ნიკა კვეკვესკირმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული "გაბალას" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, კვეკვესკირმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. ფეხბურთელმა რევაზ შარიქაძის შემდეგი კითხვა მოიწონა: "სამწუხაროდ, საქართველოში გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთის გაუქმებაზე საუბრობს. რას გვეტყვი, ვისაც, მათგან განსხვავებით, თქვენი გვჯერა?"

თავდაპირველად, ნიკამ მკითხველებს დასმული შეკითხვებისთვის მადლობა გადაუხადა: "მოგესალმებით. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა კითხვის ავტორს. სასიამოვნოა, როცა ქართველი გულშემატკივრისგან ამდენი თბილი სიტყვა გესმის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო Sportall.ge-ს ასეთი საინტერესო პროექტისთვის. წარმატებებს
გისურვებთ".

მკითხველი:
- ნიკა, როგორ ფიქრობ, რატომ არის თბილისის "დინამო" დღესდღეობით ასეთ ცუდ დღეში?
- როგორც რიგითი გულშემატკივარი, "დინამოში" არსებულ მდგომარეობას მეც გარედან ვიცნობ და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ მჯერა კახა კაჭარავასი და მჯერა იმისი, რომ თუ მას საკმარის დროს მისცემენ, შეუქმნიან შესაბამის პირობებს, ის "დინამოს" აუცილებლად ძლიერ გუნდად ჩამოაყალიბებს.

მკითხველი:
- გამარჯობა, ნიკა. პირველ რიგში, გილოცავ წარმატებულ თამაშს სერბეთთან და ლატვიასთან (გვარდიოლამ თუ ნახა შენი თამაში, დარწმუნებული ვარ, "სიტიში" მიგიწვევს). როგორც მივხვდი, ორივე სანაკრებო თამაშში ''რეჯისტას'' ფუნქციას ასრულებდი (ხაბი ალონსოს, დე როსის სტილში თამაშობდი). შენი პოზიციის მოთამაშისთვის, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი თამაშის ტემპის სწორად წარმართვაა, რასაც ძალიან კარგად ახერხებდი წინა თამაშებში და როგორ ფიქრობ, ამისთვის მხოლოდ ბუნებრივი ნიჭი საკმარისია? თუ კიდევ რაიმე თეორიული ცოდნაა საჭირო, თუნდაც იგივე შენი პოზიციის ცნობილი ფეხბურთელების - პირლოს და სხვების თამაში ანალიზი და ასე შემდეგ?
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. როგორმე უნდა მივაწოდოთ გვარდიოლას ჩემი თამაშის ვიდეო (იცინის).

იმ ყველაფერს, რაც ჩამოთვალეთ, ბუნებრივ ნიჭთან ერთად თეორიული ცოდნაც სჭირდება. საბედნიეროდ, წარსულშიც და ახლაც საკმაოდ ძლიერ მწვრთნელებთან მიწევს მუშაობა, რაც განვითარებაში მეხმარება. რა თქმა უნდა, ვაკვირდები ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებსაც. ვცდილობ, მათგანაც ვისწავლო.

მკითხველი:
- ნიკა, შენ თავიდანვე პერსპექტიული ფეხბურთელი იყავი, მაგრამ ისე მოხდა, რომ კარიერის რაღაც ეტაპზე ლამის ყველამ ხელი ჩაიქნია შენზე. ვგულისხმობ თბილისის "დინამოში" გატარებულ პერიოდს, როცა დუბლებში დაგაქვეითეს, საიდანაც გადახვედი გორის "დილაში". იქ, ასე ვთქვათ, მეორე სუნთქვა გაგეხსნა და კარიერის ახალ ეტაპზე გახვედი. მაინც, რამ ითამაშა ამ მომენტში გადამწყვეტი როლი და როგორ გაიხსენებ "დილაში" გატარებულ დროს?
- "დილაში" ცალსახად უდიდესი როლი ითამაშა უჩა სოსიაშვილის ფაქტორმა. ყველასგან მივიწყებულს, ის ბოლომდე მენდო, მომცა ფეხბურთში დაბრუნების მეორე შანსი. მეც ვეცადე, მისი ნდობა ბოლომდე გამემართლებინა და მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უჩა სოსიაშვილს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო.

მკითხველი:
- გამარჯობა, ნიკა. პირველ რიგში, წარმატებებს გისურვებ კარიერაში. მაინტერესებს, ბავშვობაში ვინ იყო შენთვის ის ცნობილი ფეხბურთელი, ვისთანაც მაისურის გაცვლა გინდოდა და აგიხდა თუ არა ეს სურვილი?
- მადლობა. სიმართლე გითხრათ, ვინმესთან მაისურის გაცვლაზე არ მიფიქრია. მე უფრო მათ გვერდით ან სულაც, მათ წინააღმდეგ თამაშზე ვოცნებობდი.

მკითხველი:
- მახსოვს თქვენი პირველი გოლი უმაღლეს ლიგაში ფოთის "კოლხეთთან", რის შემდეგაც ქეცბაიამ ნაკრებში გამოგიძახათ. რა ოცნებები და გეგმები გქონდათ ფეხბურთთან დაკავშირებით 18 წლის ასაკში და რა მიზნები გაქვთ ახლა?
- მაშინ ნაკრებში ჯერ კიდევ კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, მალხაზ ასათიანი, ზურა ხიზანიშვილი თამაშობდნენ და მათ გვერდით თუნდაც ვარჯიში ჩემთვის დიდი ბედნიერება და გამოცდილება იყო.

მას შემდეგ 7 წელი გავიდა და ვცდილობ, ყოველდღე განვვითარდე. იმედია, ყველაფერი გამომივა.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ნიკა. გითამაშიათ საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში. რას ნიშნავს თქვენთვის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში? წარმატებებს გისურვებთ, გმადლობთ.
- ვეცდები, მოკლედ, სამი სიტყვით გითხრათ, რასაც ვგრძნობ: სიყვარულს, პასუხისმგებლობას და სიამაყეს.

მკითხველი:
- ადევნებ თუ არა თვალყურს ეროვნული ლიგის თამაშებს? ჩემი აზრით, ჯერჯერობით 10-გუნდიანი ჩემპიონატი ამართლებს: ათივე გუნდში შედარებით მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, ფიზიკურად უფრო კარგად ვართ მომზადებულები, ვიდრე გასულ წლებში იყო. ჩემპიონატს აქვს ნორმალური შეფუთვა. შენი აზრი მაინტერესებს: "გაბალა" ახერხებს არცთუ ისე ძლიერი ჩემპიონატიდან ეუროტურნირებზე წარმატებით გამოსვლას. შეუძლია თუ არა იმავეს გაკეთება თბილისის "დინამოს" დიდი ფინანსების ქონის შემთხვევაში?
- კი, ვადევნებ თვალს და პროგრესი აშკარაა. მგონია, რომ ჩემპიონატის მთავარი პრობლემა სწორედ ფინანსები და სათანადო ინფრასტრუქტურაა, თორემ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, რომელთა სწორი განვითარების და გვერდით ძლიერი ლეგიონერების ყოლის შემთხვევაში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იგივე "დინამოსაც" შეეძლება.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ნიკა. კვეკვე აზერბაიჯანში შეგარქვეს თუ საქართველოშიც გეძახდნენ?
- გამარჯობა. კვეკვეს ბავშვობიდან მეძახიან. იმდენად რთულად გამოსათქმელი გვარი მაქვს, ხანდახან მეც მიჭირს ხოლმე გამოთქმა )) მგონი, ოჯახის წევრების გარდა, ყველა ასე მომმართავს )))

მკითხველი:
- მოგესალმებით, ნიკა. ფაქტია, რომ გორის ''დილადან'' ბაქოს ''ინტერში'' გადასვლა თქვენს კარიერაში საკვანძო მომენტი იყო. "ინტერს" მოჰყვა "გაბალა", თქვენ აღმოჩნდით ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთადერთი, ვინც ევროპა ლიგის 2016/17 წლების საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, რასაც მოჰყვა ევროპალიგაზე თამაში. მაინტერესებს, რა როლი შეასრულა თქვენს პროფესიულ წინსვლაში "გაბალამ" და "ევროპალიგაზე" თამაშმა? გმადლობთ.
- ევროპალიგის საკვალიფიკაციო და ჯგუფურ ეტაპზე თამაში მართლაც დიდი გამოცდილება იყო და ეს ყველაფერი დამეხმარა, მენახა ჩემი სუსტი მხარეები და მათ გამოსწორებაზე მემუშავა.

