ფული და ფეხბურთი: როგორ ეთამაშებიან ვარსკვლავები მილიონებს

AutoSharing Option
გარეთ ბეილს ახალ კონტრაქტზე ხელმოწერა ახალი დასმული ჰქონდა, რომ ბრიტანულმა "დეილი მეილმა" ეს საინტერესო სტატია შემოგვთავაზა. სწორედ ამიტომაც არის თანხები გირვანქა სტერლინგებში. გეტყვით, რომ ერთი გირვანქა 1,1 ევროა (ან 1,2 დოლარი)...

გარეთ ბეილი ნამდვილად არ შეხვდება ზამთარს მოწყენილი. მან ახალი, თვალისმომჭრელი კონტრაქტი გააფორმა მადრიდის "რეალთან", რომლის მიხედვითაც ის კვირაში 346,000 გირვანქას მიიღებს. მან "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

იმის მიუხედავად, რომ ბეილი თვით ამ გარიგებითაც კი არ არის მსოფლიოს უმდიდრეს ფეხბურთელთა სიაში, საწუხარი არაფერი აქვს - ის უახლოეს ექვს წელიწადში
108 მილიონ გირვანქას მიიღებს.

უმდიდეს ფეხბურთელთა ჩამონათვალშიც ისეა საქმე, როგორც მსოფლიოს საფეხბურთო გალა-დაჯილდოებებზე. ლიდერობს ორი სუპერვარსკვლავი - კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. რთული წარმოსადგენია, ახლო მომავალში მათ დავაში ვინმე ჩაერიოს.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია: რონალდო და მესი კვირაში წყვილად 365,000 გირვანქას იღებენ. ეს მართლაც რომ ფანტასტიკური თანხაა და წელიწადში 19 მილიონია. თანაც, აქ ვგულისხმობთ "სუფთა" ფულს, გადასახადების გარეშე.

"ბარსელონა" და "რეალი" ფეხბურთელებისადმი დიდი თანხების გადახდას ესპანეთის მკაცრი საგადასახადო კანონებითა და თუნდაც პრემიერლიგის მზარდი ფინანსური რესურსით ასაბუთებენ. თვით ამ ფონზეც კი ბეილის ანაზღაურება ზღაპრულად მოჩანს.

ესპანეთის საგადასახადო სამსახურს ფეხბურთელების ანაზღაურების 40 პროცენტი მიაქვს. აქედან გამომდინარე, კლუბები სუპერვარსკვლავებს მართლაც რომ განსაკუთრებულ ანაზღაურებას უხდიან. ბეილის საკვირაო ანაზღაურება 629,000 გირვანქაა, რაც წელიწადში 32,7 მილიონს შეადგენს.

"რეალი" დღემდე ირწმუნება, რომ ბეილის კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 18 მილიონია, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს თანხა გაცილებით მაღალია.

ინგლისურ პრემიერლიგაში დღეს ყველაზე მეტს "მანჩესტერის" ვარსკვლავი პოლ პოგბა გამოიმუშავებს. ამ ზაფხულს "იუვენტუსის" ვარსკვლავი ინგლისურ გრანდს 89 მილიონ გირვანქად დაუბრუნდა. კვირაში ის 290,000 ფუნტს გამოიმუშავებს, რაც წელიწადში 15 მილიონს შეადგენს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ იტანჯება, მაგრამ "მდიდართა ათეულში" წარმომადგენლები მაინც ჰყავს. "წითელ ეშმაკებს" აქ უეინ რუნი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი წარმოადგენენ. ისე ჩანს, სადღეისოდ თანხას ორივე ძველი დამსახურებებისათვის იღებს.

"იუნაიტედის" ხმაურიანი მეზობელი "სიტიც" ორი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. თუ სერხიო აგუერო დიდ ანაზღაურებას გოლებით ამართლებს, პეპ გვარდიოლამ მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ იაია ტურე ერთ ადგილზე გაყინა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოტდივუარელი ფეხბურთს აღარ თამაშობს.

თუ დავიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ ინგლისურ პრემიერლიგაში საშუალო ხელფასი 2016 წელს ინგლისში 27,500 გირვანქაა წელიწადში. მაგალითად, ტერეზა მეი 143,462 გირვანქას გამოიმუშავებს წლიურად. ეს არის დაახლოებით იმის ნახევარი, რასაც პოლ პოგბა შოულობს კვირაში.

გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არ თამაშობენ ბუნდესლიგასა და იტალიის ჩემპიონატში. სამაგიეროდ, ისინი არიან ჩინეთის ლიგაში. მაგალითად, როცა საუკეთესოებზე მიდგება საქმე, ბევრს არავის გაახსენდება გრაციანო პელე.

იტალიელი თავდამსხმელი ზაფხულში გადავიდა "საუთჰემპტონიდან" "შანდონ ლუნენში" 13 მილიონად. სატრანსფერო თანხა დიდი ვერაფერი, მაგრამ ანაზღაურება ზღაპრულია. აქვეა 30 წლის ვარსკვლავი ჰალკი...

ფაქტები გარეთ ბეილის ახალ კონტრაქტზე
* ბეილი კონტრაქტის მიხედვით საათში 2,054 გირვანქას გამოიმუშავებს და 34 გირვანქას წუთში.

* მისი წლიური 108 მილიონი 2,4-ჯერ მეტია "ბარნლის" მთელი გუნდის ღირებულებაზე.

* თავისი ანაზღაურებით ბეილს შეუძლია იყიდოს "რეალის" 650 602 სასეზონო აბონემენტი.

* მას ასევე შეუძლია იყიდოს "რეალის" 1,2 მილიონი ფორმა.

* ბეილის ახლანდელი ანაზღაურება 430 პროცენტით აღემატება იმ თანხას, რასაც ის "ტოტენჰემში" იღებდა - 80,000 გირვანქას კვირაში.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები. ტოპ-10
1-2. კრიშტიანო რონალდო რეალი 365,000 (კვ); 19 მლნ (წ)
1-2. ლიონელ მესი ბარსელონა 365,000; 19
3. გარეთ ბეილი რეალი 346,000; 18
4. ჰალკი შანხაი 317,000; 16,5
5. პოლ პოგბა მანჩესტერი 290,000; 15
6. ნეიმარი ბარსელონა 289,000; 15
7-8. გრაციანო პელე შანდონი 260,000; 13,5
7-8. უეინ რუნი მანჩესტერი 260,000; 13,5
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერი 250,000; 13
10. სერხიო აგუერო სიტი 240,000; 12,5
10. იაია ტურე სიტი 240,000; 12,5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული