თემურ ფარცვანიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ფარცვანიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ფარცვანიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. 25 წლის ფეხბურთელმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "რას მიიჩნევ შენს საფეხბურთო უნარებში ქართული გენის და რას უკრაინულის დამსახურებად?"

მკითხველი:
- თემურ, გამარჯობა. პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდი, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არჩევანი ჩვენ სასარგებლოდ გააკეთე. მაინტერესებს, შენი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ეროვნებიდან გამომდინარეობს თუ იყო სხვა ფაქტორებიც, რის გამოც ჩვენს ნაკრებში თამაში ამჯობინე?
- არ ვფიქრობ,
რომ ეს სამადლობელია, მაგრამ მაინც მადლობას გიხდით თქვენც. არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველი ვარ და ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. თავის დროზე, საქართველოდან ჩემი წასვლა რიგმა მიზეზებმა განაპირობა.

სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არანაირი სხვა მოტივი არ მქონია. ქართველი ვარ და თუკი ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მექნება, ბედნიერი ვიქნები.

მკითხველი:

- გამარჯობა, თემურ. მიხარია, ქართული პასპორტის დაბრუნება რომ გადაწყვიტე. ჩემი შეკითხვა ასეთია: ვიცი, რომ უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდი და ქვეყნის ჩემპიონატშიც კარგად გამოდიოდი. ამ ხნის განმავლობაში, იყო თუ არა დაინტერესება უკრაინის ეროვნული ნაკრებიდან?
- უკრაინის ეროვნული გუნდიდან დაინტერესებაზე არაფერი ვიცი.

მკითხველი:
- შენ ძალიან ომახიანად გამოჩნდი, როგორც ფეხბურთელი. ითამაშე უკრაინის 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გუნდმა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი შედეგი აჩვენა და ამ შედეგში შენი წილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ იყო კიევის "დინამო", თუმცა შენი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც ეს გულშემატკივარს სურდა. მაინც, რა იყო შენი განვითარების შემაფერხებელი მიზეზი?
- ამაზე არაერთხელ მისაუბრია. კიევის "დინამოში" მაშინ ლეგიონერები მოჰყავდათ, რომლებშიც კლუბი ძალიან დიდ თანხას იხდიდა და იშვიათად ხდებოდა ისე, რომ საკუთარი აკადემიის აღზრდილი ან დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი დიდ გუნდში დაეწინაურებინათ. ეს იყო მხოლოდ მიზეზი იმის, რომ "დინამოს" პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მომეცა.

როდესაც ერთ ადგილას დგახარ, განვითარებას წყვეტ, რაღაც უნდა შეცვალო. მეც სწორედ ამიტომ მივიღე "დინამოდან" წამოსვლის გადაწყვეტილება.

მკითხველი:
- რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება? ფაქტია, რომ მწვრთნელის ინტერესის ობიექტი უკვე ხარ და ახლა უმეტესწილად შენზეა დამოკიდებული, მოვლენები როგორ გავითარდება...
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ გამოვუძახებივარ, ამიტომ წინასწარ ლაპარაკი ამაზე რთულია. ის, რომ ინტერესი არამხოლოდ მწვრთნელის, არამედ თქვენი, გულშემატკივრის მხრიდანაცაა, ეს მხოლოდ სტიმულს მმატებს.

ჩემის მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მომეცეს.

მკითხველი:
- როდესაც ადამიანს გიწევს გადაწყვეტილების მიღება, ყოველთვის ცდილობ, გვერდში მდგომ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ჰკითხო რჩევა. ვინ არის შენთვის ის ადამიანი, ვისაც ყოველთვის ენდობი და ვისიც ყოველთვის გეიმედება?
- რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციებში აზრს ყოველთვის ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებს ვეკითხები. ჩემთვის განსაკუთრებული მამაჩემია. მის აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მკითხველი:
- ადევნებ თუ არა თვალს საქართველოს ნაკრების გამოსვლას და თუ კი, ვისთან ერთად ისურვებდი გვერდი-გვერდ თამაშს?
- ნაკრების თამაშებს თვალს ყოველთვის ვადევნებ. თუ კონკრეტულ ფეხბურთელს გულისხმობთ, მაშინ გამიჭირდება სახელითა და გვარით ვინმეს დასახელება. ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი გუნდის ღირსეული წევრია, მას მწვრთნელი არჩევს და ყველა შემთხვევაში, ჩემთვის პატივი იქნებოდა, მეთამაშა ნაკრების მაისურით, ნებისმიერი ფეხბურთელის გვერდით.

მკითხველი:
- გამარჯობა. პირველ რიგში, თემურ, წარმატებას გისურვებთ კლუბშიც და, რა თქმა უნდა, ნაკრებშიც. როგორც ვიცი, დიდი ხანია უკრაინაში ცხოვრობთ და თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი ყველაზე კარგი ბავშვობის დროინდელი მოგონების შესახებ, რომელიც ფეხბურთთან და საქართველოსთან არის დაკავშირებული...
- დიდი მადლობა. ყველაზე კარგი მოგონება ის დღეა, როდესაც მამამ ფეხბურთზე შემიყვანა.

მკითხველი:
- მოგესალმებით, თემურ. ფეხბურთში პირველი ნაბიჯები საქართველოში გადადგით და უკრაინაში 15-16 წლის ასაკში წახვედით. როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ მწვრთნელს და საქართველოში გატარებულ პერიოდს?
- 14 წლის ვიყავი, როდესაც უკრაინაში წავედი. ამ კითხვას ნაწილობრივ ვუპასუხე კიდეც წინა კითხვაში. მაშინ შეიძლება პატარა ვიყავი და სულ სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ, უნდა მომხდარიყო ის ყველაფერი, რაც მოხდა და მე უნდა წამოვსულიყავი საქართველოდან. ვინ იცის, რომ დავრჩენილიყავი, იქნებ ფეხბურთი არც მეთამაშა...

მკითხველი:
- თქვენ კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობის და უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი იყავით. რატომ მოხდა ისე, რომ "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ვერ მოიკიდეთ ფეხი? გმადლობთ.
- ამ კითხვასაც, ვფიქრობ, გავეცი პასუხი. მიზეზი კიევის "დინამოს" მაშინდელი პოლიტიკა იყო, რომლის გამოც არამხოლოდ მე, არამედ სხვა ნიჭიერ ფეხბურთელებსაც პირველ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემიათ.

მკითხველი:
- მაინტერესებს, გყავს თუ არა საფეხბურთო იდეალი და ცდილობ თუ არა, მას მიბაძო? მადლობა, რომ საქართველოს ნაკრები აირჩიე...
- ჩემი საფეხბურთო იდეალი ლეო მესია. ძალიანაც რომ მინდოდეს მიბაძვა, როგორ გამომივა?! ის ფენომენალური ფეხბურთელია, რთულია, მას ვინმემ მიბაძოს.

არ ვფიქრობ, რომ საქმე ასარჩევად იყო - მე ქართველი ვარ!

მკითხველი:
- მოგესალმები. ვიცი, რომ მარჯვენა ფლანგის მცველი ხარ და საკმაოდ კარგიც, მაგრამ შეგიძლია თუ არა სხვა პოზიციაზეც ასე კარგად თამაში?
- საერთოდ, არა მარჯვენა, არამედ ცენტრალური მცველი ვარ. ბოლო სამწელიწადნახევარია, რაც მარჯვენა ფლანგზე მიწევს თამაში. ანუ შემიძლია როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე თამაში. დონეცკის "ოლიმპიკში" სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ.

მკითხველი:
- რომელი იყო შენს კარიერაში ყველაზე იღბლიანი და ყველაზე უიღბლო თამაში?
- ყველაზე იღბლიანი თამაში, ალბათ, 2009 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მაისურით ჩატარებული მატჩი იყო, სადაც ვიმარჯვეთ და ევროპის ჩემპიონები გავხდით.

ნებისმიერი მარცხი, რომელიც განმიცდია, ჩემთვის უიღბლო იყო.

მკითხველი:
- უკვე წლებია, უკრაინაში ცხოვრობ. ქართული ენა ხომ არ დაგივიწყია? )))
- დიახ, მართლაც დიდი ხნის წასული ვარ, მაგრამ ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. მართალია,  ხშირად ვერ, მაგრამ წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ. საქართველოში მეგობრები მყავს, რომლებთანაც მუდმივი კონტაქტი მაქვს და ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ მშობლიური ენა არ დამავიწყდეს. :)

მკითხველი:
- რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის: ფეხბურთელი, რომელიც პერსპექტიულია, თუმცა სათამაშო პრაქტიკა კლუბში არ აქვს თუ ფეხბურთელი, რომელიც სტაბილურად კარგად თამაშობს კლუბში და არ ეძლევა ნაკრებში გამოძახების საშუალება?
- ალბათ, საქართველოს ნაკრებიდან გამომდინარე მისვამთ ამ კითხვას, მაგრამ მწვრთნელი თავად წყვეტს, ვინ ურჩევნია.

პირადად მე, ვფიქრობ, რომ სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელი უნდა გამოიყენო, რადგან უთამაშებელი სპორტსმენი სათანადო ფიზიკურ კონდინციებში არ იმყოფება. მიუხედავად ამისა, პერსპექტიული ფეხბურთელების ყურადღების გარეშე დატოვებაც არ შეიძლება.

მკითხველი:
- არ ვიცი, თვალს ადევნებ თუ არა ჩვენს ჩემპიონატს, მაგრამ თუკი ადევნებ, რამდენად დიდ განსხვავებას ხედავ ჩვენსა და უკრაინის ჩემპიონატებს შორის?
- აქტიურად ვერ ვადევნებ საქართველოს ჩემპიონატს თვალყურს, მაგრამ ვცდილობ, ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მეგობარი ფეხბურთელებისგან მივიღო.

უკრაინელებს ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება აქვთ, რაც საქართველოში დეფიციტურია. ასევე, საქართველოს პრობლემა აქვს ორგანიზებულობაში. გეტყვით, რას ვგულისხმობ. ვნახე თბილისის "დინამოს" მატჩი "ჩერნომორეცთან". "ჩერნომორეცის" ფეხბურთელები შეტევებისას ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ბევრს მოძრაობდნენ... "დინამო" ცდილობდა, ცენტრიდან და ფლანგებიდან შეეტია, მაგრამ მეტოქე არ აძლევდა თამაშის გაშლის საშუალებას. თბილისელები ბევრ თავისუფალ ზონებს აძლევდნენ "ჩერნომორეცის" ფეხბურთელებს, მცველებსა და ნახევარმცველებს შორის დიდი დისტანცია იყო და ა.შ. ეს აკლია ქართულ ფეხბურთს, დანარჩენი, ვფიქრობ, ყველაფერი გვაქვს.

მკითხველი:
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ მოქალაქეობის ისე იღებ, არც კი იცი, გამოგიძახებენ თუ არა ნაკრებში... ხომ არ შეგხმიანებია მას მერე ნაკრების მწვრთნელი? გიღირს ასე გარისკვა, როცა ზუსტად არც იცი, გამოგიძახებენ თუ არა?
- აქ მთავარი ის არ არის, გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში. მე ქართველი ვარ და მინდა, ჩემი ქვეყნის მოქალაქეობა დავიბრუნო. ასე რომ, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებით, არ ვრისკავ. მწვრთნელი არ დამკავშირებია.

მკითხველი:
- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სანაკრებო კარიერა და რომელს ანიჭებ უპირატესობას - საკლუბოს თუ სანაკრებოს?
- სანაკრებო კარიერა ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ოცნებობს, რომ ერთხელ მაინც მოირგოს ეროვნული ნაკრების მაისური. არ ვიცი ფეხბურთელი, რომლისთვისაც საკლუბო კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სანაკრებო. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. პროფესიონალი როდესაც ხარ, პასუხისმგებლობა ორივეგან ძალიან მაღალია.

მკითხველი:
- შენი აზრით, რომელია მსოფლიოში საუკეთესო შიდა ჩემპიონატი?
- ჩემი აზრით, საუკეთესო ესპანეთის ლა ლიგაა, საუკეთესო გუნდი კი - "ბარსელონა".

მკითხველი:
- ვინ იქონია გავლენა შენს გადაწყვეტილებაზე, გეთამაშა საქართველოს სახელით? თუ ეს შენი სურვილი იყო?
- ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. არ მინდოდა, უკრაინელებს უმადურობაში დავედანაშაულებინე... ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეობა დავიბრუნო.

მკითხველი:
- მალე ალბათ ეროვნულ ნაკრებში გიხილავთ და გაგვაცანი შენი თავი უკეთ. მოგვიყევი შენს პირველ ნაბიჯებზე ფეხბურთში და პირველ წარმატებაზე...
- მეც იმედი მაქვს და ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ასე იქნება. ჩემს თავზე რა მოგიყვეთ :) მიყვარს ფეხბურთი და არც უხასიათობას ვუჩივი :D

მკითხველი:
- რა არის შენი ოცნება? როგორ გგონია, მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ?
- ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე თამაშია. იმედი მაქვს, რომ გავალთ და ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში არ იქნება.

მკითხველი:
- რას მიიჩნევ შენს საფეხბურთო უნარებში ქართული გენის და რას უკრაინულის დამსახურებად?
- უკრაინელების დამსახურება ჩემი ფიზიკური კონდიციებია. ეს იქ ძალიან მაღალ დონეზეა. დანარჩენი ყველაფერი - საქართველოსი.

ფეხბურთში ყველაფერი მნიშვნელოვანია. თუ ფიზიკურად არ ხარ მზად, მხოლოდ ნიჭით შორს ვერ წახვალ. ნიჭი, შრომისმოყვარეობა, ფიზიკური მომზადება - ყველა კომპონენტი საჭიროა.

მკითხველი:
- თემურ, სასიამოვნოა, როდესაც ფებურთელთან უშუალოდ კონტაქტი შეგიძლია... სასიამოვნოა, როდესაც სამეგრელოდან ადამიანი ასე ასახელებს მეგრელებს. ყველას გვესიამოვნა, ნაკრებში თამაშის სურვილი რომ გამოთქვი. ახლა რომ იწყებდე კარიერას, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
- დიდი მადლობა. არ ვფიქრობ, რომ რამეს შევცვლიდი. თავიდან რომ დამეწყო, ალბათ, ისევ ისე გავაკეთებდი ყველაფერს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული