ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ნაკრებში თამაშობენ...

AutoSharing Option
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში უფრო ნაკრებში მისდით, ვიდრე კლუბში. დღევანდელი ჩვენი წერილი სწორედ მათ ეხება. მივყვეთ თანმიმდევრობით...

ორელენ ჟოაკიმი
(ლუქსემბურგი, "ლიერსი")
საფრანგეთის ნაკრებთან ნათამაშები ფრის შემდეგ ბელორუსის უპირველესი გუნდი პრესამ ცაში აიყვანა. სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბელორუსმა შინ ვერ შეძლო ლუქსემბურგის ნაკრების ძლევა.

ბელორუსები მინიმალური ანგარიშით უგებდნენ ათკაციან ლუქსემბურგს, როცა მატჩის მიწურულს ბელგიური "ლიერსის" (მეორე ლიგა) ფორვარდმა, 30 წლის ორელენ ჟოაკიმმა ანგარიში გაათანაბრა. კლუბში ამ ფეხბურთელს ივლისის შემდეგ არ გაუტანია და მყარი სათადარიგოა, ნაკრებში კი ბრწყინავს. ბოლო სამ
შესარჩევ მატჩში სამი გოლი შეაგდო. მათ შორის იყო დუბლი ბულგარეთთან.

ემირ სპაჰიჩი
(ბოსნია, "ჰამბურგი")
კლუბშიც და ნაკრებშიც ძირითადის ფეხბურთელია, ოღონდ სხვადასხვანაირად გამოიყურება. თუ კლუბში საიმედოობა მისგან შორსაა, ნაკრებში გაუვალ კედლად დგას. თუ არ ჩავთვლით ბელგიასთან კოშმარულ მატჩს, მას ვერავინ დასწამებს ცუდ თამაშს. ესტონეთს სულაც ორი გოლი გაუტანა, ბუნდესლიგაში კი საშინლად გამოიყურება. საკმარისია აღინიშნოს, რომ იმ ხუთ მატჩში, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო, "ჰამბურგს" ერთი ქულაც კი არ აუღია.

ფილიპ კოსტიჩი
(სერბეთი, "ჰამბურგი")
კოსტიჩმა სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ძალიან კარგად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. მან თითო გოლი გაიტანა ირლანდიისა და მოლდოვას ნაკრებების კარში. არადა, ბუნდესლიგის განვლილ ხუთ ტურში საერთოდ არაფერი გაუკეთებია, არც გოლი გაუტანია და არც შედეგიანი გადაცემა შეუსრულებია.

დუშან ტადიჩი
(სერბეთი, "საუთჰემპტონი")
სერბეთის ნაკრების შემტევი სამეული (ტადიჩი, მიტროვიჩი, კოსტიჩი) მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ბრწყინავს. სერბთა მიერ გატანილი რვა გოლიდან შვიდი სწორედ მათ ანგარიშზეა. ტადიჩის ანგარიშზე სამი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა. მან სერბეთის ნაკრების მიერ გატანილ ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერლიგაში კი დუშანი ვერ ბრწყინავს. ბოლო ტურში, "ლესტერთან", იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ ის თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შეცვალეს.

შეინ ლონგი
(ირლანდია, "საუთჰემპტონი")
ამ სეზონში "საუთჰემპტონის" შემადგენლობაში ერთი სრული მატჩიც კი არ ჩაუტარებია. "წმინდანების" შეტევაში ნათანიელ რედმონდი და ჩარლი ოსტინი გამოირჩევიან. ლონგს ირლანდიის ნაკრებიდან რობი კინის წასვლის შემდეგ ალტერნატივა არ ჰყავს. მისი გოლი და შედეგიანი გადაცემა ეროვნულ გუნდს ძალიან წაადგა.

ადამ სალაი
(უნგრეთი, "ჰოფენჰაიმი")
თავის დროზე "მაინცის" ლიდერი იყო ლუის ჰოლტბისთან და ანდრე შურლესთან ერთად. ამ დროისათვის კი "ჰოფენჰაიმში" მყარი სათადარიგოა. მიმდინარე სეზონში კლუბის შემადგენლობაში სულ 58 წუთი ითამაშა. მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. სამაგიეროდ, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სამი გოლი შეაგდო ამდენივე შეხვედრაში. ბალაშ ჯუჯაკის ჩავარდნის ფონზე ნაკრების უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა.

ფაბიან შერი
(შვეიცარია, "ჰოფენჰაიმი")
სალაისთან ერთად ზის "ჰოფეს" სათადარიგოთა სკამზე. შერმა სეზონის სტარტი ჩააგდო. იმ სამ შეხვედრაში, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, "ჰოფენჰაიმმა" შვიდი გოლი გაუშვა. ნაკრებში დაცვის უდავო ლიდერია. შვეიცარიამ სამ სანაკრებო მატჩში ამდენივე გოლი გაუშვა. ამ სამიდან ორჯერ შერი და მისი თანაგუნდელები ორჯერ სალაიმ დაამწუხრა.

ანდრეი იარმოლენკო
(უკრაინა, "დინამო")
ცოტა ხნის წინათ იარმოლენკომ ღიად განაცხადა, რომ კიევის "დინამოს" დატოვება და ძალების უფრო მაღალ დონეზე მოსინჯვა სურს. ტრანსფერი ჩაიშალა და კიეველთა ლიდერი გუნდს, სულ მცირე, ზამთრამდე შერჩა. ეს მის თამაშზე ნათლად აისახა. ჩემპიონატის პირველ ტურში იარმოლენკომ დუბლი მიითვალა, მას შემდეგ კი ღირებული არაფერი გაუკეთებია. ნაკრებში კი ანდრეი შეუჩერებელია. მან სამი გოლი შეაგდო სამ შეხვედრაში და ორი საგოლე პასი მიითვალა.

მარიო მანჯუკიჩი
(ხორვატია, "იუვენტუსი")
მარიოს გააქვს და გააქვს ბევრი. ასე იყო "ვოლფსბურგში", "ბაიერნსა" და "ატლეტიკოში". უკანასკნელ ორ შემთხვევაში ხორვატს გარჯა მაინცდამაინც არ დაუფასეს, თუმცა ეს მისი პრობლემა ნაკლებად არის. "იუვენტუსში" მეტწილად "ჯოკერის" ფუნქციას ასრულებს. ის ან დიბალას ცვლის, ან იგუაინს. მიმდინარე სეზონში "ბებერი ქალბატონის" რიგებში გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, კარგად მისდის საქმეები ნაკრებში. მან ჰეთ თრიკი შეუსრულა კოსოვოს და გამარჯვების გოლი შეუგდო ფინეთს.

სტევან იოვეტიჩი
(ჩერნოგორია, "ინტერი")
არნახულად ნიჭიერი ჩერნოგორიელი ჯერ ვერ ახერხებს გაცემული ავანსების გამართლებას. ის "ინტერის" სათადარიგოთა სკამზე ზის. ამ სეზონში მხოლოდ 35 წუთი ითამაშა. ეს ციფრი ყველაფერზე მეტყველებს. მონტენეგროს ნაკრებში კი ლიდერია და თავდასხმის შეუცვლელ დუეტს ქმნის ფატოშ ბეჩირაისთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული