რადამელ ფალკაო - კოლუმბიელი ვეფხვის დაბრუნება

AutoSharing Option
კვირა საღამოს რადამელ ფალკაომ დატოვა მონაკო და გაემგზავრა კოლუმბიაში, სადაც მშობლიური ქვეყნის ნაკრებს შეუერთდა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩები ელის.

ატლანტის ოკეანის გადაფრენას კარგა ხანი სჭირდება. ალბათ, რადამელი აუცილებლად ჩაიძირება ტკბილზე ტკბილ ფიქრებში და სიამოვნებით გაიხსენებს იმ დროს, როცა კოლუმბიის ნაკრების ლიდერი იყო და ძალიან ბევრი რამ ამ მეტად სიმპათიურ ნაკრებში სწორედ ფალკაოზე ეწყობოდა.
ბოლო დროს კი ჩვენს გმირს კოლუმბიის ნაკრებში აღარ ეძახდნენ.

უკანასკნელი მატჩი მშობლიური ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში ფაკლაომ ჩაატარა 2015 წლის წლის ოქტომბერში. მას შემდეგ ზუსტად 13
თვე გავიდა. კოლუმბიამ გასვლაზე 0:3 წააგო ურუგვაისთან.

მაშინ რადამელ ფალკაო "მანჩესტერ იუნაიტედში" ადგილის დასამკვიდრებლად და გოლების გასატანად იბრძოდა. მაშინ კოლუმბიელი ფორვარდი უფრო იტანჯებოდა, ვიდრე ფეხბურთს თამაშობდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ მთელი 2015-16 წლების სეზონის განმავლობაში მან ყველა შეჯიბრებაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა "ოლდ ტრაფორდზე". კიდევ უფრო უარესად იყო საქმეები "ჩელსიში".

ახლა კი სამხრეთამერიკული გუნდების მცველებს, მეტადრე, ჩილელებს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 10 ნოემბერს რომ დაუპირისპირდებიან კოლუმბიას, უნდა ეშინოდეთ ფალკაოსი. ის უფრო და უფრო ემსგავსება იმ სუპერთავდამსხმელს, რომელიც მოწინააღმდეგეთა დაცვას ატერორებდა "პორტოსა" და "ატლეტიკოში" ყოფნისას.

გახსოვთ 2012 წლს აგვისტოში გამართული მატჩი ევროპის სუპერთასისათვის? იმ შეხვედრაში მადრიდის "ატლეტიკომ" 4:1 მოუგო"ჩელსის". თუ გახსოვთ, არც ფალკაოს განუმეორებელი თამაში და ჰეთ თრიქი დაგავიწყდებოდათ.

ფალკაო ჯერაც ვერ გავიდა იმ დონეზე, მაშინ რომ იყო. თანაც, 2012 წელს ის 26 წლის იყო, ახლა კი 30 წლისაა, მაგრამ მან აჯობა ტრავმებს, აჯობა უიღბლობას, აჯობა საკლუბო გაუგებრობებს და გოლი გოლზე გააქვს "მონაკოში". ეს უკვე კარგია.

გასული კვირა რადამელისათვის დიდებული გამოდგა. მან ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე შეუსრულა დუბლი მოსკოვის ცსკა-ს, მერე კი საფრანგეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში გააკეთა იგივე. იმ შეხვედრაში "მონაკომ" "ნანსის" არ დაუტოვა შანსი.

"როგორც ჩანს, ბევრი განსაცდელის მიუხედავად, გოლების გატანა არ დამვიწყებია. ალბათ, ეს სისხლში მაქვს", - თქვა რადამელმა ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ, როცა მან მაგრად ააწიოკა მოსკოველთა დაცვა.

რადამელს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაუმჯობესებელი. ბევრი უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ ძველი კონდიციები დაიბრუნოს, თუმცა იმთავითვე შეიძლება იმის თქმა, რომ "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები მას დღესაც ვეღარ იცნობენ.

ამ გუნდებში თამაშისას კოლუმბიელი ვარსკვლავისათვის თითქოს, ყველაფერი სულ ერთი იყო, ახლა კი ასე აღარ არის. რადამელს დაუბრუნდა ის მებრძოლი სული, რომელიც მას აშკარად გამოარჩევდა მსოფლიოს ყველა სხვა ფეხბურთელისაგან.

ალბათ, პირველი და მთავარი მიზეზი ამის ისაა, რომ ფეხბურთელი სრულიად ჯანმრთელია. ასე არ იყო ინგლისში და ფალკაოს კრახი "ნისლიან ალბიონზე" სწორედ ამას უნდა დაბრალდეს. დიახ, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ რადამელს მიმდინარე წლის აგვისტომდე აწუხებდა მუხლი, რომელიც "მონაკოში" თამაშის დროს, 2014 წლის იანვარში დაიშავა.

მეორე მიზეზი: სრულფასოვანი დაბრუნებისათვის კოლუმბიელს სჭირდებოდა მშვიდი გარემო და მწვრთნელის ნდობა. "მონაკოში" მას ორივე ეს კომპონენტი გარანტირებული აქვს. სამთავროს გუნდის მეორე თავდამსხმელი, ვალერი ჟერმენი კი შესანიშნავ ფორმაშია და, ამასთან, მოხარულიც უნდა იყოს, ასეთი პარტნიორი რომ ჰყავს.

კლუბის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი ფალკაოს ტალანტის ძალიან დიდი თაყვანისმცემელია. "მე მას სულ გვერდში ვედექი. მაშინაც კი, როცა ტრავმირებული იყო და გოლები ვერ გაჰქონდა.

მე მჯერა, თუ მან ასე გააგრძელა, დიდებული სეზონი გამოუვა. ჩვენ მისით ვამაყობთ და გვინდა, რაც შეიძლება ბევრს მიაღწიოს", - ამბობს პორტუგალიელი სპეციალისტი, ვინც გუნდს ფალკაოსათვის მოსახერხებელი, 4-4-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს.

არ არის გასაკვირი, რადამელს "მონაკოს" კაპიტნობა რომ ანდეს. თანაგუნდელთა შორის ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. "ის ჩვენი გუნდის ნაღდი ლიდერია. რასაც ჰქვია ტოპ-თავდამსხმელი, ფალკაო სწორედ ისაა. მასთან თამაში და ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა", - ამბობს "მონაკოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ფაბინიო.

ისე ჩანს, რომ უბედურება დიდებულ ფეხბურთელს საბოლოოდ გაეყარა. "ვეფხვი" ბრუნდება.

დოსიე
რადამელ ფალკაო გარსია სარატე

დაიბადა: 1986. სანტა მარტა (კოლუმბია)
ამპლუა: თავდამსხმელი
კარიერა: 1999-2001 - ლანსეროსი; 2001-09 - რივერ პლეიტი; 2009-11 - პორტუ; 2011-13 - ატლეტიკო; 2013-დან - მონაკო; 2014-15 - მანჩესტერი (იჯარა); 2015-16 - ჩელსი (იჯარა)
კოლუმბიის ნაკრები: 62 თამაში, 25 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული