გახსოვთ? მივიწყებული ეპიზოდები ვარსკვლავების კარიერიდან

AutoSharing Option
დღეს გავიხსენებთ მივიწყებულ ეპიზოდებს ვარსკვლავების კარიერიდან. ახლა ისინი შეიძლება ფეხბურთის ბევრ გურმანს საერთოდ აღარც კი ახსოვდეს. მაშ ასე, გავაღოთ ფეხბურთის ისტორიის სკივრი...

დევიდ ბექჰემი
პრესტონი, 5 მატჩი, 2 გოლი
1995 წლის თებერვალში სერ ალექს ფერგიუსონმა გამოუცხადა დევიდ ბექჰემს, რომ ის არენდით "პრესტონში" უნდა გადასულიყო. მას ერთი თვე უნდა გაეტარებინა ინგლისის მესამე დივიზიონში, რათა მიეღო 400 გირვანქა კვირაში, პლუს 50 გირვანქა მინდორზე ყოველი გასვლისათვის. მივიდა თუ არა "პრესტონში" ბექჰემი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გარი პიტერსმა შეკრიბა შეგირდები და უთხრა მათ, რომ ამიერიდან
ყველა სტანდარტს ბექჰემი შეასრულებდა და არა გუნდის ლიდერი პოლ რეინორი.

"პრესტონის" ფეხბურთელებს შორის იყო ცნობილი მწვრთნელი, დევიდ მოიესი. მანაც და სხვებმაც ბექჰემი ძალიან სწრაფად შეიყვარეს. ერთხელ გუნდი გასვლითი მატჩიდან შინ ბრუნდებოდა. მცველმა რეი შარპმა შენიშნა, რომ დევიდი საკუთარ თავზე დაწერილ სტატიას კითხულობდა. მცველმა ხელიდან გამოსტაცა ჟურნალი ბექჰემს და მთელ ავტობუსს წაუკითხა მისი სიტყვები:

"გოლი ასე ვიზეიმე: ერიკ კანტონამ ხელში ამიყვანა. დიდებული იყო." მინდორზე ყველაფერი სხვანაირად იყო. დევიდი დიდხანს არ დაყოვნებულა გუნდში, მაგრამ მოკლე ხანში იქცა მის ლიდერად.

დიეგო მარადონა
სევილია, 26 მატჩი,5 გოლი
1992 წლის ივნისში დასრულდა მარადონას 15 თვიანი დისკვალიფიკაცია კოკაინის მიღების გამო. მას ერთი თვის შემდეგ კარგად ნაცნობმა კარლოს ბილარდომ დაურეკა. "მე მინდა, რომ შენ "სევილიაში" ითამაშო." - უთხრა მარადონას არგენტინის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ვინც ახალი მისული იყო "სევილიაში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ "სევილიას" ინტერესის თაობაზე შეიტყო.

კლუბის პრეზიდენტმა ფერლაინომ იცოდა, რომ დიეგო აღარ იყო ფორმის პიკში, თუმცა არ უნდოდა ისტორიაში შესულიყო "ნაპოლის" იმ პრეზიდენტად, ვინც დიეგოს გაყიდდა. ბილარდომ "სევილიას" შეფობას პირდაპირ უთხრა: "თუ მე ხვალ არ მომიყვანთ დიეგოს გუნდში, ჩემოდანს ჩავალაგებ და ბუენოს-აირესში წავალ." მარადონამ ამ დროს "ნაპოლის" ხელფასის გაორმაგება მოსთხოვა.

ამასთან, მოითხოვა პირადი ვერტმფრენი და ვილა. "ნაპოლის" შეფობამ დიეგო სიხარბეში დაადანაშაულა. ამასობაში ბილარდო უკვე აეროპორტისაკენ მიდიოდა, რათა მარადონას დახვედროდა. მარადონას გუნდში გამოჩენის შემდეგ "სევილიას" ვარჯიშებზე ტევა აღარ იყო. ერთხელ დიეგომ ვარჯიშზე დაიგვიანა და ყველა ჟურნალისტი მის "ფერარის" მიცვივდა. "ბაიერნთან" პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში მარადონამ ჯარიმიდან გერმანული გრანდის ხარიხა შეაზანზარა, მერე კი საგოლე პასი გაუკეთა დავორ შუკერს.

მარადონა შუკერის კერპი იყო. ხორვატმა აღიარა, რომ დიეგოს გვერდით რიდით დადიოდა. მარადონას გუნდში გამოჩენის შემდეგ მან ძველებურად დაიწყო გატანა და ჩემპიონატში 15 გოლი შეაგდო. რა თქმა უნდა, დიეგოს მალე მოწყინდა სამაგალითო ბიჭის როლში ყოფნა. ის სევილიური ბორდელების ხშირი სტუმარი იყო და დიდი სისწრაფით დაქროლებდა "პორშეს". კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დეტექტივიც კი დაიქირავა დიეგოს გაკონტროლების მიზნით.

მარადონა და ბილარდო ერთხელ პირდაპირ გასახდელში შეიბნენ. დიეგომ სთხოვა ექიმს, მისთვის გამაყუჩებლის სამმაგი დოზა გაეკეთებინა, ბილარდომ კი თანამემამულე შეხვედრის 50-ე წუთზე შეცვალა. მოჩხუბრები მარადონას მეუღლემ, კლაუდიამ ძლივს გააშველა. საინტერესოა, რომ დიეგო და ბილარდო კიდევ ერთხელ შეხვედნენ ერთმანეთს - "ბოკაში", სადაც მარადონა კარიერას ასრულებდა.

ფრანკ რიბერი
გალათასარაი, 14 მატჩი
მართალია, რიბერიმ სწორედ თურქულ გრანდში მოიგო პირველი ტიტული (ქვეყნის თასი), მაგრამ სტამბოლში გატარებულ პერიოდს მის კარიერაში იღბლიანს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. თავად რიბერიმ გაიხსენა, რომ თურქული გუნდი მას თვეების განმავლობაში ვერ უხდიდა ხელფასს. გარდა ამისა, აგენტი და თურქული კლუბის ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობდნენ გუნდში მის დატოვებას.

ფილიპ ლამი
შტუტგარტი, 53 მატჩი, 2 გოლი
"ბაიერნის" სარეზერვო გუნდში ფილიპ ლამის მთავარი მწვრთნელი იყო ჰერმან გერლანდი. როცა შეატყო, რომ მის ახალგაზრდა, საყვარელ შეგირდს მიუნხენური გრანდის ძირითადში დამკვიდრება გაუჭირდებოდა, ლამისათვის შესაფერისი გუნდის ძიება დაიწყო. გერმანმა რამდენიმე მწვრთნელი ფილიპის თამაშის სანახავად დაპატიჟა.

ერთს ისე არ მოეწონა ლამის გარჯა, რომ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებაც კი მოითხოვა. ერთ დღესაც გერლანდმა ფელიქს მაგათს დაურეკა, ვინც "შტუტგარტისათვის" განაპირა მცველს ეძებდა. "მე მყავს ასეთი მცველი. ის 15 წლის ბიჭს ჰგავს, მაგრამ 30 წლის კაცივით თამაშობს." - უთხრა მაგათს ჰერმანმა. მთლიანობაში ლამმა ორი სეზონი გაატარა "შტუტგარტში".

პირველი დიდებული იყო. გერმანიის ჩემპიონატში "შტუტგარტმა"მეოთხე ადგილი დაიკავა და ლამი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზე გავიდა. მან "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი დაიმსახურა. მეორე სეზონში კი იყო ორი ტრავმა და დაბრუნება მიუნხენში.

ფრენკ ლამპარდი
სუონსი, 9 მატჩი, 1 გოლი
2005 წელს 17 წლის ლამპარდი "ვესტ ჰემმა" ინგლისის მეორე დივიზიონში გაანათხოვრა. ფრენკის გუნდში მისვლამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო "სუონსი". ლამპარდი ვერ შეეგუა გუნდის სათამაშო სტილს. მაშინ "სუონსიში" პასი არავინ იცოდა. ქომაგებმა ის არ მიიღეს.

"ბიჭო, რა დაგკარგვია აქ? წადი შინ" - ასე შეურაცხყვეს ის ერთ-ერთი შეხვედრის მიმდინარეობისას. ლამპარდიც ადგა და წავიდა. "არ ვიცოდი, მეორე დივიზიონში თუ ასეთი საშინელი პირობები იქნებოდა. ყველამ იცოდა, რომ "ვესტ ჰემში" მინდოდა დაბრუნება." - გაიხსენა მოგვიანებით ვარსკვლავმა.

ანდრეა პირლო
ბრეშა, 47 მატჩი, 6 გოლი
საინტერესოა, რომ იტალიელმა ვარსკვლავმა ორჯერ გააფორმა კონტრაქტი "ბრეშასთან". სხვათა შორის, პირლო ძალიან მადლობელია ამ პროვინციული კლუბისა. თავდაპირველად, როცა ის ამ გუნდში მივიდა, მას ყველა დასცინოდა ძალიან სუსტი აგებულების გამო. გავიდა დრო და ანდრეა გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

ჯონ ტერი
ნოტინგემ ფორესტი, 6 მატჩი
თავის დროზე "ჩელსის" დაცვაში ლებეფი და დესაი თამაშობდნენ. ამას უკავშირდება ჯონ ტერის განათხოვრება "ნოტინგემ ფორესტში". ტერი გუნდში მაშინ მივიდა, როცა ტრადიციებით მდიდარი კლუბი უკვე გავარდნილი იყო პრემიერლიგიდან. დევიდ პლატი მოთამაშე-მწვრთნელის მძიმე ჭაპანს წევდა. ტერიმ თავიდავე აჩვენა ყველას მაღალი კლასი. მან 6 შეხვედრა ჩაატარა გუნდის შემადგენლობაში და ამ მატჩებში "ნოტინგემი" დაუმარცხებელი იყო.

"ერთხელ თოვლი მოვიდა. ვარჯიშის დროს ძალიან ბევრი გვეცვა. ამ დროს გამოვიდა ტერი შორტებში და ეგრევე თოვლში ჩახტა. ის თავიდანვე ნამდვილი ლიდერი იყო." - გაიხსენა მოგვიანებით "ნოტინგემის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ედვარდსმა.

მარკო მატერაცი
ევერტონი, 27 მატჩი, 2 გოლი
"ევერტონში" მატერაცი 1998-99 წლების სეზონში გამოჩნდა. მაშინ გუნდი პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. გაზაფხულის ბოლოს მის ანგარიშზე სამი წითელი და ათი ყვითელი ბარათი იყო. გაიტანა ორი გოლი. მათ შორის, ერთი შესანიშნავი. ჯარიმიდან, "მიდლსბროსთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რობერტო ბაჯო - ბრეშა: 4 სეზონი: 95 თამაში: 45 გოლი.
Azurini
14:00 04-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული