"განსაკუთრებულის" ყველაზე მწარე მარცხები - შვიდი აფეთქებული ნაღმი მოურინიოსთვის

AutoSharing Option
"განსაკუთრებული" ბოლო დროს ძველებურად ვეღარ "განსაკუთრებულობს". ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა "მანჩესტერმა" მტკივნეულზე მტკივნეული მარცხი იწვნია "ჩელსისთან".

რა თქმა უნდა, პორტუგალიელი დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ მის კარიერაში ყოფილა დიდი ანგარიშით წაგებები. თამაშები, რომელთაც მოურინიო მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუ გაიხსენებს.

2006 წლის 11 თებერვალი, პრემიერლიგა
მიდლსბრო-ჩელსი 3:0
ამ შეხვედრაში "მიდლსბროს" უპირატესობა თავიდან ბოლომდე აშკარა იყო. მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს ფავორიტის კარში. ანგარიში "ბარსელონადან" ნაცნობმა ფაბიო როშენბაკმა გახსნა. ეს მატჩის დასაწყისში მოხდა.

პირველი ტაიმის ბოლოს დაუნინგმა "მიდლსბროს" უპირატესობა კიდევ უფრო ხელშესახები
გახადა. თამაშის დასრულებამდე 22 წუთით ადრე კი აიეგბენიმ ჟოზეს ბოლო ლურსმანი ჩააჭედა.

2009 წლის 4 მარტი, იტალიის თასი
სამპდორია-ინტერი 3:0
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მაშინდელი "ნერაძური" განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩეოდა. ეს შეხვედრა აშკარად გამონაკლისის ხასიათს ატარებდა. ანგარიში მატჩის დასაწყისში კასანომ გახსნა. ამის შემდეგ კი პაცინის ჯერი დადგა. მან ორჯერ აიღო "ინტერის" კარი.

2010 წლის 29 ნოემბერი, ლა ლიგა
ბარსელონა-რეალი 5:0
"ელ კლასიკო", რომელსაც პორტუგალიელი მწვრთნელი არასოდეს იხსენებს. "ბარსელონამ" წალეკა "სამეფო კლუბი", ესაპანურმა პრესამ კი ჟოზე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. თამაში თავიდანვე ძალიან ცუდად აეწყო "რეალისათვის". უკვე მეცხრე წუთზე ანგარიში ჩავიმ გახსნა. ამის შემდეგ "რეალის" კარში გოლები პედრომ, ვილიამ (2) და ხეფრენმა გაიტანეს.

2013 წლის 24 აპრილი, ჩემპიონთა ლიგა
დორტმუნდი-რეალი 4:1
"დღეს ჩვენ ძალიან მწარე სილა გაგვაწნეს", - თქვა ამ მატჩის შემდეგ მოურინიომ. ეს შეხვედრა გერმანული კლუბის პოლონელი სუპერფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის ბენეფისად იქცა. მან ოთხჯერ აიღო "სამეფო კლუბის" კარი. "რეალმა" მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს მიერ გატანილი პრესტიჟის გოლით მოიფხანა გული.

2015 წლის 18 მაისი, პრემიერლიგა
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 3:0
ძალიან მოულოდნელი და უსიამოვნო მარცხი. მასპინძელთა შემადგენლობაში დიდებული მატჩი ჩაატარა იმ დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სადიო ბერაჰინომ. მისი შეჩერება "ჩელსის" მცველებმა ვერაფრით მოახერხეს. ერთი გოლი "არისტოკრატთა" კარში ბრანტმა გაიტანა. "ჩელსის" რამდენიმე მომენტი კი ჰქონდა, მაგრამ სტუმრებმა გატანა ვერ მოახერხეს.

2015 წლის 16 აგვისტო, პრემიერლიგა
მანჩესტერ სიტი-ჩელსი 3:0
ამ შეხვედრაში ინგლისური პრემიერლიგის გურმანები დიდ ბრძოლას ელოდნენ. ბრძოლა არ შედგა. "მანჩესტერ სიტის" უპირატესობა აშკარა იყო და ის "ქალაქელების" მიერ გატანილ სამ გოლში აისახა. ამ შეხვედრაში ანგარიში სერხიო აგერომ გახსნა. დაწინაურებულ "სიტის" მოწინააღმდეგის კარზე წნეხი არ შეუწყვეტია. კომპანიმ და ფერნანდინიომ ანგარიშს საბოლოო სახე მისცეს.

2016 წლის 23 ოქტომბერი, პრემიერლიგა
ჩელსი-მანჩესტერი 4:0
ზემტკივნეული მარცხი ყოფილ კლუბთან, რომელსაც მოურინიო მართლაც ვერასოდეს დაივიწყებს. ეს შეხვედრა სულ ახლახან გაიმართა და გულშემატკივარს ძალიან კარგად ახსოვს მისი დეტალები. მთელი მატჩის განმავლობაში "ჩელსიმ" პრინციპული მოწინააღმდეგე უბრალოდ "შეჭამა". ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა პედრომ.

"არისტოკრატები" ამაზე როდი შეჩერდნენ - "იუნაიტედის" კარის ბადე კეჰილმა, აზარმა და კანტემ შეარხიეს. შეხვედრა ისე ჩათავდა, რომ "იუნაიტედს" გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი საერთოდ არ ჰქონია.

"ჩემთვის მარცხი არასოდეს არის ტრაგედია. მე მათ ვაანალიზებ და უკეთესი ვხდები. შეცდომა რომ არ იყოს, გნებავთ, მწვრთნელის და გნებავთ, ფეხბურთელის მხრიდან, მაშინ თამაში ფეხბურთი საერთოდ არ იარსებებდა.

ეს გენიალური თამაში ხომ დიდწილად, შეცდომებზეა აგებული. მე არაერთი შეცდომა დამიშვია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, მაგრამ მომხდარიდან ყოველთვის გამომქონდა შესაბამისი დასკვნები და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი სიძლიერე.

მე თავს არასოდეს ჩავხრი და ბევრს ვიმუშავებ იმისათვის, რომ ხვალ უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს ვარ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის კრიზისი და ეს არავის უნდა გაუკვირდეს. წააგე დღეს იმისათვის, რათა მოიგო ხვალ - ესაა ჩემი მიდგომა და არ მგონია, ვცდებოდე", - ეს მოურინიოს სიტყვებია.
ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული