარ ფხაკაძე. 19-19 ქულით გამარჯვებულთაგან ტურძილაძე და კორი ალენი გამოირჩნენ. "კაკტუსში" 17 ქულა ჰქონდა ირაკლი ჩლაიძეს, ხოლო ტერიკ ბრიჯმენმა შეხვედრა 10 ქულითა და 19 მოხსნით დაასრულა.

ნამატჩევს
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მწვრთნელი):
- ვთვლი, რომ ეს იყო ჩვენი გუნდის ყველაზე ცუდი თამაში ამ სეზონში. "მგზავრებს" ვულოცავ ღირსეულ გამარჯვებას, ჩვენ კი მოგვიწევს გარკვეული ზომების მიღება.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მწვრთნელი):
- შეგვიძლია უფრო მეტის მიღწევა, უკეთესად თამაში. არის მომენტები, როდესაც თამაშის დალაგება გვიჭირს, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი სწორდება. საწყის ორ წრეში არადამაჯერებელი თამაშის გამო მიღებული შედეგების გამოსწორება დღეს გვიწევს.

11 თებერვალი, რუსთავი
რუსთავი-ოლიმპი 88:72
26:13, 17:26, 23:20, 22:13
რუსთავი: ხმელიძე, ქიტოშვილი (1ქ), ლორთქიფანიძე (3ქ), ლი (12ქ, 7პ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (10ქ, 5მ, 3პ), ათუაშვილი (16ქ, 8მ, 3დ), კასპერბაუერი (14ქ, 7მ), სპანოლო (7ქ, 8მ, 6პ), ბრიგსი (25ქ, 7მ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (6ქ), ბურნეთი (11ქ, 7მ, 3ჩ), ბოლქვაძე (13ქ, 5მ), როგავა (10ქ, 3პ), გეგი ბაქრაძე (4ქ), მიქელაძე (8ქ, 6პ, 3ჩ), პიჩფორდი (17ქ, 7მ), შლიცერი (3ქ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე, მ. კუპატაძე

გადამწყვეტი. წინა ტურში "სოხუმთან" მარცხის შემდეგ "რუსთავმა" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია "ოლიმპთან" მატჩში მოახერხა. ქვემოქართლელებმა მეოთხე პერიოდში დამაჯერებელი თამაშის წყალობით მოახერხეს თბილისელების ძლევა - 88:72.

სტატისტიკა არ ტყუის. "ოლიმპის" კალათბურთელები დიდი მონდომებით უფრთხილდებოდნენ ბურთს, სულ 9 შეცდომა დაუშვეს, ორჯერ ნაკლები, ვიდრე მასპინძლებმა. თუმცა მხოლოდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ მატჩის შედეგზეც დიდი გავლენა მოახდინა სამქულიანებმა - "რუსთავმა" 12 ჩააგდო, "ოლიმპმა" - 4.

გამორჩეული. წინახაზელმა მორის ბრიგსმა რუსთაველებს 4 სამიანი შემატა (7-დან). ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა ქეისი კასპერბაუერს. საბოლოოდ ბრიგსმა 25 ქულა ჩააგდო, კასპერბაუერმა - 14. გუნდის ვიცე-ბომბარდირი სერგო ათუაშვილი გახდა - 16.

დავით კოხრეიძე
ვაჟა სიმონიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული