7 ფეხბურთელი, რომელთაც ამ სეზონში სათამაშო მანერა გუნდის ინტერესებისთვის შეიცვალეს

AutoSharing Option
ჩვენს დღევანდელ წერილში მოგითხრობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეიცვალეს სათამაშო მანერა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ან შეეგუენ ისეთ სიტუაციას, რომელსაც ადრე ვერ ეგუებოდნენ. ჩვენს სიაში ვარსკვლავური სტატუსის მქონე მოთამაშეები მოხვდნენ.

თეო უოლკოტი
სეზონის დაწყების წინ თეო უოლკოტმა მეუღლესთან ნაძლევი დადო. თუ "არსენალის" ვარსკვლავი შობამდე 10 და მეტ გოლს გაიტანდა, მაშინ მეუღლე მას დღესასწაულზე ყავის მადუღარას აჩუქებდა. თეო ცნობილია, როგორც ყავის ძალიან დიდი მოყვარული. მან ძალიან მაგრად მოინდომა და 11 გოლი შეაგდო.

გასული სეზონის შემდეგ უოლკოტი მიხვდა, რომ მას ან ძირეულად უნდა შეეცვალა
ყველაფერი, ან უნდა შეგუებოდა შექმნილ სიტუაციას და დარჩენილიყო მარად პერსპექტიულ მოთამაშედ. ასეთ შემთხვევაში მას აუცილებლად უნდა დაეტოვებინა "არსენალი". "ვესტ ჰემმა" გამოთქვა კიდეც მისი შეძენის სურვილი.

თეომ უმატა ვარჯიშს. ის დამატებით რჩებოდა კლუბის ბაზაზე. აიყვანა სპეციალური მწვრთნელი ფიზმომზადებისათვის. არსენ ვენგერმა მის წასვლას ვეტო დაადო. უოლკოტმა შეტევის ფორპოსტზე გადაიწია ალექსის სანჩესთან ერთად. სიახლემ უოლკოტს მაგრად არგო. ბევრი გუნდისათვის მისი შეჩერება ძალიან რთული გახდა.

იაია ტურე
მას შემდეგ, რაც "სიტიმ" პეპ გვარდიოლა დანიშნა მთავარ მწვრთნელად, გუნდიდან კოტდივუარელი ფეხბურთელის წასვლა გადაწყვეტილ საქმედ მოჩანდა. ჯერ კიდევ "ბარსელონაში" აირია ურთიერთობა პეპსა და ტურეს შორის. კატალონიელს არასოდეს დაუმალავს, რომ პიროვნული თვისებების გარდა, არც ტურეს სათამაშო სტილი მოსწონდა. მიიჩნევდა მას ნელ და ეგოისტ ფეხბურთელად.

ტურეს გარდა, გვარდიოლას თავს მისი აგენტიც კი დაესხა. ბოლოს და ბოლოს, ფეხბურთს მოწყვეტილი ტურე მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა. მან მოიხადა ბოდიში და დაიწყო თამაში. რად ღირს თუნდაც "კრისტალ პალასთან" მატჩი, რომელშიც იაიამ დუბლი შეასრულა.

საინტერესოა, რომ აფრიკელმა ნახევარმცველმა ერთბაშად შვიდი კილოგრამი დაიკლო. ტურეს პოზიციები "სიტიში" კიდევ უფრო გაამყარა გიუნდოგანის ტრავმამ. იაიამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია და გუნდისათვის დიდი სარგებლობის მოტანაც შეუძლია.

სესკ ფაბრეგასი
"ჩელსიში" ახლა ანტონიო კონტეს დროა და სესკ ფაბრეგასს საუკეთესო დროება ნამდვილად არ უდგას. ამის მიუხედავად, ესპანელი მაგრად იბრძვის. "3-4-3 ჩემთვის ახალი სქემაა და უნდა ვაღიარო, რომ ცხოვრებაში სულ ორჯერ მითამაშია ამ სქემაში. ამის მიუხედავად, მე მზად ვარ, ვიბრძოლო. ფეხბურთში ძალიან სწრაფად ავიწყდებათ, თუ რას აკეთებდი გუშინ. მთავარია, რას აკეთებ დღეს", - თქვა ფაბრეგასმა.

კონტესთან ფაბრეგასს ჯერაც ძალიან უჭირს, მაგრამ "სანდერლენდთან" შეხვედრაში სესკმა გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა. სესკის მომავალი "ჩელსიში" მაინც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. კონტეს სქემაში ფაბრეგასის ადგილი საერთოდ არ არის. აღსანიშნავია, რომ გუნდისათვის ასე თუ ისე სასარგებლო მატჩი ესპანელმა მხოლოდ და მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში ჩაატარა, "მანჩესტერ სიტისთან".

ვიქტორ მოზესი
ანტონიო კონტეს მთავარი აღმოჩენა "ჩელსიში" - ღრმა სათადარიგო მოთამაშიდან ნიგერიელი ინგლისური პრემიერლიგის ლიდერის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. "ასე მგონია, დღეში 24 საათს ვმუშაობ", - თქვა ნიგერიელმა გარემარბმა.

90 წუთის განმავლობაში მოზესი გაუთავებლად დარბის ფლანგზე და იტალიელ დამრიგებელს ეს ძალიან მოსწონს. "არ მესმის, რატომ არ აფასებდნენ მოზესს ამდენ ხანს. მას აქვს დიდებული ტექნიკა, ფიზიკურად ბოლომდე არის მზად და, ამასთან ერთად, არის უზომოდ სწრაფი", - უთხრა ნიგერიელის თაობაზე კონტემ იტალიელ ჟურნალისტებს.

რის ხარჯზე მოახერხა მოზესმა ამხელა პროგრესის მიღწევა? ამის თაობაზე აფრიკელ ფეხბურთელს თავისი აზრი აქვს: "ეს არის შრომა, შრომა და ისევ შრომა. როცა ნდობას ვგრძნობ და ვიღაცას ვჭირდები, მე ყოველთვის ასი პროცენტით ვავლენ თავს".

ჰენრიხ მხითარიანი
"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ სომეხ ნახევარმცველს გუნდის ერთ-ერთ ლიდერობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მხითარიანმა ვერ იგრძნო ნდობა ჟოზე მოურინიოს მხრიდან. ის ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. შეცვლაზე იშვიათად შედიოდა. ამას მოჰყვა ტრავმა. სომეხი ფეხბურთელი ბოლოს განაცხადშიც კი ვეღარ ხვდებოდა.

მხითარიანი მიხვდა, რომ მას მოურინიოს მოთხოვნები ბოლომდე უნდა დაეკმაყოფილებინა. მან ვარჯიშებზე მთლიანად შეცვალა საქმისადმი მიდგომა. გახდა უფრო ხისტი და მონდომებული. მოურინიოს ფეხბურთელის ეს ცვლილება მხედველობიდან არ გამორჩენია. ახლა მხითარიანი სისტემატურად თამაშობს "იუნაიტედის" ძირითადში და მისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნებაა. მისი გოლებისაც.

მატეო კოვაჩიჩი
"დარწმუნებული ვარ, რომ ის სულ მალე გახდება მსოფლიო დონის ვარსკვლავი. გავა რამდენიმე წელი და კოვაჩიჩი აუცილებლად იბრძოლებს "ოქროს ბურთისათვის". მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ საუკეთესო გახდეს", - თქვა თანაგუნდელსა და თანამემამულეზე ხორვატიის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა ლუკა მოდრიჩმა.

ამ დროისათვის კოვაჩიჩი "რეალში" თითქმის ძირითადის ფეხბურთელია. არადა, რა "რეალი" - თავის დროზე კოვაჩიჩს თვით ბოლო დროს დაუძლურებული "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაც კი უჭირდა.

რაში მოუმატა კოვაჩიჩმა? მას ტექნიკა არასოდეს აკლდა. ბოლო დროს ის უფრო ხისტი გახდა. მოუმატა თამაშს ართმევაზე და გახდა ბევრად უფრო გუნდური ფეხბურთელი. შეიძლება ითქვას, რომ კოვაჩიჩი უბრალოდ გაიზარდა.

ტიაგო ალკანტარა
ტიაგო ყოველთვის ითვლებოდა პეპ გვარდიოლას პროტეჟედ. სწორედ მან მიიყვანა ის "ბაიერში" მას შემდეგ, რაც მსოფლიოს გააცნო "ბარსელონაში". და მაინც, გვარდიოლასთან ერთად ტიაგო იყო ერთ-ერთი, კარლო ანჩელოტის "ბაიერნში" მისვლის შემდეგ კი ნახევარდაცვის აშკარა ყოჩია.

მას შემდეგ, რაც იტალიელი მივიდა "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად, ტიაგოს ნახავთ როგორც ცენტრში, ისე ფლანგზე. თუ ვინმეზე ითქმის, "ბაიერნში" ლიდერიაო, ეს სწორედ ტიაგოა.

ანჩელოტის მთავარი მიგნება ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით ისაა, რომ ტიაგო ძალიან ახლოს თამაშობს შეტევის ხაზთან. ის ამ პოზიციაზე მეტად ეფექტურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სუსტი სტატიაა - თითქოს ვაკუუმის შესავსებად დაწერილი.
კირკიტა
17:03 28-12-2016
0

სიახლეები პოპულარული