რაც შეეხება "გაბალას", მის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ, ჩემს პროგრესში ამ კლუბს ძალიან დიდი როლი მიუძღვის.

მკითხველი:
- განვლილი გზის გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს? წარმატებებს გისურვებ.
- ნუ მოუსმენთ იმათ, ვინც გეუბნებათ, რომ ცუდი ფეხბურთელი ხართ და თქვენგან არაფერი გამოვა. ნურც იმათ მოუსმენთ, ვინც პირიქით, გეუბნებათ, რომ ძალიან მაგარი ხართ )))

მოუსმინეთ მხოლოდ იმათ, ვინც შენიშვნებს გაძლევთ და ცდილობს, დაგეხმაროთ პროგრესში. შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

მკითხველი:
- ნიკა, გამარჯობა. რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატს შორის?
- ვერ ვიტყვი, რომ თვითონ ჩემპიონატებს შორის ძალიან დიდია სხვაობა, მაგრამ აქ "გაბალას" და "ყარაბახის" სახით ორი ისეთი კლუბია, რომელთა შორისაც, სამწუხაროდ, სხვაობა დიდია.

მკითხველი:
- ვინ არის შენი კუმირი ფეხბურთელი, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ფეხბურთელებიდან და რომელ გუნდში ითამაშებდი დაუფიქრებლად?
- ჩემი საყვარელი ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსია, ხოლო გუნდი, რომელში უფასოდაც კი ვითამაშებდი, "ბარსელონაა" (იცინის).

მკითხველი:
- წარმატებული ფეხბურთელები ორ ნაწილად იყოფიან: ის, ვინც წარმატებას ნიჭით მიაღწია და ის, ვინც წარმატებას შრომით მიაღწია. შენ რომელს მიეკუთვნები?
- არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ ნიჭიერს. შრომის ფასს ცოტა გვიან მივხვდი.

მკითხველი:
- რა როლი შეასრულა თბილისის "დინამოში" თამაშმა თქვენს კარიერულ წინსვლაში?
- ამ კლუბში როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდები მქონდა. ორივე შემთხვევაში გამოცდილება შევიძინე, რაც მომავალში პროგრესში გამომადგა.

მკითხველი:
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბევრ მაღალი კლასის ნახევარმცველს უთამაშია. მაინტერესებს, რომელია შენთვის გამორჩეული და რა სპორტულ თვისებებს აიღებდი მათგან?
- დღეს მოთამაშე ნახევარმცველებისგან დიდი სიამოვნებით ჯაბა კანკავას შრომისმოყვარეობას და მოწინააღმდეგის შეტევების ჩაშლის უნარს ავიღებდი.

მკითხველი:
- გამარჯობა, ნიკა. რომელ დასამახსოვრებელ თამაშს გამოარჩევდი თბილისის "დინამოსა" და "გაბალაში"?
- "დინამოში" "ტორპედოსთან" მოგებული მატჩი მახსენდება კარგად. მაშინ შინ 2:0 ვიმარჯვეთ, ალექს გარსია გვწვრთნიდა და ყველამ ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ძალიან ცუდად მახსოვს ბერძნულ აეკ-თან მარცხი.

"გაბალაში" კი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ფრანგულ "ლილთანაა", რომელიც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვთიშეთ.

მკითხველი:
- წელს საკმაო პროგრესი შეინიშნება შენში, რაც ყველას გვახარებს. საინტერესოა, შენ თვითონ რას მიიჩნევ მაქსიმუმად და როგორი წარმოგიდგენია შენი სამომავლო კარიერა? წარმატებებს გისურვებ.
- რთულია იმის თქმა, თუ რას მივიჩნევ ჩემს მაქსიმუმად, მაგრამ განვითარების უდიდესი სურვილი მაქვს და ვცდილობ, მივაღწიო ამ მაქსიმუმს. ვნახოთ, იმედია, ყველაფერი გამომივა.

მკითხველი:
- ყველაზე მეტად რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს კომფორტულად და შეგიძლია თუ არა სხვა პოზიციაზეც ასე კარგად თამაში?
- თავს კომფორტულად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ. თითქმის ყველა პოზიციაზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ყველაზე კარგად იქ გამომდის, სადაც დღეს ვარ.

მკითხველი:
- რომელი იყო შენს კარიერაში ყველაზე იღბლიანი და ყველაზე უიღბლო თამაში?
- იღბლიანი ალბათ "დინამოს" მაისურით მოლდოვურ "მილდამისთან" ჩატარებული მატჩი. ის მატჩი 2:0 მოვიგეთ, მე კი ერთი გოლი გავიტანე და ერთიც საგოლე გადაცემა მივითვალე. უიღბლო კი, რა თქმა უნდა, 21-წლამდელთა ნაკრებში ჰოლანდიის ნაკრებთან მარცხი 0:6 - იქ წითელი ბარათი მივიღე.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ფეხბურთელი, რომელიც პერსპექტიულია, თუმცა სათამაშო პრაქტიკა კლუბში არ აქვს თუ ფეხბურთელი, რომელიც სტაბილურად კარგად თამაშობს კლუბში და არ ეძლევა ნაკრებში გამოძახების საშუალება?
- საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებებია!

მკითხველი:
- როგორ წარმოგიდგენია შენი თავი კარიერის დასრულების შემდეგ? ვინ იქნები?
- მინდა, მწვრთნელი ვიყო. ვაგროვებ ინფორმაციებს, ვაკვირდები ჩემთვის საინტერესო მწვრთნელების მოღვაწეობას და, ასე ვთქვათ, უკვე ვემზადები ამისთვის. იმედია, გამომივა.

მკითხველი:
- რომელ კარიერას ანიჭებ უპირატესობას - საკლუბოს თუ სანაკრებოს?
- ფეხბურთს იმისთვის ვთამაშობ, რომ ეროვნული ნაკრების წევრი ვიყო, ეს ყველაფერი კი საკლუბო კარიერის გარეშე შეუძლებელია. თქვენ თუ იმას მეკითხებით, არჩევანის წინაშე რომ ვიდგე, რომლის ინტერესებს ავირჩევ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ნაკრებში მოთამაშე ფებხურთელებიდან ყველა ანალოგიურად გიპასუხებდათ.

მკითხველი:
- დაბრუნდები თბილისის "დინამოში"?
- დაბრუნების სურვილი მაქვს. არ ვიცი, როგორ და რა ვითარებაში, მაგრამ დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი.

მკითხველი:
- შენი აზრით, რომელია მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატი და საუკეთესო გუნდი?
- მაპატიეთ, ამ კითხვის პასუხში ვერ ვიქნები ობიექტური ))) ლა ლიგა და "ბარსელონა".

მკითხველი:
- გაიხსენე დავიდ დე ხეას კარში გატანილი გოლი ქუთაისში...
- გავიხსენე ))) იმ დღეს მამაჩემის დაბადების დღე იყო, მას დავპირდი, რომ გოლს გავიტანდი და გამიხარდა, რომ პირობა შევუსრულე. ანგარიშის გახსენებას ნუ მომთხოვთ )))

მკითხველი:
- ვის მიუძღვის შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვლილი? რომელია შენთვის მშობლიური კლუბი?
- ძალიან ბევრ ადამიანს. ასე, ერთის დასახელება რთულია. დიდი წვლილი მიუძღვის მამაჩემს, ჩემს პირველ მწვრთნელ ვალერი გულორდავას და ა.შ. მშობლიური კლუბი ზუგდიდის "ბაიაა". იქ გავიზარდე.

მკითხველი:
- გამარჯობა, ნიკა. შენი თამაშის სტილი მომწონს. შენნაირი ფეხბურთელი საქართველოში დღეს იშვიათობაა. მაინტერესებს, გეგმავ თუ არა სხვა კლუბში ძალების მოსინჯვას? წარმატებას გისურვებ.
- დიდი მადლობა. თუ იქნება ძლიერი კლუბისგან და ჩემპიონატიდან დაინტერესება, დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს სხვაგან.

მკითხველი:
- როგორია აზერბაიჯანელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ?
- კარგი, როგორიც უნდა იყოს. პირადად მე, არსად და არასოდეს ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. ჩვენს საფეხბურთო ნიჭს და კულტურას ძალიან აფასებენ.

მკითხველი:
- სამწუხაროდ, საქართველოში გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთის გაუქმებაზე საუბრობს. რას გვეტყვი, ვისაც, მათგან განსხვავებით, თქვენი გვჯერა?
- თქვენ დიდ მადლობას გადაგიხდით და გეტყვით, რომ ერონული ნაკრების მაისურით თქვენთვის, თქვენ გასახარად ვთამაშობთ. ჩვენი, ფეხბურთელების და თქვენნაირი გულშემატკივრების ერთად დგომა საწინდარია ასეთი ხალხის გასაჩუმებლად.

მკითხველი:
- ვის რჩევა-დარიგებას ითვალისწინებ ყველაზე მეტად და რატომ?
- ბავშვობაში ასეთი მამა იყო, რომელსაც არასოდეს მოსწონდა ჩემი თამაში (იცინის). დღეს კი ამ ფუნქციებს მე ვითავსებ )))

მკითხველი:
- დიდი განსხვავებაა აქაურ და აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს შორის დამოკიდებულებასა და პროფესიონალიზმში?
- როგორც ჩვენთან, აქაც არიან თავისი საქმის პროფესიონალები და, პირიქითაც...

საბედნიეროდ, როგორც ნაკრებში, ისე კლუბში, პროფესიონალებთან მიწევს თამაში და ვცდილობ, მათგან ვისწავლო, მივბაძო.

მკითხველი:
- უყურებს თუ არა შენი შვილი შენს თამაშებს? თუ კი, რა რჩევებს გაძლევს ხოლმე?
- უყურებს, კი. ჯერ ტაქტიკაში ვერ ერკვევა ))) მაგრამ იცის, მამამისი რომელ კლუბში თამაშობს და ნერვიულობს, როცა ის ეცემა და როცა მას რამე სტკივა.

მკითხველი:
- "დინამოში" თამაშის დროს ძირითადი გუნდიდან სარეზერვო გუნდში დაგაქვეითეს. რას ურჩევდით ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც უსამართლო გარემოში აღმოჩნდნენ?
- ამ ყველაფერში ჩემი ბრალეულობაც იყო, მაგრამ 19 წლის ფეხბურთელს ერთ შეცდომას რომ არ აპატიებ, ბოლომდე ხაზს გადაუსვამ და ძალიან ცუდ პირობებში ამყოფებ, ჩემი აზრით, არასწორია.

რჩევა ერთია - არ დანებდეთ! არ დანებდეთ იმიტომ, რომ თქვენ უკან ოჯახი, საყვარელი ადამიანებია და მხოლოდ მათ გამო ღირს ყველაფერი. მათ გამო უნდა მოითმინოთ და ყველას დაუმტკიცოთ, თუ რა შეგიძლიათ. მე ამ ყველაფრის გადალახვაში ოჯახი, მეუღლე, შვილი დამეხმარნენ...

მკითხველი:
- რამდენად რთული იყო გზის გავლა "დინამოს" სარეზერვო გუნდიდან ეროვნულ ნაკრებამდე?
- ძალიან რთული იყო. საბედნიეროდ, იყვნენ ჩემ გვერდით ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემ წინსვლაში. იყო პერიოდები, როცა ფეხბურთისთვის თავის დანებებაზეც მიფიქრია, მაგრამ ესეც გადავლახე და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ. იმედია, ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული