ევროუქმეების წინ: "პიპიტას" და რურის დერბები

AutoSharing Option
ევროუქმეების მთავარი მატჩი "იუვენტუს არენაზეა", სადაც ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი "ნაპოლის" ხვდება და უშუალო კონკურენტის ერთბაშად 7 ქულით ჩამოცილების შანსი აქვს.

ნომერ მეორე მატჩი გერმანიაშია. იქ ტრადიციული, ცხელი რურის დერბია. ინგლისში ლიდერთა კოჰორტის ერთ-ერთი წევრი "ტოტენჰემი" ჩემპიონ "ლესტერს" მასპინძლობს.

პრემიერლიგა: პეპი ჯადოსნური ჯოხის გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ ტურში ვერ მოიგო, მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემი" ლიდერთა სამეულს მხოლოდ ქულით ჩამორჩება, ხოლო კლაუდიო რანიერის "ლესტერი" ცხრილის მეორე ნახევარშია. ჩემპიონი ჩემპიონურად ძალზე იშვიათად თამაშობს.

"დეზები" ცუდ ხასიათზე შეხვდებიან ტურს, რადგან გუნდმა ლიგის თასზე
ლონდონური დერბი დათმო, ხოლო ტრიბუნებზე დამარცხდნენ მათი ფანები, რადგან "ვესტ ჰემის" ფანებთან ჩხუბში რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ.

მასპინძელთა მთავარი მეგოლე ჰარი კეინი კვლავ ვერ ითამაშებს. აი, სტუმართა პირველი შემტევი ჯეიმი ვარდი კი შესაძლოა, დაუბრუნდეს მინდორს. ვარდის ჩემპიონატში 10 სექტემბრის მერე არ გაუტანია.

"ტოტენჰემს" არც მცველი ტობი ალდერვეირელდი ეყოლება, ხოლო სტუმრები ნამპალის მენდისა და ენდი კინგს მოისაკლისებენ. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ (!) შეხვდნენ იანვარში. გუნდებმა თითო მატჩი მოიგეს და ერთიც ფრედ დასრულდა. შედეგად, "ტოტენჰემმა" ასოციაციის თასისთვის ბრძოლა განაგრძო, ხოლო "ლესტერმა" საჩემპიონო სეზონში სამი ქულა მიითვალა.

პეპ გვარდიოლა საკუთარ თავს არ ჰგავს - მისმა გუნდმა ზედიზედ ექვსჯერ ვერ მოიგო, ეს კი მის სამწვრთნელო კარიერაში აქამდე არ მომხდარა. პარადოქსი კი ის არის, რომ, ამის მიუხედავად, "სიტი" პრემიერლიგის ლიდერია. პეპის გუნდი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" სტუმრობს. სტუმრებს საბალეტა და სანია არ ეყოლებათ.

"ხალხი ფიქრობს, რომ მე ჯადოსნური ჯოხი მაქვს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის", - ასე ფილოსოფიურად ხსნის ესპანელი საკუთარ სამწვრთნელო ჩავარდნას.

20-20 ქულა აქვთ "არსენალსა" და "ლივერპულს". არსენ ვენგერის გუნდი ბოლოადგილოსან "სანდერლენდს" სტუმრობს. ვენგერის გუნდს დისკვალიფიცირებული გრანიტ ჯაკა არ ეყოლება. ტრადიციულად, ხალხი არ აკლია "მეთოფეთა" ლაზარეთს (კასორლა, აკპომი, რემზი, მერტეზეკერი, უელბეკი, პერესი).

იურგენ კლოპის "ლივერპული" ლონდონში ჩადის "კრისტალ პალასთან" სათამაშოდ. მერსისაიდელები დიდებულ ფორმაში არიან, მათ გერმანელ თავკაცს ყველა საჭირო ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" "ბარნლის" მასპინძლობს. "ოლდ ტრაფორდზე" იმედოვნებენ, რომ სამტურიანი მოუგებელი სერია "ეშმაკებისთვის" მეტად აღარ გაგრძელდება.

Sportall.Ge

ლა ლიგა: ვისაც მე არ ვუყვარვარ...
ჩემპიონატის ლიდერი "რეალი" ბასკეთში მიდის, ზინედინ ზიდანის გუნდმა ახლახან ქვეყნის თასის მატჩში "კულტურალ ლეონესას" საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა (7:1 მოუგო).

ფრანგმა სამეფო თასზე ძირითადად ის ხალხი ათამაშა, ვინც ვერ ხვდება სასტარტო 11-ეულში (პეპე, კარვახალი და კროოსი იყვნენ გამონაკლისები). ასე რომ, შაბათს "სამეფო კლუბი" გადაღლილი ნამდვილად არ იქნება. მასპინძლებს იბაი გომესი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს - ტრავმირებული სერხიო რამოსი, კაზემირო და ლუკა მოდრიჩი. მთელი ყურადღება კრიშტიანო რონალდოსკენაა, პორტუგალიელი ვერაფრით ახერხებს გოლის გატანას და ცოტა არ იყოს, მოედანზე გაღიზიანებულად იქცევა. კომენტარებშიც ეტყობა, რომ რონი გაბრაზებულია:

"მე იმ ცუდ ხალხს, ვისაც არ ვუყვარვარ, მოტივაციისთვის ვიყენებ. სინამდვილეში მე ძალიან მჭირდება ეს ხალხი. მათ ვეზიზღები და სწორედ მათი დამსახურებაცაა, რომ ფეხბურთში ბევრს მივაღწიე".

"რეალის" მდევარი "სევილიაც" ქვეყნის ჩრდილოეთში მიდის და ასტურიულ "სპორტინგს" ხიხონში სტუმრობს.

"ბარსელონა" "კამპ ნოუზე" მიიღებს "გრანადას", რომლის პერსპექტივაც ამ გადასახედიდან შავ-ბნელად მოჩანს. ლუის ენრიკეს მეკარე სილესენი, ჟორდი ალბა და ჟერარდ პიკე დააკლდებიან.

დიეგო სიმეონეს ასეთი ცუდი სტარტი (მე-5 ადგილი, 18 ქულა) არასოდეს ჰქონია "ატლეტიკოში". "როხიბლანკოსაც" თითქოს, იოლი მატჩი ელის, მადრიდში სუსტი "მალაგა" ჩადის.

Sportall.Ge

სერია A: გონსალო იგუაინის სახელობის დუელი
მე-10 ტური წუხელ დასრულდა და შაბათს უკვე მე-11 ტურია, თანაც, როგორი თამაში - ტურინში ჩემპიონი "იუვენტუსი" მთავარ კონკურენტ "ნაპოლის" მასპინძლობს. პირველი, რაც გაგახსენდებათ ამ გუნდების დაპირისპირებისას, გონსალო იგუაინის ტრანსფერია.

"სან პაოლოს" ფანების საყვარელი ფეხბურთელი ივლისიდან შეიჯავრეს, მისი მაისურებით ტუალეტები მოწმინდეს, საჯაროდ დაწვეს და ასე შემდეგ... გონსალოს ახლა რა უჭირს, თამაში "იუვენტუს არენაზეა", აი, მეორე წრეში კი მას ჯოჯოხეთი ელის.

ჯორჯო კიელინიმ, რომელმაც ბოლო ტურში დუბლი შეასრულა, განაცხადა, რომ იგუაინი თავის გოლებს "ნაპოლისთვის" "ინახავს". ამიტომ არ გაუტანია ბოლო 4 მატჩში გოლი. "აღნიშნავს გონსალო თავის გოლს "ნაპოლის" წინააღმდეგ? სიმართლე გითხრათ, ეს უკვე აღარ მაინტერესებს, მთავარია, რომ ის გაიტანს გოლს", - განაცხადა კიელინიმ.

მეორეადგილოსანი "რომა" "ემპოლის" სტუმრობს, რომელიც საშინელ კრიზისშია, გუნდი 6 ქულით გასავარდნ ზონაშია და თან, "ემპოლის" ჩემპიონატის 10 მატჩში მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი. წინა ტურში ლევან მჭედლიძემ სეზონში პირველად ითამაშა გუნდის სასტარტოში. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: რა დროს "რეალია"
"დორტმუნდი" მხოლოდ მეექვსეა, "შალკეს" კი სულაც არ ეხუმრება - მე-14 ადგილზეა, მაგრამ ვის აინტერესებს სატურნირო მდგომარეობა, როცა რურის დერბია (გინდა, რევიერდერბი). ისტორიაში ეს რურის 149-ე დერბია, 58 "შალკემ" მოიგო, ხოლო 51 "დორტმუნდმა".

ბურთების სხვაობაც, ბუნებრივია, გელზენკირხენელთა მხარესაა. აი, მხოლოდ ბუნდესლიგის მატჩებში კი "დორტმუნდი" 32:30-ს უგებს "შალკეს". ამასობაში, სულ უფრო ხშირად წერენ, რომ მადრიდის "რეალს" "დორტმუნდის" თავკაცის, თომას ტუხელის წაყვანა სურს. ამის გამო ტუხელი ძალიან ბრაზდება, ასეთი ხმები მიმდინარე მოვლენებზე კონცენტრირებაში ხელს მიშლისო. "ეს ჩემთვის მავნებელია, უნდა ვიფიქრო "ბორუსიას" თამაშებზე და არა "რეალზე", - განაცხადა ტუხელმა.

ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი" "აუგსბურგს" სტუმრობს. სატურნირო თვალსაზრისით კი ყველაზე საინტერესო მატჩი "ჰოფენჰაიმსა" და ბერლინის "ჰერტას" შორისაა. დაუმარცხებელი "სოფლელები", რომლებიც მე-4 ადგილზე არიან, ერთი ქულით მეტის მომგროვებელ "ჰერტას" (მე-3 ადგილი) ზინჰაიმში მასპინძლობენ. არ დავივიწყოთ არც სეზონის მთავარი სენსაცია "ლაიპციგი", რომელიც მე-2 ადგილზეა. წაუგებელი "ლაიპციგი" "დარმშტადტს" ესტუმრება.

ლიგა 1: მარსელმა გაიღვიძა
"მარსელში" დიდი ცვლილებებია, ტრადიციული დუელის წინ ("ბორდოს" წინააღმდეგ) გამოცხადდა, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გახდება. შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც "მარსელს" რუდი გარსია წვრთნის. ამას ემატება ბაფეტიმბი გომისის უხვგოლიანობა... მოკლედ, "მარსელმა" გამოიღვიძა.

ჩემპიონატის ლიდერი "ნიცა" "ნანტს" მასპინძლობს, მისი მდევარი "მონაკო" ტურის ცენტრალურ მატჩში "სენტ ეტიენს" ესტუმრება, ხოლო "პარი სენ-ჟერმენი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლილს" ესტუმრება. უნაი ემერიმ ქულების კარგვის ლიმიტი, მგონი, ამოწურა.

ინგლისი. პრემიერლიგა. X ტური
შაბათი. 29 ოქტომბერი
სანდერლენდი-არსენალი 15:30
მანჩესტერი-ბარნლი 18:00
მიდლსბრო-ბორნმუთი 18:00
ტოტენჰემი-ლესტერი 18:00
უოტფორდი-ჰალი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-სიტი 18:00
კრ. პალასი-ლივერპული 20:30

კვირა. 30 ოქტომბერი
ევერტონი-ვესტ ჰემი 17:30
საუთჰემპტონი-ჩელსი 20:00

ორშაბათი. 31 ოქტომბერი
სტოკი-სუონსი 00:00

ბომბარდირები: 7 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 6 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 5 - სერხიო აგუერო (სიტი), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი).

დისკვალიფიკაცია: ჯაკა (არსენალი)

ესპანეთი. ლა ლიგა. X ტური
პარასკევი. 28 ოქტომბერი
ლეგანესი-სოსიედადი 22:45

შაბათი. 29 ოქტომბერი
სპორტინგი-სევილია 15:00
ალავესი-რეალი 18:15
ატლეტიკო-მალაგა 20:30
ბარსელონა-გრანადა 22:45

კვირა. 30 ოქტომბერი
ეიბარი-ვილიარეალი 15:00
ბილბაო-ოსასუნა 19:15
ბეტისი-ესპანიოლი 21:30
ლას პალმასი-სელტა 23:45

ორშაბათი. 31 ოქტომბერი
დეპორტივო-ვალენსია 23:45

ბომბარდირები: 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 6 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 5 - არიც ადურისი (ბილბაო), ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი).

დისკვალიფიკაცია: ლივაია (ლას პალმასი), კარვახალი (რეალი), ამორებიეტა (სპორტინგი).

იტალია. სერია A. X ტური
პალერმო-უდინეზე 1:3
გოლები: 1:0 ნესტეროვსკი (10), 1:1 ტერო (36), 1:2 ფოფანა (74), 1:3 ფოფანა (79)
პალერმო (4-2-3-1): პოსავეცი - რისპოლი, ციონეკი, გოლდანიგა, პეცელა (59. ჩოჩევი) - ჰილემარკი, გაცი (81. კუაიზონი) - ალესაამი, დიამანტი (60. სალაი), ემბალო - ნესტეროვსკი
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი, დანილო, ანჯელა, ფელიპე - ფოფანა, კუმსი (65. დე პაული), ალფრედსონი - მატოსი (54. ბადუ), ტერო (88. იანკტო), საპატა
გაძევება: სალაი (83)
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 7-9 (2-7); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 17 000

XI ტური
შაბათი. 29 ოქტომბერი
ბოლონია-ფიორენტინა 20:00
იუვენტუსი-ნაპოლი 22:45

კვირა. 30 ოქტომბერი
ატალანტა-ჯენოა 15:30
კროტონე-კიევო 18:00
ემპოლი-რომა 18:00
ლაციო-სასუოლო 18:00
მილანი-პესკარა 18:00
სამპდორია-ინტერი 23:45

ორშაბათი. 31 ოქტომბერი
უდინეზე-ტორინო 22:00
კალიარი-პალერმო 00:00

ბომბარდირები: 10 - ედინ ჯეკო (რომა); 8 - მაურო იკარდი (ინტერი), ჩირო იმობილე (ლაციო); 6 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ანდრეა ბელოტი (ტორინო).

დისკვალიფიკაცია: გაბიადინი (ნაპოლი), მედელი (ინტერი), მილიჩევიჩი (პესკარა).

გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური
პარასკევი. 28 ოქტომბერი
გლადბახი-აინტრახტი 22:30

შაბათი. 29 ოქტომბერი
მაინცი-ინგოლშტადტი 17:30
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 17:30
აუგსბურგი-ბაიერნი 17:30
ვერდერი-ფრაიბურგი 17:30
დარმშტადტი-ლაიპციგი 17:30
დორტმუნდი-შალკე 20:30

კვირა. 30 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-ჰერტა 18:30
კიოლნი-ჰამბურგი 20:30

ბომბარდირები: 8 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 7 - პიერ-ერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 6 - ვედად იბიშევიჩი (ჰერტა); 5 - ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

დისკვალიფიკაცია: ჰალიმი (მაინცი), ბრუმა (ვოლფსბურგი), კლებერი (ჰამბურგი), დიკმაიერი (ჰამბურგი), მორი (დორტმუნდი), შტოკერი (ჰერტა), ფოლანდი (ლევერკუზენი).

საფრანგეთი. ლიგა 1. XI ტური
პარასკევი. 28 ოქტომბერი
ლილი-პსჟ 22:45

შაბათი. 29 ოქტომბერი
ტულუზი-ლიონი 19:00
ნანსი-კაენი 22:00
სტ. ეტიენი-მონაკო 22:00
ლორიანი-მონპელიე 22:00
ბასტია-დიჟონი 22:00
გენგამი-ანჟერი 22:00

კვირა. 30 ოქტომბერი
ნიცა-ნანტი 18:00
რენი-მეცი 20:00
მარსელი-ბორდო 23:45

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 6 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი), მევლუთ ერდინჩი (მეცი), ალასან პლეა (ნიცა), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 5 - მარიო ბალოტელი (ნიცა), კაზიმირ ნინგა (მონპელიე), ლუკას მოურა (პსჟ).

დისკვალიფიკაცია: ჟანო (ლორიანი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული