ჯო ჰარტი იტალიელ ფანებზე - ასეთი რამ არც მსმენია და არც წამიკითხავს

AutoSharing Option
გასული ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი ჯო ჰარტის "ტორინოში" გადასვლა იყო.

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარემ "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან ვერ გამონახა საერთო ენა და გუნდის დატოვება მოუწია. 29 წლის მეკარემ არჩევანი იტალიურ გუნდზე შეაჩერა, ახალ გარემოს კარგად მოერგო და ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც შეინარჩუნა ადგილი. ჰარტი ჟურნალისტებს შეხვდა და სხვადასხვა თემაზე ილაპარაკა.

მანჩესტერ სიტი
"მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში 250-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და, რა გასაკვირია, რომ ამ გუნდის მიმართ განსაკუთრებული ემოცია მაკავშირებს. მქონდა სურვილი, რომ კარიერა "სიტიში" დამესრულებინა, მაგრამ, როდესაც
ხვდები, რომ გუნდს აღარ სჭირდები, მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღო. პეპ გვარდიოლამ თავიდანვე ამითვალწუნა, მე კი უბრალოდ არ მსურდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

პრემიერლიგაში უამრავი ლეგიონერია და მეც დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება წავიდე უცხოეთში და ვიყო ლეგიონერი? - სწორედ მაშინ გამოჩნდა "ტორინოს" ვარიანტი და ბევრი აღარ მიფიქრია.

ტორინო
ტურინი შესანიშნავი ქალაქია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მოვხვდი ამბიციურ გუნდში, რომელსაც მაღალი მიზნები აქვს. გვყავს ბრწყინვალე გულშემატკივრები, რომლებმაც პირველივე დღიდან გამაოცეს. ვერ წარმოვიდგენდი თუ იტალიაში ასეთ თბილ დახვედრას მომიწყობდნენ. ინგლისი-შოტლანდიის თამაშის დროს, ზურგსუკან "ტორინოს" ქომაგთა ტრადიციული სიმღერა შემომესმა - თავიდან ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა, მოვიხედე და წითელ მაისურებში გამოწყობილი რამდენიმე ათეული იტალიელი ტიფოზი დავინახე.

როგორც შემდეგ გავიგე, სპეციალურად ჩემს საქომაგოდ ჩამოვიდნენ ლონდონში. ასეთი რამე არც გამიგია და არც წამიკითხავს - ეს სიმღერები მთელი მატჩის განმავლობაში მესმოდა და ემოციით ვივსებოდი. იტალიაში სხვანაირი გულშემატკივრობა იციან, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

მომავალი
"ტორინოსთან" საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე მაკავშირებს, "მამჩესტერ სიტის" კი კონტრაქტის მიხედვით, კიდევ 2 წელი ვეკუთვნი. დღეს, რთულია იმაზე ლაპარაკი თუ, რა იქნება მომავალში და საით წამიყვანს ცხოვრება. მანჩესტერი ჩემი სახლია, ტურინში კი თავს ბედნიერად ვგრძნობ. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ვიქნები იქ, სადაც ჩემი სამსახური დასჭირდებათ. ტურინში მაფასებენ, აქ ჩემი სჯერათ, ეს კი ფეხბურთელისთვის ყველაფერია.

ინგლისის ნაკრები
ევრო 2016 ჩვენი კიდევ ერთი იმედგაცრუებაა. ისლანდიასთან წაგების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე, დაშვებული შეცდომები გავაანალიზე დ გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანე. ინგლისის ნაკრების მთავარი პრობლემა გუნდურობაა.

რის ხარჯზე მიაღწია წარმატებას ისლანდიის ნაკრებმა, ან გნებავთ, უელსმა? - მათ ერთ მუშტად შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული გუნდი ჰყავდათ. ძალიან მომწონს ჩვენი ახალი თავკაცი გარეთ საუთგეიტი და ვფიქრობ, რომ მის ხელში უკეთესი მომავალი გვაქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული