ისინი გვიყვარს და გვძულს - ფეხბურთელები და მწვრთნელი ორმაგი სახით

AutoSharing Option
არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი თამაშის გამო გვიყვარს და საქციელების გამო ისინი ხშირად იმსახურებენ ჩვენს წყრომას. არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ანტიპათიას იმსახურებენ.

როგორ შეიძლება, ერთად გიყვარდეს და გძულდეს? ჩვენი წერილით ამ ფენომენის ამოხსნას შევეცდებით.

ვინი ჯონსი
ბრიტანული ფეხბურთის ყველაზე დიდი ხულიგანი და ძვალთამტვრეველი. ძალიან ხშირად აყენებდა ტრავმებს მოწინააღმდეგეებს და მსაჯებისათვის ნამდვილი რისხვა იყო. უელსის ნაკრების ფეხბურთელმა რამდენიმე წარმატებული კინოროლი ითამაშა. უბრალო გულშემატკივრებში ის არ იწვევდა გამოკვეთილ ანტიპათიას, თუმცა იმ ფეხბურთელებსაც ვკითხოთ აზრი, ვინის საქციელმა კარიერა რომ დაუმახინჯა...

არტიომ ფედეცკი
გერმანული "დარმშტადტის" ფეხბურთელი განსაკუთრებით სძულთ რუს გულშემატკივრებს. "მე უკრაინის პატრიოტი და მეომარი ვარ. მზად ვარ, ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლო ჩემი სამშობლოსათვის. რუსეთის ჩემპიონატიდან მქონდა შეთავაზებები, მაგრამ მე იქ არ გადავალ. უმჯობესია, საერთოდ შეეშვა ფეხბურთს, ვიდრე რუსეთის ჩემპიონატში ითამაშო", - ეს ფედეცკის სიტყვებია, რომელმაც რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ჯონ ტერი
2009 წელს ჯონ ტერი ინგლისში "წლის მამად" დაასახელეს. მაშინ ტერიმ შემდეგი თქვა: "მე მზად ვარ, შევცვალო სამაგალითო მამის სტერეოტიპი და კიდევ უფრო სამაგალითო გავხადო ის". ვინ წარმოიდგენდა, რომ აქამდე სამაგალითო პიროვნება და მეოჯახე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ლოგინში ჩაიწვენდა თავისი საუკეთესო მეგობრისა და თანაგუნდელის, უეინ ბრიჯის პირმშვენიერ მეუღლეს, ვანესა პერონსელს.

არავინ იცის, როგორ მონახა ბრიჯმა კარიერის გაგრძელების ძალა მას შემდეგ, რაც ეს ამბავი "გასკდა". როგორც გაირკვა, ამ რომანის შესახებ "ჩელსის" სხვა ფეხბურთელებსაც მშვენივრად სცოდნიათ.

დევიდ ბექჰემი
ახალი თაობისათვის დევიდ ბექჰემი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და სიმპათიური კაცია, ვისი ცხოვრების წესიც სამაგალითოა. ის გამუდმებით ეხმარება გაჭირვებულებს, მონაწილეობს ბევრ საქველმოქმედო პროექტში. ინგლისელ გულშემატკივრებს კი არა და არ ავიწყდებათ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი და ცნობილი ეპიზოდი დიეგო სიმეონესთან დაკავშირებით. მაშინ სიმეონემ გააფორმა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ინგლისის ნაკრები გადამწყვეტ ჟამს დააღალატა.

დაკვირვებულ გულშემატკივარს ისიც კარგად ემახსოვრება, თუ როგორ მოექცა ბექჰემი კილი გონსალესს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას.

ზინედინ ზიდანი
არ შეიძლება, გიყვარდეს ფეხბურთი და არ გიყვარდეს ზინედინ ზიდანი. და მაინც, ალბათ ბევრს ახსოვს, რომ მინდორზე "ზიზუ" ყოველთვის როდი იყო ანგელოზი. უბრალოდ, ის ძალიან კარგად ნიღბავდა უხეშობას, განსაკუთრებით კარიერის პირველ ეტაპზე. რაც მოხდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ამის დავიწყება შეუძლებელია. მატერაცის საქციელი მეორე საკითხია, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, ზიდანს საფრანგეთის ნაკრები არ დაეღალატებინა.

ანდრე გომეში
ანდრე გომეშს ძალიან გაუმართლა, რომ ის საყოველთაოდ ცნობილი აგენტის, პორტუგალიელი ჟორჟე მენდეშის კლიენტია. ასე რომ არ ყოფილიყო, ის, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებდა "ბარსელონაში". მენდეში კი გამუდმებით იცავს თავის კლიენტს და ამით გარკვეულწილად ანტიპიარს უკეთებს.

მაგალითად, როცა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ის პორტუგალიის ნაკრების სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მენდეშმა თქვა, რომ ეროვნულმა გუნდმა შესაძლებლობების ნახევარი დაკარგა. არადა, გომეში შეუმჩნეველი ფიგურა იყო მომავალი ჩემპიონის რიგებში.

მარიო ბალოტელი
მიზეზების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ვთქვათ, რომ ბოლო დროს მარიო ცოტა დაწყნარდა. ის ახლა საფრანგეთში, "ნიცაში" თამაშობს. ცნობილია, რომ ნიცა საუკეთესო ადგილია ნერვულად გაუწონასწორებლებისათვის. იქნებ უშველა?!

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
თავის თავზე ავადმყოფურად შეყვარებული ფეხბურთელი. ვერაფრით ივიწყებს წყენას. დღემდე არ უშვებს საშუალებას, რომ გალანძღოს პეპ გვარდიოლა. თავის დროზე "ბარსელონაში" ვერ დამკვიდრდა მწვრთნელთან გართულებული ურთიერთობის გამო. მიიჩნევს, რომ სწორედ პეპის გამო ვერ ითამაშა კატალონიაში.

ჟოზე მოურინიო
"განსაკუთრებული" მართლაც განსაკუთრებულია ამ მხრივაც. როცა მის საქციელს უყურებ, შეგექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სრულ ჭკუაზე ვერ არის. ამის შედეგია გაუთავებელი დისკვალიფიკაციები და უთანხმოებები მსაჯებთან. აქამდე მოუ სხვის ჯანმრთელობას არ უქმნიდა საფრთხეს, ახლა კი ესეც დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული