კრიზისში - ხუთი კლუბი, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო

AutoSharing Option
დღევანდელ ჩვენს წერილში მოგითხრობთ იმ ხუთ კლუბზე, რომლებმაც სეზონი ცუდად დაიწყეს. ფინიშამდე ჯერ დიდი დროა და სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ სტარტი კარგი არ გამოვიდა.

ლესტერი
ინგლისის მოქმედ ჩემპიონს ისეთი დასაწყისი არ გამოუვიდა, როგორსაც მისგან ელოდნენ. საკმარისია აღინიშნოს, რომ "მელიებმა" პრემიერლიგის საწყის შვიდ ტურში ზუსტად იმდენი მატჩი წააგეს, რამდენიც მთელ გასულ პრემიერლიგაში.

არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ კლაუდიო რანიერის გუნდი ჩემპიონობას შეინარჩუნებდა, მაგრამ ასეთ დასაწყისსაც ბევრი არ ელოდა. ალბათ ბევრი რამ იმას უნდა დაბრალდეს, რომ "ლესტერი" ორ ფრონტზე იბრძვის და
ჩემპიონთა ლიგაზეც იცავს ინგლისის ღირსებას.

არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ის გარემოება, რომ სეზონთაშორის პერიოდში ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა დაკარგა საფრანგეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი კი მივიდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე მხოლოდ ალჟირელი ისლამ სლიმანი ამართლებს.
კლაუდიო რანიერის ოპტიმიზმის საფუძველს ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის კარგი თამაში აძლევს. მართალია, ჯგუფიც არაა რთული, მაგრამ მაინც.

ვესტ ჰემი
საკვირველია, მაგრამ ფაქტია: შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდი ინგლისის ჩემპიონატის მეთვრამეტე ადგილზეა. სხვა რომ არავინ ჩამოვთვალოთ, მხოლოდ დიმიტრი პაიეს დასახელება იკმარებს -ფეხბურთელისა, რომელიც გასულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო იყო.

ამტკიცებდნენ, რომ სეზონის დასაწყისში "ვესტ ჰემი" მატჩებს პაიეს ტრავმის გამო აგებდა, მაგრამ სიტუაცია არც მას შემდეგ იცვლება, რაც პაიე გამოჯანმრთელდა. გუნდში საქმეები ცუდად მიდის. დარენ რენდოლფი ალკოჰოლს მიეძალა და ეს პრესამ დააფიქსირა. "იუვენტუსიდან" მოსული სიმონე ძაძა საშინელ ფორმაშია...

"მე არ ვარ კმაყოფილი. არც - პაიე. მას უნდა, რომ მისი გუნდი ისევე ძლიერი იყოს, როგორც ნამდვილი გრანდები. ჩვენ ეს შეგვიძლია", - თქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა, ვისი სკამიც ძალიანაა შერყეული.

შალკე
გელზენკირხენულმა გუნდმა სეზონი კოშმარულად დაიწყო. გუნდმა ზედიზედ ხუთი შეხვედრა წააგო. ასეთი რამ "შალკეს" ერთადერთხელ მოუვიდა - 2010 წელს. მაშინ ფელიქს მაგათმა სასწრაფოდ დატოვა გუნდის თავკაცის პოსტი. არადა, ბუნდესლიგაში არადამაჯერებელი თამაშის მიუხედავად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

"ხუმარები" ახლაც კარგად თამაშობენ ევროპალიგაზე და, როგორც იქნა, ბუნდესლიგაშიც გამოიღვიძეს - შანსი არ დაუტოვეს "გლადბახს". "ამხელა ტვირთი არასოდეს მიზიდია. ასევე იყვნენ ფეხბურთელებიც. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გამარჯვების შემდეგ საქმეები კარგად წაგვივა", - თქვა გუნდის დამრიგებელმა მარკუს ვაინცირლმა. და მაინც, ამ დროისათვის ბუნდესლიგაში გუნდი მეთექვსმეტე ადგილზეა.

ვალენსია
"ღამურებს" პრიმერის სტარტი მართლაც რომ საშინელი გამოუვიდათ. პაკო ალკასერის ტრანსფერი "ბარსელონაში" "ვალენსიას" დღევანდელი ამბიციების სარკეა. გუნდის მთავარმა ბომბარდირმა მშვიდად გაცვალა ლიდერის სტატუსი "ბარსელონას" სათადარიგოობაზე.

გუნდისათვის უდიდესი დანაკლისი აღმოჩნდა ანდრე გომეში. ალკასერის დარად, იგი კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს. გუნდში მოვიდნენ კვალიფიციური ფეხბურთელები, მაგრამ ძირითადად ისეთები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ გრანდების ძირითადში. ამის ნათელი მაგალითია მუნირ ელ ჰადადის მოყვანა "ბარსელონადან".

პირველად, ბოლო წლის განმავლობაში, "ვალენსიას" ჰყავს კვალიფიციური მწვრთნელი. ესაა იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ჩეზარე პრანდელი. ის შეეცდება ფეხბურთელებს აუხსნას, რომ ისინი მინდორზე ფონს მხოლოდ ემოციით ვერ გავლენ.

პსჟ
საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი მესამე ადგილზეა შინაურ ჩემპიონატში. ბევრი გუნდისათვის ეს დიდი წარმატება იქნებოდა, მაგრამ არა პარიზელებისათვის. მათი ამბიცია ასეთია - ისინი სულ პირველ ადგილზე უნდა იყვნნენ.

მართალია, "სენ-ჟერმენი" დატოვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ამან გუნდი დაასუსტა, მაგრამ პარიზელებს მაინც არ უნდა გაუჭირდეთ საფრანგეთის პირველობაზე. არადა, გუნდმა უკვე ორი მატჩი წააგო.

ფრანგთა ესპანელი დამრიგებლის, უნაი ემერის თავზე შავი ღრუბლები მოგროვდაო, ამბობენ. ემერის ჯერ არავინ გაუშვებს, თუმცა ფაქტი ისაა, რომ პარიზული კლუბის არაბი მეპატრონეები ყოველთვის უმაღლეს შედეგს ითხოვენ.

"სენ-ჟერმენმა" აუცილებლად უნდა მოუმატოს. ეს ფანტასტიკის სფერო არ არის. გუნდში დიდი კლასია და ბოლოს და ბოლოს, ედინსონ კავანიც შეწყვეტს საგოლე მომენტების განიავებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული