ავიაკატასტროფის უცნობი დეტალები და სოლიდარობა "შაპეკოენსეს"

AutoSharing Option
მსოფლიოში კვლავ ყურადღების ცენტრშია კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფა, რომელმაც 71 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის კი, ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის, "შაპეკოენსეს" 19 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის 8 წევრი შეიწირა.

სხვადასხვა კონტინენტზე მატჩები და ვარჯიშებიც კი წუთიერი დუმილით დაიწყო. მედია აქტიურად აშუქებს ტრაგედიას, კლუბები და ვარსკვლავები კი დაღუპული გუნდის ფონდში თანხებს რიცხავენ.

დაღუპულთა რაოდენობა მეორე დღეს დაზუსტდა, რადგან კოლუმბიის მთავრობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 77 ადამიანი იმყოფებოდა და არა 81, როგორც თავიდან ითქვა.

3 დეკემბერს მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთის მთავარი დაპირისპირებაც, "ბარსელონასა" და "რეალს"
შორის წუთიერი დუმილით დაიწყება. ამ მატჩიდან მიღებულ მთელ შემოსავალს (ეს კი მცირე თანხა ნამდვილად არ იქნება) "ბარსელონა" და "რეალი" "შაპეკოენსეს" გადაურიცხავენ.

კრიშტიანო რონალდომ უკვე გადარიცხა ბრაზილიური კლუბის ოჯახების დასახმარებელ ფონდში 3 მილიონი ევრო. ასევე ცნობილია, რომ მესიმ კლუბს 5 მილიონი ევრო გადაურიცხა.

ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გადარჩენისთვის მებრძოლი "შაპეკოენსე" "ატლეტიკო მინეიროს" უნდა შეხვედროდა. ეს მატჩი 4 დეკემბრის ნაცვლად 11-ში გადაიტანეს, თუმცა "ატლეტიკო მინეირო" მის გაუქმებას ითხოვს.

სხვათა შორის, საფეხბურთო კლუბმა "პალმეირასმა" მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო ტურის მატჩი "შაპეკოენსეს" ფორმით ითამაშოს. "პალმეირასი" ბოლო ტურში "ვიტორიას" სტუმრობს. 27 ნოემბერს ამ გუნდმა ნაადრევად მოიპოვა ბრაზილიის ჩემპიონის ტიტული და სწორედ "შაპეკოენსე" დაამარცხა 1:0. როგორც აღმოჩნდა, ეს მატჩი სტუმართა გუნდის ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა ცხოვრებაში.

"გრემიოს" წინადადებას (კლუბს ფეხბურთელები ვათხოვოთ, რომ არსებობა გააგრძელოსო) არგენტინაშიც გამოეხმაურნენ და ამაში დახმარება მათაც სურთ.

* * *
შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფას სულ 6 ადამიანი გადაურჩა. მათ შორის სამი "შაპეკოენსეს" ფეხბურთელია: მცველები ალან რუშელი და ნეტუ, აგრეთვე, მეკარე ჟეკსონ ფოლმანი. გადარჩა სტიუარდესა ხიმენა სუარესი, ბრაზილიელი ჟურნალისტი რაფაელ ჰანცელი და ავიატექნიკოსი ერვინ ტუმირი.

ტუმირიმ, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაშავდა, ჟურნალისტებთან საუბარიც კი შეძლო. მან "კარიკოლს" განუცხადა, რომ გადარჩა იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცის, როგორ მოიქცეს საავარიო სიტუაციებში:

"გადავრჩი, რადგან ზუსტად შევასრულე წესები. ჩემი ჩანთა ფეხებს შორის მოვათავსე და მივიღე ემბრიონის პოზა". სტიუარდესამ გაიხსენა, რომ ბორტზე ჩაქრა შუქი და 40-50 წამში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

გუნდის სამი სასწაულებრივ გადარჩენილი ფეხბურთელიდან ორი ინვალიდად დარჩება, მეკარე ფოლმანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. რუშელი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ეშინოდათ, რომ პარალიზებული დარჩებოდა, თუმცა ექიმების ახალი კომენტარები დამაიმედებელია. რუშელი 10 წლის კოლუმბიელმა ბიჭუნამ იპოვა ცოცხალი და მაშველები ადგილზე მან მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მეკარე დანილო მაშველებმა ცოცხალი იპოვეს, მაგრამ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არადა, კატასტროფის მერე ის გონებას არ კარგავდა, მეუღლესთან დარეკვაც კი მოასწრო...

ნეტუ ყველაზე ბოლოს იპოვეს. მას კიდევ რამდენიმე საათი ეყარა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნარჩენები. ნეტუს თავი სერიოზულად აქვს დაზიანებული, ბუნებრივია, აქვს ბევრი მოტეხილობა, თუმცა ექიმებს ეიმედებათ, რომ ის გადარჩება.

"შაპეკოენსეს" მეკარე მარსელო ბუკი შინ დარჩა და გუნდს ფინალის სათამაშოდ კოლუმბიაში არ გაჰყვა, ბუკი დაბადების დღეს აღნიშნავდა და იგი კლუბის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა. ასე სასწაულებრივ გადაურჩა ის თანაგუნდელებთან ერთად დაღუპვას. ბუკთან ერთად, კიდევ გუნდის 8 ფეხბურთელი არ გაჰყოლია მას კოლუმბიაში, ისინი განაცხადში ვერ მოხვდნენ ან ტრავმა აქვთ. 42 წლის გოლკიპერმა ნივალდომ, რომელსაც საიუბილეო მე-300 მატჩის თამაში "ატლეტიკო მინეიროსთან" სურდა, განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს.

- ტრაგიკულად დაღუპული ბრაზილიელი ფეხბურთელების უკანასკნელი სიმღერა [VIDEO]
- ბრაზილიელი ფეხბურთელების მიერ ავიაკატასტროფამდე გადაღებული ბოლო კადრები [VIDEO]
- როგორ გამოჰყავთ დაშავებული ბრაზილიელი ფეხბურთელები ავიაკატასტროფის შემდეგ [VIDEO]
- ბრაზილია გლოვობს - "შაპეკოენსე" ავიაკატასტროფაში დაიღუპა [PHOTO]
- ფეხბურთის ისტორიაში 10 ყველაზე ხმაურიანი ავიაკატასტროფა [PHOTO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ვწუხვარ.სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯსხებს.
...მაგრამ,მე მაინც ვერ გავიგე,რას ნიშნავს "საწვავი გაუთავდა"?...
90-იანი წლებია საქართველოსი???...
zaza
14:27 01-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული